საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ახალი კომპიუტერული ვირუსი, სახელწოდებით Gauss, შესაძლოა თვალყურს ადევნებდეს ფინანსურ გადარიცხვებს, მიმოწერებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ელექტრონულ გზავნილებსა და სხვადასხვა ინტერნეტ აქტივობებს.
„კასპერსკის“ წარმომადგენლების თქმით, ახალი ვირუსი შესაძლოა იმავე ლაბორატორიაში იყოს დამზადებული, სადაც ვირუსი Stuxnet, რომელსაც, „როიტერის“ ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი ირანის ატომური პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიღებისათვის იყენებდნენ.
„როიტერის“ ინფორმაციით, „კასპერსკიმ“ აღმოაჩინა, რომ ახალი ვირუსი ლიბანის, ისრაელისა და პალესტინის ტერიტორიებზე პერსონალურ კომპიუტერებში გავრცელდა. კომპანიამ ვერ დაასახელა ის, თუ ვინ დგას ვირუსის უკან, თუმცა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალი ვირუსი კავშირშია არა მარტო Stuxnet-თან, არამედ კიდევ ორ კიბერ ჯაშუშურ ხელსაწყოსთან, როგორებიცაა Flame და Duqu.
„Stuxnet-ზე, Duqu-სა და Flame-ზე დაკვირვებით, ჩვენ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ახალი ვირუსი, სახელწოდებით Gauss იგივე ლაბორატორიისა თუ ლაბორატორიების დამზადებულია, სადაც ზემოთ აღნიშნული ვირუსები შეიქმნა,“ – ნათქვამია „კასპერსკის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც მათ საიტზე დევს.
„კასპერსკის“ ლაბორატორიის აღმოჩენები ბოლო პერიოდში ხელს უწყობს ისედაც მზარდი საერთაშორისო დებატების გაღვივებას, კიბერ ჯაშუშური იარაღების შესახებ. ეს დებატები მაისში „კასპერსკის“ მიერ Flame-ის აღმოჩენით დაიწყო.
„როიტერის“ ინფორმაციით, ვაშინგტონმა უარი თქვა, კომენტარი გაეკეთებინა იმაზე, არის თუ არა Stuxnet მასთან კავშირში.
„კასპერსკის“ ლაბორატორიის ცნობით, Gauss-ს შეუძლია ინეტნეტში მოიპაროს სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია, როგორიცაა, მაგალითად: საიტების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ახლო აღმოსავლეთის საბანკო სისტემაში შეღწევა და სოციალური საიტებიდან ინფორმაციის მოპარვაც.