ტექნოლოგიები

„გოიმური“ სიმღერები, „გეიმერი“ ქვეყანა და „ნასკების“ პრობლემატიკა

26 სექტემბერი, 2010 • 2111
„გოიმური“ სიმღერები, „გეიმერი“ ქვეყანა და „ნასკების“ პრობლემატიკა

ხუთშაბათს, ჩვენი დარჩენილი (და “პროფილთან” სიამტკბილობაში გასატარებელი) მთელი ცხოვრების პირველი დღე დაიწყო. შესაბამისად, ძილისპირული გადაცემის კოკისპირულმა კრიტიკამ არც ამჯერად დაახანა.  პირველი დარტყმა იმიჯშეცვლილმა წამყვანმა ჰექსესგან   მიიღო, რომლის პოსტის სათაურიც – მაიკო, ხომ არ გწყინს?!”– “პროფილის” საკრალურ შეკითხვათა ავტორის ცნობისმოყვარეობის მორიგი ახირებიდან (“ხომ არ გწყინთ, როდესაც გეუბნებიან თქვენი სიმღერა გოიმურიაო?”) გამომდინარეობს. პოსტში კიდევ ერთხელ  არის განხილული ის კრიტერიუმები, რომელთა გამოც მავანთ  “facebook”-ზე ასათიანის პერსონის მიმართ სადისტური ზრახები ეღძვრებათ (“სეზონის დაწყებიდან მის დამთავრებამდე და დამთავრებიდან დაწყებამდე ჩახვეული მაგნიტოფონივით რომ ვიწყებთ და აღარ ვამთავრებთ მთელი ერი რომ გამარჯობათ-ს მაგივრად გამარჯობა უნდა ითქვას,  ადექი და თქვი შენც ეს გამარჯობა.  რა გახდა ეს თ” აუღებელი ციხე-სიმაგრე”).

გოიმისა და მაიას თემა (აქვე დავაზუსტებ რომ “და” კავშირი საკავშირებელ სიტყვებს ერთმანეთისგან მიჯნავს) ლაშარელას  ბლოგზეა გაგრძელებული. სათაური მეტად გემოვნებით-მუსიკალურია (მიმდინარეობაა ახალი) – გოი დო, გოი რე, გოი მი”  (“გოი мы”-ც შეეფერება ისე სიტუაციას). საკუთრივ პოსტში კი, “ტაშ ტაშ ტარამ ტარამ” თემატიკის განხილვის ფონზე, სადღეგრძელოსავით გაისმის ის ფრაზა, რომელსაც ხუთშაბათის შემდეგ ნახევარი თუ არა, მინიმუმ 1/4 თბილისი მაინც გაიძახის: “დაილოცოს ყველა წითელი კაბიდან ძალით გამოჩენილი ძუძუები…”

ბლოგერთა არმიის წინააღმდეგ გალაშქრება (ჰოლივუდური “შენ წადი, გადაცემა ჩაწერე, ამათ მე შევაჩერებ” პათოსით) ნიკო ნერგაძემ გადაწყვიტა. რადიო თავისუფლების ბლოგზე დაწერილ პოსტში  ნუ, შეეშვით მაია ასათიანს”  (ერთი შეხედვით უწყინარი, მაგრამ ბილწ-ალუზიურად მრავლისმთქმელი სათაურია) კიდევ ერთხელ არის გაქილიკებული ქართული რადიკალიზმი, მოტანილია “პროფილის” არსებობის გამამართლებელი არგუმენტები და ერთი–ორი გადაკრული სიტყვა (“მაია ასათიანი უწყინარია. მასზე თუ რამე კრიტიკულს იტყვი, სადღაც, გულის სიღრმეში, არ გეშინია, რომ მისი ქმარი გაბრაზდება და მეორე დღეს უცებ განყოფილებაში აღმოჩნდები”) ამ გადაცემის არაპირდაპირ კონკურენტზეცაა ნათქვამი. 

ვისაც ნიკო ნერგაძე ან “ჰოლივუდური” ფილმების გაშარჟება გიყვართ, მაიმუნების ბლოგზე   შესვლას ნამდვილად არ ინანებთ. ნუ, შეეშვით ნიკო ნერგაძეს” ზემოთხსენებული პოსტის ერთგვარი (თან ვგონებ, სახალისო) “რიმეიქია” და “მაიაზე დაწერილი დადებითი პოსტის გამო განრისხებული ადამიანებისაგან ნიკოს გადარჩენას” ისახავს მიზნად.

