ტექნოლოგიები

პირადი ინფორმაცია და ცვლილებები ფეისბუქზე

28 სექტემბერი, 2011 • 2928
პირადი ინფორმაცია და ცვლილებები ფეისბუქზე

სოციალურ ქსელ «ფეისბუქზე» განხორციელებული ცვლილების შედეგად პირად ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა. განახლებულმა პროფილმა (ტაიმლაინმა) პირველ დღეებში ბევრის მოწონება დაიმსახურა.

ტაიმლაინზე მომხმარებლის თითქმის ყველა აქტივობაა განლაგებული, წლების მიხედვით. იგი სოციალური ქსელის წევრის ფეისბუქზე დარეგისტრირებიდან დღემდე განხორციელებული აქტივობის შესახებ ინფორმაციის ერთ გვერდზე მიღების საშუალებას იძლევა.

პროფილის განახლებისას ზოგიერთი მომხმარებლის დახურულ ჯგუფებში განთავსებული ფოტოები (თავის კომენტარებიანად) ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. თუმცა მოგვიანებით ეს ხარვეზი გამოსწორდა. სოციალური მედიის ექსპერტის, გიგა პაიჭაძის, თქმით, ეს არაა ტაიმლაინის ერთადერთი პრობლემა:

«ყველას შეუძლია წლების მიხედვით ნახოს შენი აქტივობები. ხელმისაწვდომი გახადეს თითქმის ყველა ის ინფორმაცია, რომელიც შეიძლება, საერთოდ არ გინდა, რომ გამოჩნდეს».

მართალია, ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის საჭიროა ტაიმლაინზე ყველა აქტივობის სათითაოდ დამალვა («Hide from Timeline»).

კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც ფეისბუქზე განხოციელდა – «ტიკერია» (ticker): მარჯვენა კუთხეში განთავსებული მეგობრების აქტივობების ლენტა. ტიკერში ვხედავთ მეგობრის საერთო მეგობართან განხორციელებულ აქტივობას (მაგ, სტატუსზე ან ფოტოზე კომენტარის გაკეთება), ასევე, მეგობრის აქტივობას იმ ადამიანთან, რომელიც არ გვყავს მეგობრების სიაში. ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუკი მომხმარებელს მითითებული აქვს, რომ მის მიერ გაზიარებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მეგობრის მეგობრებთან.

«ტიკერი» ერთადერთი ცვლილებაა, რომელიც არ მომწონს, რადგან ყურადღებას გიფანტავს. აქ გამოჩენილი ინფორმაცია ხშირ შემთვევაში არ მაინტერესებს», – ამბობს გიგა პაიჭაძე.

ინტერნეტში უკვე გამოჩნდა Google chrom–ის გაფართოება (extension), რომელიც აქრობს ტიკერს.
ცვლილებების შემდეგ ფეისბუქის რიგი მომხარებლების კედელზე განთავსებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა არა მხოლოდ მეგობრებისთვისაც. მათთვის ეს მოულოდნელი ცვლილება აღმოჩნდა, ვინაიდან არაფრენდებისთვის კედელი დახურული ჰქონდათ.

გიგა პაიჭაძის თქმით, იმისთვის, რომ «ფეისბუქზე» განლაგებული პირადი ინფორმაცია დაცული იყოს, შეგვიძლია გამოვიყენოთ გამოწერის (subscribe) ფუნქცია:

«არ არის აუცილებელი, ყველა ადამიანი დავიმეგობროთ. დამეგობრების ნაცვლად შეიძლება მათ მისცეთ თქვენი საჯარო (public) განახლებების გამოწერის საშუალება. ამგვარად, ისინი დაინახავენ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელსაც გაზიარებისას (Share) მიუთითებთ «საჯაროს» (public). თითოეული პოსტი სათითაოდ უნდა შევზღუდოთ (დაპოსტვისას მივუთითოთ, ვის შეუძლია მისი ნახვა). მაგალითად, როცა ოჯახის სურათს დავდებ, მას მხოლოდ ოჯახის წევრები ნახავენ. თუ ისეთი ადამიანები გყავს მეგობრებში, ვისაც არ გინდა გაუზიარო გარკვეული ინფორმაცია, უნდა შეიყვანო ისინი სპეციალურ «ლისტში», რომელსაც შეუზღუდავ ხელმისაწვდომობას შენი ინფორმაციისადმი.»

პაიჭაძის თქმით, «ფეისბუქი», პირველ რიგში, შექმნილია პირადი ურთიერთობებისთვის. პროფესიული ურთიერთობებისთვის არსებობს სხვა ქსელები. ჩვენ ცოტა ვურევთ ხოლმე. ამის მაგალითია თუნდაც ის, როცა ორგანიზაციები პირადი პროფილით რეგისტრირდებიან «ფეისბუქზე». ასეთი რამ ამერიკაში, საიდანაც ეს სოციალური ქსელი წამოვიდა, არ ხდება. ჩვენ ხშირად ვიმატებთ იმას, ვინც სულაც არაა საჭირო, გვყავდეს მეგობრების სიაში: უფროსს, მეზობლის ბიძაშვილს და ა.შ. სანამ ვინმეს დავუმეგობრდებით, ან ინფორმაციას გავუზიარებთ, კარგად უნდა დავფიქრდეთ.»

მასალების გადაბეჭდვის წესი