8-9 ათასი კმ. სიგრძის ახალი მაგისტრალი არსებულ ინფრასტრუქტურას დაემატება და ახალ გზებს შექმნის იმ რეგიონებამდე, სადაც ინტერნეტ-პროვაიდერებს საკუთარი რესურსებით შესვლა ან არ შეუძლიათ, ან ძვირი უჯდებათ. როგორც “ოუფენ ნეტის” წარმომადგენლები აცხადებენ, ახალი მაგისტრალი რეგიონალურ ინტერნეტ-პროვაიდერებს მიწოდების ტარიფი გაუიაფებს. კომპანიის ხელმძღვანელის, ანა ნაკაშიძის თქმით, ინტერნეტიზაციის პროექტის სრულად დამთავრების შემდეგ ქვეყანაში ინტერნეტბაზარზე კონკურენციის გაზრდაა მოსალოდნელი.
“დღეს რეგიონებში ინტერნეტის მიწოდების ფასს ემატება ტრანსპორტირების თანხებიც. პროექტის დასრულების შემდეგ ახალი ინფრასტრუქტურის გამოყენების საშუალება ნებისმიერ ინტერნეტ-პროვაიდერს ექნება და მათ დამატებითი ტრასპორტირების ხარჯების ანაზღაურება არ დასჭირდებათ,” – აცხადებს ანა ნაკაშიძე.
ფართოზოლიანი ინტერნეტიზაციის განვითარების პროგრამას მიესალმებიან, თუმცა შესაძლო საფრთხეებზე საუბრობენ რეგიონული მცირე და საშუალო ინტერნეტ-პროვაიდერები. მათი წარმომადგენლების განცხადებით, იმ პრინციპით, რომლითაც “იუფენ ნეტი” ხელმძღვანელობს, ინტერნეტის ფასი არ შემცირდება.
“მსხვილი ინტერნეტ-პროვაიდერები ჩემს კომპანიას ინტერნეტს მაინც იმაზე 5-ჯერ ძვირად მიჰყიდის, ვიდრე ის რეალურად ღირს. არავითარი ტრაფიკი და ტრანსპორტირება არ უშლის ხელს ამ ფასის რეგულირებას,” – აცხადებს “გურიანეტის” წარმომადგენელი მალხაზ ჯეჯელავა.
საქართველოს ყოველ რეგიონში დაგეგმილია 8-9 დაშვების წერტილის შექმნა. რეგიონებში წერტილების შერჩევის პროცესი ოქტომბრიდან დაიწყო და ნოემბრის ბოლომდე დასრულდება. ნოემბერ-დეკემბერში კი გამოცხადდება ტენდერები პასიური, აქტიური ინფრასტრუქტურისა და მომსახურების შესასყიდად.
ინტერნეტ-პროვაიდერები კი აცხადებენ, რომ დაშვების წერტილების არსებობას აზრი არ აქვს, თუ შემდეგ მათ კაბელების რაოდენობასა და გაყვანისათვის შეზღუდვებს დაუწესებენ. როგორც Flynet-ის წარმომადგენელი, ავთანდილ ლომინაძე ამბობს, პროგრამის წარმატებით განხორციელება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ “იუფენ ნეტი” ინტერნეტბაზარზე მონოპოლიის თავიდან აცილებას შეძლებს.
“საინტერესო ის არის, რა ბერკეტებით აპირებენ მონოპოლიასთან ბრძოლას. თუ არსებობს რაიმე საშუალება, რომ თანაბარ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ ჩვენც და მსხვილი ინტერნეტ-პროვაიდერებიც. თუ დაშვების წერტილებზე შეზღუდვები დაწესდება კაბელების რაოდენობაზე, ან რომელიმე გამოსაყენებელი, არსებული ინფრასტრუქტურის მფლობელი უარს გვეტყვის კაბელების მათ საკუთრებაზე გატარებაზე, მაშინ რა აზრი აქვს დაშვების წერტილის არსებობას. მცირე პროვაიდერები მაინც ვერ გავიყვანთ ქსელებს უინტერნეტოდ დარჩენილ დასახლებებამდე,”- ამბობს ავთანდილ ლომინაძე.
