კვირის დებიუტი:
„პესიმისტი, რომელსაც იმდენად სწყურია, რომ ჭიქა მთლიანად სავსეა და ოპტიმისტი, რომელიც სასაფლაოზე ჯვრების ნაცვლად პლუსებს ხედავს“ – ასე ახასიათებს თავს გაკრეჭილი (საუბარია ღიმილის მეტისმეტად მძიმე ფაზაზე და არა ვარცხნილობაზე) და ჩვენც გაღიმებისაკენ მოგვიწოდებს. მისი ახალი პოსტი არ მჯერა! კი დღევანდელ ურთიერთობათა სიყალბეს დიალოგების ფორმით, მარტივად გადმოგვცემს:
–მე შენ მიყვარხარ! (ასაკი 18, მამრობითი)
–გიყვარვარ თუ ჩემთან სექსი გინდა? (ასაკი 18, სქესი მდედრობითი)
მეორე ბლოგი, რომელზეც თქვენი ყურადღების შეჩერება გადავწყვიტე, უფრო „ეს სასარგებლოა“–ს კატეგორიას განეკუთვნება. აკაკი სანაძე წერს ყველაფერზე, რაც ინტერნეტში უგზოუკვლო ხეტიალისას ისეთივე საჭიროა, როგორც კომპასი – ამაზონის ჯუნგლებში. მოკლედ, ვისაც სხვადასხვა ტიპის ტუტორიალების ინგლისურად კითხვა ეზარება, შეუძლია საკუთარი სიზარმაცე ამ ბლოგის საშუალებით დასაბამშივე აღმოფხვრას.
კვირის ღშფოთვა:
„ჩვენი რეალობა, განსაკუთრებით კი მედია რეალობა პოლიტიკურ, სოციალურ და რელიგიური კონიუნქტურისა და კონფორმიზმის ბიურგერულ და მომხმარებლურ ტრანსში ყვინთავს“ – სანამ კითხვას შეწყვეტდეთ და საჩვენებელი თითის საფეთქელთან წრებრუნვას შეუდგებოდეთ, გეტყვით, რომ ეს სიტყვები რატი ამაღლობელს ეკუთვნის. „ცხელი შოკოლადის“ სარედაქციო წერილში გამოყენებულ ამგვარ ტერმინებს კი ლაშა ქავთარაძე „ლიტერატურულ SELFSUCKING“–ს უწოდებს და ამავე სახელის მქონე პოსტში რატის „სნობურ საქციელსაც“ აკრიტიკებს.
კრიტიკა კიდევ უფრო მძაფრდება ჩორვენის პოსტში „გაი*ვეს დაცვის ბიჭებმა“, რომლის სათაურში გამოტოვებული ასოსა და მისი კრიტიკის ობიექტის მიხვედრა, ალბათ არ უნდა გაგჭირდეთ. პოსტი ქალაქში არსებულ სკვერებში მომუშავე დაცვის ბიჭების მიერ „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას“ (ოფიციალურად თუ ვთარგმნით სათაურში ნახსენებ ზმნას) ეხება და როგორც ბებიაჩემი იტყოდა, „მათ თავზე დიდ ქოქოლას (ან, ქაქ–ოლას) აყრის“: „თუ მართლა არ შეიძლება ეგეთი რაღაც, მაშინ ან ამ დაცვის ბიჭებს ამოუბეჭდონ ეს წესები რომ მე და ჩემნაირებს ცხვირზე აგვაკრან და სალაპარაკოდ არ გავიხადონ ეს ყველაფერი, ან პარკში აბრები ჩამოკიდონ (რა გაუხდათ მილიონებს სისულელეებში ხარჯავს მერია და) ან ამ დაცვის ბიჭებს ცოტა კარგად აუხსნან რისი უფლება აქვთ და რისი არა, ან როგორ ესაუბრონ პარკის ვიზიტორებს.
“ბიბლუსის” ბლოგზე ერთ–ერთმა იუზერმა ასეთი კომენტარი დატოვა: “ძაან უცნაურია. “შაგრენი” და საერთოდ ბალზაკი უამრავჯერ შემხვედრია კაპიკებად მიწისქვეშა გადასასვლელებში და სხვა ადგილებზეც, მაგრამ რიგები იქ არ მინახავს. ამ ხალხს მართლა წიგნები უყვარს და არა ლიტერატურა” – დინამიტის ახალ პოსტში მოხვედრილი ეს ფრაზა თითქოს ხსნის კიდეც იმ მასობრივ დეფიციტს, რომელიც „სიცოცხლეში წასაკითხი 50 წიგნის“ გამოშვებას მოჰყვა. თუმცა, „მე კი წავიკითხავ 50 წიგნს, მაგრამ…“ უფრო მეტად სხვა პრობლემას ეხება და გაზეთებით მოვაჭრეების მიერ მცირე ტირაჟით სარგებლობის შესახებ გვამცნობს.