“პროფილის” თემაც რომ არა, ნიკომ ისედაც ისეთი “რევოლუციური ხერხი” გამოიგონა მამაკაცების ისტორიაში, რომ ჩემი აზრით, “ისტორიის სამუდამო მძევალი გახდა”: “ერთხელაც უნდა აიღო და გადაყარო ყველა წინდა. მერე იყიდო 20 ერთნაირი. ჰოდა, არასოდეს დაგჭირდება მათი დაწყვილება და ერთნაირების ძებნა ან რამე მაგდაგვარი. აიღებ ბრმად ორ ცალს და იცი, რომ ერთი ფერისაა. ჰა, როგორია?” (აპლოდისმენტები). გაგიკვირდებათ (ან, შეიძლება არც), მაგრამ წინდების თემა ბლოგოსფეროში აქტუალური მხოლოდ ნიკოსთან არ ყოფილა. დასტურად ჩეშირის კატის  ზღაპარი ნასკებზეც”  სრულიად საკმარისია. ავტორი “ჭეშმარიტ ნასკებზე” საწერად იმდენადაა მოტივირებული, რომ მათ წინდებისგან დასაბამშივე მიჯნავს: “ზღაპარი ნასკებზე. დიახ, ნასკებზე. ვისაც უნდა ზღაპარი წინდებზე – თვითონ დაწეროს. ეს ზღაპარი კი ერთმნიშვნელოვანდ ნასკებზეა…”. მეტად საინტერესო, სახალისო და “აი, ისეთი დასასრულის მქონე” პოსტია, გაღიმებულს რომ დაგტოვებს.

უპრიანი იქნება (წესით) ზღაპრიდან ერთ ზღაპრულ შემოთავაზებაზე თუ გადავინაცვლებთ. საუბარია, მთავრობის ახალ ინიციატივაზე, ანუ, როგორც უწინ “ტელემარკეტი” იტყოდა ხოლმე: “კომპიუტერებზე დღეში სულ რაღაც 1 ლარად”, რომლის დადებითი (ძირითადად) და უარყოფითი (გაკვრით) მხარეები კარგად არის განხილული Katiee-ს  ახალ პოსტში – კომპიუტერი ყველა ოჯახში”  (სათაურში არსებული მითითება ფასზე, ტავტოლოგიის საფრთხეს შეეწირა). კომპიუტერიზაციის მნიშვნელობის დასაბუთების შემდეგ Katiee  ითვალისწინებს რა ინტრიგანი ქართველის სკეპტიკურ ხასიათს, თავადვე დასძენს: “მათთვის, ვინც ჩათვლის, რომ ეს შესაძლოა დაკვეთილი ბლოგ-პოსტია, წინასწარ დავწერ, ზემოთ ზოგადად ხელისუფლება იმიტომ ვახსენე, რომ ისიც არ მახსოვს, ზუსტად რომელი სამინისტროს ღვაწლს უნდა მივათვალო ეს ამბავი, განათლების, თუ ეკონომიკის :)”

ხელისუფლების უახლეს ქმედებებზე კი რა შეიძლება გაგახსენდეს ადამიანს, თუ არა თბილისის ქუჩებიდან აორთქლებული ბუკინისტები. მათ, ვისაც ამ საკითხზე ცნობილ მწერალთა თუ საზოგადო მოღვაწეთა (რა პათეტიკური ტიტულია) მოსაზრების წაკითხვა არ ეზარება, არილის  ბლოგი პირდაპირი სამოთხე და მისწრებაა. ხოლო, ნაკლებ ბეჯითებისა და მცირე პოსტების მოყვარული ადამიანებისათვის ამ საკითხის სხვა პრობლემატური კუთხით დანახვა მკითხველის  თვალით უფრო უკეთესი იქნება.  გადაგდებული კრისტი და მანი – რა იყიდეს სანაცვლოდ?” ასევე ბუკინისტებზეა, მაგრამ მასში სულიერი და ფიზიკური საზრდოს დისბალანსზეა ლაპარაკი (ანუ, ეჭვქვეშ დგება ათ თეთრად გაყიდული აგათა კრისტით მიღებული სარგებელი) და თან, აზრი მოკლედ, სპარტული წესითაა გადმოცემული.

