ტექნოლოგიები

ობამას ონლაინ–შეხვედრა ამომრჩევლებთან

27 სექტემბერი, 2011 • 1167
ობამას ონლაინ–შეხვედრა ამომრჩევლებთან
აშშ–ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გუშინ LinkedIn–ის (სოციალური ქსელი საქმიანი კონტაქტების მოსაძებნად და დასაკავშირებლად) დახმარებით ამომრჩევლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
“კომპიუტერული ისტორიის მუზეუმში” გამართულ შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერ ადამიანს შეეძლო.
ონლაინ–კონფერენციაზე პრეზიდენტს ერთი შეკითხვა დაუსვეს, რომელმაც ის ძალიან გაახარა. ერთ–ერთმა მოქალაქემ, დაგ ედვარდსმა, ბარაკ ობამას ჰკითხა – “გადასახადებს ხომ ვერ მოგვიმატებდით?”– ედვარდსმა აღნიშნა, რომ მზადაა დამატებითი გადასახადი გადაიხადოს, თუკი სახელმწიფო მეტ თანხას დახარჯავს განათლებაზე.
ამ შეკითხვამ ობამას საშუალება მისცა, ახალ პროექტზე ესაუბრა. პროექტი, რომლის საშუალებითაც იგი მეტი სამუშაო ადგილების შექმნას აპირებს, ამერიკის ბიუჯეტს 450 მილიარდი დოლარი დაუჯდება. ამ თანხის მოპოვებას კი პრეზიდენტი მაღალშემოსავლიანი ადამიანებისთვის დამატებითი გადასახადების დაწესებით გეგმავს. ახალი პროექტის შესახებ განაცხადი რამდენიმე დღის წინ გაკეთდა, რასაც საკმაოდ უარყოფითი რეაქციები მოჰყვა, განსაკუთრებით ინვესტორებისგან.
ონლაინ შეხვედრაზე კი ბარაკ ობამას პროექტის გამართლების საშუალება მიეცა.
მან მადლობა გადაუხადა შეკითხვის ავტორს და განაცხადა, რომ “კარგია, როდესაც ჩვენ არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ სხვებზეც ვფიქრობთ.” პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება სამართლიანია და არანაირად არ არის “მდიდრების დასჯა”.
შეხვედრაზე, გადასახადების გაზრდის გარდა, ბარაკ ობამამ, ძირითადად, მედიცინის, განათლებისა და სოციალური უსაფრთხოების შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
აშშ–ს პრეზიდენტი ამჟამად კალიფორნიაში 2012 წლის საარჩევნო კამპანიისთვის თანხების მოზიდვის მიზნით იმყოფება. დამკვირვებლების განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტის სოციალურ ქსელში ასეთი გააქტიურება სწორედ 2012 წლის არჩევნებს უკავშირდება. მას უნდა, რომ ახალგაზრდებმა, რომელთა დიდი უმრავლესობა აქტიურად იყენებს ონლაინ სივრცეს, ხმა მის სასარგებლოდ მისცენ. ეს სეგმენტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან 2008 წლის არჩევნებში ახალგაზრდები ყველაზე დიდი აქტივობით აძლევდნენ ხმას. ობამამ სოციალურ ქსელებს უდიდესი ყურადღება იმიტომაც დაუთმო, რომ 2008 წლისთვის იუთუბზე ატვირთულ მის გამოსვლებს მილიონობით ადამიანი უყურებდა, დღეს კი ეს რიცხვი მხოლოდ რამდენიმე ათასია.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტს მანამდეც აქვს გამართული ონლაინ–კონფერენციები Facebook-ისა და Twitter-ის მეშვეობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი