ტექნოლოგიები

“დავარცხნილი რეალობა” ქართველი ბლოგერებისთვის

30 იანვარი, 2012 • 1967
“დავარცხნილი რეალობა” ქართველი ბლოგერებისთვის

ბოლო დროს ქართველ ბლოგერებს ხშირად იწვევენ კერძო კომპანიები თუ სახელმწიფო სტრუქტურები სხვადასხვა შეხვედრებსა თუ გასვლით ტურებზე.

უკანასკნელი გახმაურებული შეხვედრა გარემოს დაცვის მინისტრის, გოგა ხაჩიძისა და ბლოგერების გასვლითი ტური იყო ბორჯომ–ხარაგაულის ტყე–პარკის დასათვალიერებლად, სადაც ბლოგერებს გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით კითხვების დასმის საშუალებაც მიეცათ.

ხდება თუ არა ბლოგერების მიწვევა მხოლოდ იმისთვის, რომ ონლაინ–სივრცეში დადებითი ხასიათის პოსტები დაიწეროს და რამდენადაა მიღებული მსგავსი ტენდენცია საზღვარგარეთ. ბლოგერი გიგა პაიჭაძე თვლის, რომ ეს მხოლოდ ქართული ფენომენი არაა:

“ზოგადად, ამაში ცუდი არაფერი არ არის. იგივე ბორჯომ–ხარაგაულის ტყე–პარკი რომ ავიღოთ, აქ ტურისტული ზონის მოსაწყობად თავის დროზე ძალიან დიდი ფული დაიხარჯა, გაკეთდა საინფორმაციო ცენტრი, მაგრამ ეს ის ადგილია, სადაც ხალხი არც თუ ისე ხშირად ჩადის და ვინაიდან ბლოგერებიც ის ხალხია, ვინც ინფორმაციას ავრცელებს, ჩვეულებრივი და მიღებული ხერხია, რომ მიიწვიო და გააცნო ეს ყველაფერი”, – ამბობს გიგა პაიჭაძე. მისივე თქმით, უფრო მეტადაა გამართლებული, როცა მსგავს ღონისძიებას კერძო კომპანია აწყობს, იმისთვის, რომ მის ბრენდზე ან პროდუქტზე ილაპარაკონ.

გიგა პაიჭაძე ამბობს, რომ ხშირი და მიღებულია ისიც, როცა ბლოგერს პოსტის დაწერისთვის ფული უხადონ, თუმცა მსგავსი შეხვედრები ყოველგვარი ფინანური დაინტერესების გარეშე ხდება. მიუხედავად ამისა, ბლოგერებმა პოსტის დაწერამდე რამდენიმე რამ უნდა გაითვალისწინონ:

“რა თქმა უნდა, ფულის აღებას და ისე წერას ბევრს ურჩევნია, ასეთ შეხვედრაზე მივიდეს, თავისი თვალით ნახოს და თუ მოეწონება, დაწეროს პოსტი, თუ არ მოეწონება, საერთოდ არაფერი დაწეროს, მაგრამ ბლოგერებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ასეთ შეხვედრაზე ორგანიზატორი საკუთარ თავს ყოველთვის საუკეთესო მხრიდან განახებს”.

სწორედ იმიტომ, რომ ასეთ ღონისძიებებზე მხოლოდ “დავარცხნილი რეალობის” წარმოჩენა ხდება, ზვიად ქორიძე თვლის, რომ ბლოგერები ნებით თუ უნებლიეთ იმ ინტერესების გამტარებლები ხდებიან, რაც მათგან სურთ:

“ბლოგერი პერსონაა, ვისაც აქვს სურვილი, რომ მიიღოს რაღაც ინფორმაცია და მიაწოდოს საზოგადოებას, თუმცა ხშირად ისინი სხვისი ინტერესების გამტარებლები ხდებიან. თუკი გინდა დაწერო ბორჯომ–ხარაგაულის ტყე–პარკზე, შეგიძლია წახვიდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით, შენ თვითონ მოძებნო, ნახო და ეს დაწერო. ჩემი აზრით, ეს უფრო აინტერესებთ მოქალაქეებს, ვიდრე გოგა ხაჩიძის თვალით დანახული ტყე–პარკი. როცა ყველამ იცის, იქ როდის უნდა ჩავიდეს მინისტრი და იქ სრული იდილია სუფევს.”