წინა კვირას მომხდარ სხვა მოვლენებს შორის გამორჩეული უნდა ყოფილიყო “მის საქართველო (?)”–ს კონკურსიც. თუმცა, ია კიწმარიშვილის ჰობიზე გამოთქმული აზრი მხოლოდ ბათუმურ დღიურებში  აღმოვაჩინე. “50 000 პირზე მომდგარი ნერწყვისათვის” ნერწყვის მოსადენ მიზეზ(ებ)ს ნაკლებად ეხება და ძირითადად, ბათუმის მერიის ბიუჯეტის (ისე, მავანს ნერწყვი ფულზეც კი შეიძლება მოადგეს) უთავბოლო გადანაწილების კრიტიკას ემსახურება.

ყველაფერი რუსულისადმი არსებული ზიზღის ფონზე მეტად დაბალანსებული პოსტი შეგიძლიათ ნახოთ დალიელას  ბლოგზე. Hello თუ Привет ?” სავარაუდოდ, დასაწყისში ნახსენები რადიკალიზმის წარმომადგენელთათვის არის განკუთვნილი: “მე თუ მძაგს რუსული პოლიტელიტა და ეს მართლაც ასეა! რატომ უნდა მეზიზღებოდეს რუსული კულტურა? სამზარეულო…ლიტერატურა და ასე შემდეგ? ყველაზე მაგრად სწორედ რუსული ლიტერატურა მომწონს,იმიტომ რომ ძალიან ძლიერია!”.  იმავე თემატიკაზე (მაგრამ სხვა კუთხით) საინტერესო მოსაზრება აქვს დღიურის ავტორს: “სასტიკად არ მომწონს, როცა ქართულ/ეროვნული ახალი ამბები რუსულ სიახლეებს მამცნობენ. ნუ აი არ მაინტერესებს, რამდენი სოფელი დაეწვათ, რამდენია რუსული რუბლის კურსი და რამდენი ყვითელი კალინით იმგზავრა პუტინმა. სულ ფეხებზე მკიდია მაგათი ეკონომიკა და პოლიტიკა. მართლა.” Dv0rsky საკუთარ პოსტში –  news about the news”  – ქართული ტელევიზიების საინფორმაციო პოლიტიკაზე “წუწუნებს” (“ცოტაოდენს ვიწუწუნებ, თუ შეიძლება”) და მის “ეგზოტიკურ ალტერნატივას” გვთავაზობს.

ბოლოს კი, ანინა – ბლოგერი, რომელიც წერს კარგად (როგორც წესი), წერს თემებზე, რომელთაც მავანი “ისეთ თემებს” უწოდებს, იყენებს სიტყვებს (იგივე მავანი იმავენაირად რომ დაახასიათებს), მაგრამ ეს ყველაფერი ხელოვნური (როგორც ამ ტიპის ნაწერებს სჩვევია) და გამაღიზიანებელი სულაც არ არის. მისი ახალი პოსტი  “იძლევა”  ამგვარი სტილის ერთ–ერთი თვალ–ყურ–საჩინო მაგალითია, სადაც ერთი ოდესღაც უწყინარი და მოგვიანებით ცნობიერების მიერ წაბილწული ზმნის განხილვით,  ენაში ჩაბუდებული ქართული ხასიათია მხილებული: “თუ ამ სიტყვას კიდევ უფრო ჩავუღმავდებით, მივხვდებით, რომ ქართველი ბიჭები სექსს ორმხრივ პროცესად არ აღიქვამენ და სექსთან დაკავშირებული ტერმინოლოგიაც მხოლოდ ამაზე მიგვითითებს…”

თუკი, ანინას დავესესხები, ჩემს ხელთ არსებული ბლოგორესურსიც (ახალი სიტყვაა) მეტის დაწერის საშუალებას აღარ იძლევა, ამიტომ როგორც “კურიერის” წამყვანები იტყოდნენ: დღეისათვის სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე!”

მასალების გადაბეჭდვის წესი