კვირის მსუბუქი ისტორიები:
„ამელი“ არ მაქვს ნანახი, მაგრამ ამას სულაც არ შეუშლია ხელი იმაში, სქოლიოზიანი ემბრიონის სამ ერთმანეთზე სულელურ, მაგრამ გენიალურ ამბავზე ეს ფილმი რომ გამხსენებოდა (ჯადოქარი არ ვარ, შინაარსი აქვთ მოყოლილი). სასიამოვნოდ წასაკითხი ისტორიებია, ყავას რომ დააყოლებ, ისეთი და თან ყურადღება იმ ცხოვრებისეულ დეტალებზეა გამახვილებული, ზოგი მთელი არსებობის მანძილზე რომ არ დააკვირდება: „თითქმის ვერასოდეს ვერ ვიგებ რას ლაპარაკობს ჩემი ოთხმოცდარაღაცაწლის ლექტორი მხოლოდ იმიტომ, რომ მთელი სამსაათიანი ლექციის განმავლობაში [თავმოხდილ] მარკერს ვუყურებ და ვფიქრობ: ”აი, ის ახლა დაშრება, მერე ამას რამის დაწერა მოუნდება დაფაზე და ვერაფერსაც ვერ დაწერს, იმიტომ რომ არ დააფარა ის ოხერი თავი”.
მსგავსი ისტორიების აღმოჩენა წითელ ბლოგზეცაა შესაძლებელი. როგორ დავაფრთხოთ გოგოები: ინტელექტუალები იცნობენ გოგოებს ნიკუშა მარქსის ერთგვარი რეცეპტია, რომელიც ბათუმში ყოფნისას (ამ შემთხვევაში) და ზოგადად ცხოვრებაშიც გოგოების გასაცნობად შეიძლება გამოიყენოთ. თუმცა, შედეგი (როგორც ყველაფერი ამ სამყაროში),მაინც გამართლებაზეა.
სახალისო პოსტი აღმოვაჩინე მთვარის კლუბშიც, სადაც Da-v-iD პოსტში SPAM, ანუ, რას გვიშვრება ეს მთავრობა ქართველი ერის ყველაფრით უკმაყოფილებაზე მიუთითებს და ამ უკმაყოფილებისთვის ცეცხლის შესანთებად, რამდენიმე უტრირებული მაგალითი მოაქვს:
პიაცაზე პლასიდო კი არა ეთერ კაკულია ყავდათ გადაცმული
მარინა ბერიძეც ამ მთავრობის მოგონილია. გინახავთ როდესმე ფეხზე დამდგარი? ვერც ნახავთ, იმიტომ რომ ამერიკელების გაკეთებული თოჯინაა და მაგიდის ქვემოდან მართავს ლევან წულაძე.
მათ კი ვისაც ხინკალი უყვარს (ანუ, ფაქტობრივად მთელ საქართველოს) შეუძლია მაღალი რადიაციის ზონაში შეიხედოს და ხინკლის ჭამისა თუ სახინკლეში გამეფებული სიტუაციის ჭეშმარიტი ანალიზი (რამდენადაც სიტყვა „ანალიზი“ შეიძლება სიტყვა „ხინკალს“ უკავშირდებოდეს) წაიკითხოს. DJ გუროს მიერ აღწერილი ხინკლის ჭამის პროცესი კარგი სტილით არის ნაწერი და ქართველების მიერ ამ საკვების კუჭისაკენ ტრანზიტს აბსოლუტური სიზუსტით ასახავს.
კვირის ტრადიციები:
„ბიტლზების“ ტრადიციული მოხსენიების გარეშე მიმოხილვა რომ უკვე თავის თავს აღარ დაემსგავსებოდა, ფაქტია. თუმცა, საქმე ამჯერად ჯონ ლენონს აღარ ეხება. Heltertheskelter-ის პოსტში ჩემი და პოლ მაკარტნის პირველი შეხვედრა „ბიტლომანი“ კუმირის კონცერტამდელ, საკონცერტო და პოსტკონცერტისეულ განცდებსა თუ ემოციებს ისე გადმოსცემს, რომ ნამდვილად სასიამოვნო წასაკითხია: „თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ ეს რა ნეტარებაა, როდესაც ცოტა მონგრეული ინგლისურით ვიღაც ბატონი გაუბნებათ: Thank You Sir! You have just bought a ticket for Sir Paul McCartney’s Concert! Wish you a nice evening!..გაიგეთ?! ბილეთი გაქვსო! და აბა შენ იცი! ისიამოვნეო! ისიამოვნეო!“
და, რა თქმა უნდა, ტრადიცია, რომლის შენარჩუნებაშიც ლაშარელა აქტიურად მეხმარება, ანუ, წერს ხშირად და ხშირად წერს კარგად. ამჯერად „Coming Out – ანუ, დედა მე გეი ვარ“–ზე შევჩერდები. არ გეტყვით „ეს ის არის თუ არა, რაც თქვენ გგონიათ“, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ბოლო დროს გამოსული ერთი კლიპის სცენარი ისე სახალისოდ არის გაშარჟებული, რომ მის წაკითხვას მაინც არ ინანებთ.
პ.ს: თუკი ვინმეს ინტერნეტსივრცეში კარგი ბლოგი გეგულებათ, კომენტარების სისტემის ჯადოსნური ძალის გამოყენება თავისუფლადაა შესაძლებელი.