თუმცა ბლოგერი ნათია დემეტრაშვილი თვლის, რომ ასეთი ტურის საკუთარი ძალებით ორგანიზებას დიდი დრო და, რაც მთავარია, ფინანსები სჭირდება:

“როდესაც გარემოს მინისტრი გთავაზობს, წამოდით და დამისვით რა კითხვაც გინდათ და მე ყველაფერზე გიპასუხებთო, რატომაც არა? არც ერთი სიტყვა არ ყოფილა იმაზე, რომ ეს უნდა დაწერილიყო და როცა კითხვები გაქვს, პასუხის მოსმენა პირდაპირ გოგასგან, ჩემი აზრით, ძალიან კარგი ნაბიჯია.”

ბლოგერი სალომე ბარკერი, რომელიც შეხვედრის ერთ–ერთი ორგანიზატორიც იყო, არ თვლის, რომ ასეთი შეხვედრების შემდეგ მხოლოდ დადებითი პოსტები იწერება:

“ჩვენთანაც ბევრი მაინც გამოჩხრეკდა რაღაცას, რაც არ მოეწონებოდა და აუცილებლად დაწერს ამაზე. ამიტომაც შედგა ეს შეხვედრა, რომ გაგვეგო, რატომ არ ან ვერ წესრიგდება რაღაც საკითხები.”

თუმცა როგორც გიგა პაიჭაძე ამბობს, ხშირად საქართველოში აქცენტების დასმა არასწორად ხდება, ისევე, როგორც ამ შემთხვევაში მოხდა:

“სამწუხაროდ, საზოგადოების პრობლემაა ის, რომ ადამიანები ხაჩიძეზე უფრო მეტს ლაპარაკობდნენ, ვიდრე ბორჯომ–ხარაგაულის ტყე პარკზე”.

ბლოგერების ბოლო შეხვედრიდან ყველაზე დიდი გამოხმაურება მართლაც მინისტრის ვიდეოს მოჰყვა. ვიდეოს განხილვისას დადებითთან ერთად უამრავი ურყოფითი კომენტარიც დაიწერა.

“პოსტის დაწერა გადაწყვეტილი მქონდა, ოღონდ სხვა კუთხით, მაგრამ როცა ვიდეოს კომენტარები ვნახე, გადავიფიქრე, სულ დამავიწყდა, როგორი ლამაზი ბუნებაა ბორჯომში”, – ამბობს ერთ–ერთ ბლოგერი ნათ ნოუაიდიაზ, რომლის პოსტი, ისევე როგორც შეხვედრის შესახებ დაწერილი სხვა პოსტების უმეტესი ნაწილიც, სწორედ ამ ვიდეოს მიეძღვნა.

ზვიად ქორიძე თვლის, რომ მიუხედავად იმისა, რას დაწერენ ბლოგერები, მათ ამ სტატუსს არავინ ჩამოართმევს, თუმცა როცა ბლოგერი ხელისუფლების ან ნებისმიერი კომპანიის იდეების გამტარებელი ხდება და მუდმივად ასეთი ღონისძიებების შესახებ წერს, მათი ბლოგის რეიტინგს ისედაც დაეტყობა. გადაწყვეტილება ყველამ იქიდან გამომდინარე უნდა მიიღოს, თუ როგორ წარმოუდგენია ბლოგერის ფუნქცია. ბლოგერები კი საკუთარ ფუნქციად მიიჩნევენ იმას, რომ “წერონ, რაც უნდათ, რაზეც უნდათ, იყვნენ სუბიექტურები და გულწრფელები მკითხველთან, რადგან ბლოგერობა პროფესია არაა და სწორედ ამით განსხვავდებიან ბლოგერები ჟურნალისტებისგან.”

მასალების გადაბეჭდვის წესი