სამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქო: ამერიკის ცალკეული შტატები არ არიან უფლებამოსილი აღიარონ ტერიტორიული წარმონაქმნები

4 მარტი, 2016 • 1509
ბაქო: ამერიკის ცალკეული შტატები არ არიან უფლებამოსილი აღიარონ ტერიტორიული წარმონაქმნები

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს, 4 მარტს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა სომხურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას აშშ-ის ჯორჯიის შტატის მიერ მთიანი-ყარაბაღის აღიარებასთან დაკავშირებით.

“აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, რომელიმე ტერიტორიული წარმონაქმნის აღიარება ფედერალური ხელისუფლების უფლებამოსილებაა. აშშ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს აღიარებს”, – აცხადებს ჰიკმეტ გაჯიევი, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.

“15-წუთიანი განხილვის შედეგად ჯორჯიის შტატის წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო გარკვეული რეზოლუცია რეჟიმის “აღიარების” შესახებ”,- აცხადებს გაჯიევი.

მისი თქმით, “მსგავსი პროვოკაციული ქმედებებით სომხეთი ცდილობს ზიანი მიაყენოს ამ საკითხში საერთაშორისო სამშვიდობო მოლაპარაკებებსაც.

“ამგვარად, სომხეთი ცდილობს აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაციის გაგრძელებას და სტატუს-კვოს შენარჩუნებას”, – ამბობს ოფიციალური ბაქოს წარმომადგენელი.

ცნობა ჯორჯიის შტატის მიერ ყარაბაღის აღიარების შესახებ რამდენიმე მედიაგამოცემამ მთიანი ყარაბაღის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა.

მაგალითად, კავკაზსკი უზელისთვის მიცემულ კომენტარში ყარაბაღის პრეზიდენტის, პრეს-სამსახურის უფროსი, დავიდ ბაბაიანი ამბობს, რომ “ეს არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური, მორალური და ჰუმანიტარული ნაბიჯი. გვიხარია, რომ ყარაბაღის რესპუბლიკის აღიარების პროცესი ერთ ადგილზე არ დგას. დადებითი ტრენდია ისიც, რომ მთიანი ყარაბაღი სულ უფრო პრიორიტეტული ხდება აშშ-ში არსებული სომხური დიასპორის სხვადასხვა ორგანიზაციის დღის წესრიგში”.

გამოცემის ცნობითვე, ყარაბაღის დამოუკიდებლობა აქამდე აშშ-ის ხუთ შტატს [ლუიზიანა, მენი, როდ აილენდი, მასაჩუსეტსი და კალიფორნია] ჰქონდა აღიარებული.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

bioli

მასალების გადაბეჭდვის წესი