პროვაიდერები მოითხოვენ გარანტიებს, რომ კონკურენციის გაფართოების საწინააღმდეგო მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ და ახალი ინფრასტრუქტურაც მსხვილი ინტერნეტ-პროვაიდერების საკუთრება არ გახდეს. “ოუფენ ნეტში” კი აცხადებენ, რომ ეს მათ კომპეტენციას სცდება და ინტერნეტბაზრის რეგულაცია კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის პრეროგატივაა.
მარეგულირებელი კომისიის, სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, მარიამ სულაბერიძე კი აცხადებს, რომ კომისიამ წელიწადზე მეტია განახლებული რეგულაციების შესამუშავებლად მოლაპარაკებებს აწარმოებს.
“სატელეკომუნიკაციო მიზნებისათვის გამოსაყენებელი ინფრასტრუქტურის რეგულირების საკითხებზე მუშაობს მარეგულირებელი კომისია. ასეთ ინფრასტრუქტურაში შედის ენერგოგადამცემი ხაზები, საკანალიზაციო ჭები. ამჟამად ასეთი რეგულაცია არ მოქმედებს და პროვაიდერსა და ინსფრასტრუქტურის მფლობელს შორის შეთანხმებების საფუძველზე ხდება ყველაფერი. უნდა შეიქმენას ერთიანი ფანჯრის სისტემა, სადაც მოხდება აკუმულირება ყველა ინფრასტრუქტურის, რაც სახელმწიფოში არსებობს და ნებართვების გაცემის პროცესი გამარტივდება,” – აცხადებს მარიამ სულაბერიძე.
კომისიის წარმომადგენელთა თქმით, ამ დროისათვის მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა “ოუფენ ნეტს”, ეკონომიკის სამინისტროსა და მარეგულირებელ კომისიას შორის.
არსებობს თუ არა საშიშროება, რომ “ოუფენ ნეტი” კერძო კომპანიად იქცეს? რეგიონული ინტერნეტ-პროვაიდერები შიშობენ, რომ გარკეული დროის შემდეგ “ოუფენ ნეტი” დამოუკიდებლად შეეცდება მომხმარებლისათვის ინტერნეტის მიწოდებას.
“თავის დროზე ზუსტად ასე დაიწყო “დელტა კომმაც” ოპერირება. ამბობდნენ, რომ მათი კაბელები ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომი იქნებოდა, მაგრამ ახლა თავად მიდის მომხმარებლად და მას არც ერთი მცირე თუ საშუალო პროვაიდერის დახმარება არ სჭირდება. ვინმეს შეუძლია მოგვცეს გარანტია, რომ ერთ დღეს “ოუფენ ნეტიც” არ გადაწყვეტს, რომ იქცეს კერძო კომპანიად და თავად არ გახდეს ჩვენი კონკურენტი?”- აცხადებს ნოე ახობაძე კომპანია “ლუკნეტიდან”.
ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები და თავად ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე ამ კითხვაზე მკაცრი უარით პასუხობენ რეგიონულ ინტერნეტ-პროვაიდერებს. როგორც ქაშიბაძე აცხადებს, პროექტი საქველმოქმედოა და სახელმწიფო კომპანიის სხვისთვის გადაცემას არ გეგმავს.
“ოუფენ ნეტი” კიდევ რამდენიმე შეხვედრის გამართვას გეგმავს. როგორც ანა ნაკაშიძე აცხადებს, სამუშაო შეხვედრებზე მოსმენილი შენიშვნების გათვალისწინება პროექტის უკეთ განხორციელებისათვის აუცილებელია და შეხვედრების მთავარ მიზანიც სწორედ ესაა.
მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს ა(ა)იპ “ოფენ ნეტი” და საკონსულტაციო კომპანია “დეტეკონი” ფონდ ”ქართუს” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ. პროექტი 2000-მდე დასახლებულ პუნქტს მოიცავს და მისი მიზანი ინტერნეტქსელების ისეთ დასახლებულ პუნქტებში განთავსებაა, სადაც ინტერნეტპროვაიდერებს დღეს საკუთარი სერვისის მიწოდება არ შეუძლიათ.