ტექნოლოგიები

ქართული “ტაბლეტი”

3 აპრილი, 2012 • 1222
ქართული “ტაბლეტი”

კომპანია “ალგორითმმა” პირველი ქართული “ტაბლეტი” გამოუშვა, რომელის 600 ლარი ეღირება.  კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახალი პროდუქტი ნებისმიერი მომხმარებლისთვის არის განკუთვნილი.

 7– დიუმიანი ეკრანი, 4 –გეგაბაიტიანი შიდა და 512– მეგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, და “ანდროიდის”ოპერაციულ სისტემა   – ეს არის მახასიათებლები, რომლებმაც უკვე გამოიწვია პოტენციური მყიდველების საკმაოდ ნეგატიური შეფასებები.

ფორუმებსა და ინტერნეტსივრცეში მომხმარებლები უკვე ალაპარაკდნენ იმაზე, რომ ქართული პროდუქტს  გაუჭირდება, კონკურენცია გაუწიოს სხვა, უკვე ცნობილი ბრენდების ამავე ან უკეთესი მონაცემების მქონე სხვა პლანშეტებს, რომლებიც,  გარდა გამოცდილი ხარისხისა, უფრო დაბალი ფასითაცაა მიმზიდველი. აქვე გამოთქვამენ ვარაუდს იმის შესახებ, რომ “ალგორითმის” პლანშეტების შეძენა, სავარაუდოდ, საჯარო სექტორის წარმამადგენლებს ან სკოლებს მოუწევთ.

ქართული პლანშეტების მწარმოებელი კომპანია “ალგორითმი”  ქართულ ბაზარზე 1989 წლიდან მოღვაწეობს. მის ძირითად  საქმიანობას თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების საქართველოში იმპორტი, დისტრიბუცია და IT პროდუქციის წარმოება შეადგენდა  ბოლო  პერიოდამდე, სანამ  აქტიურად ჩაებებოდა კომპიუტერული ტექნიკის წარმოების საქმეში.

“ალგორითმის” კომპიუტერული ტექნიკის საწარმოს გახსნას გასულ წელს  ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. საწარმომ გახსნისთანავე განახორციელა განათლების და მეცნიერების სამინისტროს პროექტი – “პრეზიდენტის საჩუქარი ყველა პირველკლასელს” და უმოკლეს ვადაში ააწყო 60 000 ნეთბუქი.

სამომავლოდ კომპანია გეგმავს, გაცდეს საქართველოს ფარგლებს და საკუთარი პროდუქცია გაიტანოს საზღვარგარეთ. თუმცა აქ კიდევ ერთხელ ჩნდება კითხვა იმის შესახებ, რამდენად შეძლებს ქართული პროდუქცია კონკურენტუნარიანი იყოს მსოფლიო ბაზარზე.

მანამდე კი, რაც შეეხება ზოგადად პლანშეტებს, ისინი ჯერ კიდევ ვერ უწევენ კონკურენციას ლეპტოპებს, მაგრამ გარკვეული პროგნოზების მიხედვით, მომავალი სწორედ მათი ეკუთვნის მოხერხებული ზომის, მულტიფუნქციურობისა და ადვილად მოხმარებადობის გამო.   DisplaySearch–ის ანალიტიკოსების პროგნოზით, 2014 წლისთვის მობილური კომპიუტერების ბაზარზე პლანშეტების წილი 35 %-ით გაიზრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი