ტექნოლოგიები

AT&T iPhone 4-ის წინასწარი შეკვეთების მიღებას წყვეტს

18 ივნისი, 2010 • • 1322
AT&T iPhone 4-ის წინასწარი შეკვეთების მიღებას წყვეტს

AT&T -მ (American Telephone & Telegraph Company) 16 ივნისიდან iPhone 4-ის წინასწარი შეკვეთების მიღება შეწყვიტა, რის მიზეზადაც ახალ პროდუქტზე 10-ჯერ გაზრდილი მოთხოვნა დაასახელა. ამას გარდა, აღმოჩნდა, რომ მომხმარებლების საკრედიტო ბარათების ინფორმაცია და გაგზავნის მისამართები AT&T -ს საიტის მომხმარებლის მონაცემებს არ ემთხვეოდა.

”უპრეცედენტო მოთხოვნისა და ჩვენი წინასწარი პროგნოზების გათვალისწინებით, შეკვეთებს ვწყვეტთ, რათა ის მომხმარებლები დავაკმაყოფილოთ, რომელთა განაცხადებიც უკვე მივიღეთ, – აღნიშნეს კომპანიის წარმომადგენლებმა ოთხშაბათს, – შეკვეთებს დამატებითი აპარატების გამოშვების შემდეგ განვაახლებთ. მოთხოვნის გარდა, AT&T-ს ვებ გვერდი, სადაც მომხმარებელს პროდუქციის შეძენის საშუალება ჰქონდა, 13 მილიონმა ადამიანმა მოინახულა, რაც წინა რეკორდს, დაახლოებით, 3-ჯერ აღემატება”.

16 ივნისს, დილით, ღილაკი “Pre-order Now”-ს დაწკაპუნების შემთხვევაში ვებ-გვერზე ყოველგვარი დამატებითი ახსნა-განმარტების გარეშე ჩნდებოდა შეტყობინება – “Pre-orders for iPhone temporarily suspended.” (”iPhone-ის წინასწარი შეკვეთები შეჩერებულია”)

ათჯერ გაზრდილი მოთხოვნა დაფიქსირდა გერმანიაშიც, სადაც iPhone 4-ის შეკვეთებმა 2009 წელს iPhone 3GS-ს შედეგს საგრძნობლად გადააჭარბა.

ზოგი მომხმარებელი, რომელმაც პროდუქტის შეძენა AT&T’s-ს ვებგვერდის საშუალებით მოინდომა, საიტმა iPhone 4-ის შეძენის წინასწარი ინფორმაციისა და iPhone 3GS-ს ფასების გვერდზე დააბრუნა, სადაც 16GB iPhone 3GS 149 დოლარი ღირდა, 32GB მოდელი – 199 დოლარი. iPhone 3G-ს ფასი კი 99 დოლარი იყო, ამას გარდა, ვებ გვერდზე სამივე მოდელზე 2-წლიანი კონტრაქტის გაფორმების აუცილებლობა იყო მინიშნებული.

AT&T-მ iPhone 4-ის ყველა აპარატი სამშაბათსვე გაყიდა, ანუ პროდუქტის ოფიციალურ პრემიერამდე ერთი კვირით ადრე, წინასწარი შეკვეთების გახსნის პირველივე დღეს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს ისტორიაში ყველაზე აქტიური ონლაინ გაყიდვა იყო, რომელმაც iPhone 3GS-ის შედეგს ათჯერ გადააჭარბა. ახალი შეკვეთები 25 ივნისს ან მოგვიანებით დაკმაყოფილდება.

აიფონის ოფიციალური დისტრიბუცია საქართველოში

საქართველოში აიფონის დისტრიბუციას რამდენიმე კომპანია ახორციელებს, თუმცა არალეგალურად, რადგან ეფლის პოლიტიკის თანახმად, აიფონის რეალიზაციის უფლება მხოლოდ ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიას აქვს. ასეთი აშშ-ში ამერიკის ტელეფონისა და ტელეგრაფის კომპანიაა (AT&T), რომელიც გაყიდვების ექსკლუზიურ უფლებას 2011 წლის ბოლომდე ფლობს.

საქართველოში რეალიზებული პროდუქცია ძირითადად ”გატეხილია”, რისთვისაც ე.წ. ჯეილბრეიქი (Jailbreak) გამოიყენება. პროცესი iPhone/iPod Touch/iPad-ის განბლოკვას, შესაბამისად ლოკალურ სტანდარტებზე მორგებას უზრუნველყოფს და მეკობრული პროგრამების ინსტალაციას ხდის შესაძლებელს.

”ჯეილბრეიქინგის” ლეგალურობის საკითხი კვლავინდებურად ბუნდოვანი რჩება. 2009 წელს არაკომერციულმა ორგანიზაცია Electronic Frontier Foundation-მა ამერიკის საავტორო უფლებების რეგისტრაციის ბიუროში შეიტანა განაცხადი, რომელშიც ”აიფონებიდან” ბლოკირების მოხსნის ფართოდ გავრცელებული პრაქტიკის (jailbreaking) ლეგალიზაციას ითხოვდა. Apple-ი ამ მოთხოვნას შეეწინააღმდეგა. კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ ”ჯეილბრეიქინგი” საავტორო უფლებების შელახვაა და ამერიკული საავტორო უფლებების კანონმდებლობის (The Digital Millennium Copyright Act of 1998) შესაბამისად უნდა ისჯებოდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, 2010 წლის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

”ჯეოსელის” საზოგადოებათან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ირმა ცქიტიშვილის განცხადებით აიფონის ოფიციალური დისტრიბუცია გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილება, კონკრეტული ვადები კი უცნობია.

”ჯეოსელის” 58.55%-იანი წილის მფლობელი ფინურ-შვედური ”თელიასონერა” ეპლის პროდუქციის რეალიზაციას სკანდინავიასა და ბალტიისპირეთში 2009 წლის ბოლოდან აწარმოებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი