სამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ ინტიგამ ალიევის განაჩენი ძალაში დატოვა

26 თებერვალი, 2016 • 1121
აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ ინტიგამ ალიევის განაჩენი ძალაში დატოვა

“კავკაზსკი უზელის” ცნობით, აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ ინტიგამ ალიევის სარჩელი 24 თებერვალს არ დააკმაყოფილა და უფლებადამცველი პატიმრობაში დატოვა. ალიევის ადვოკატის განცხადებით, ისინი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვას აპირებენ.

სასამართლო სხდომის დაწყებისას ალიევის ადვოკატმა ჯავად ჯავადოვმა უზენაეს სასამართლოს მიმართა, ყურადღება გაემახვილებინა იმ ფაქტზე, რომ ვერც ერთმა წინა ორი ინსტანციის სასამართლომ “ობიექტური სასამართლო გამოძიება ვერ უზრუნველყო” და “ბრალდებულს დაცვის შესაძლებლობა შეუზღუდა”.

ადვოკატის თქმითვე, დოკუმენტები, რომლებიც ინტიგამ ალიევის დაკავების დღეს ოფისიდან გაიტანეს, ბრალდებულისთვის ჯერ კიდევ არ დაუბრუნებიათ და ეს მისი უფლებების უხეში დარღვევა:

“ეს სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლების აშკარა დარღვევაა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაა გათვალისწინებული”,- განუცხადა ადვოკატმა სასამართლოს და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა და ინტიგამ ალიევის გათავისუფლება მოითხოვა.

მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, ინტიგამ ალიევის ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართლოს მიმართავს:

“ჩვენ არ ვეთანხმებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოების შეცდომა არ გამოასწორა. როგორც კი გადაწყვეტილებას მივიღებთ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართავთ”,- განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლომ ინტიგამ ალიევის ორ სარჩელთან დაკავშირებით პროცესი დაასრულა. აღნიშნული საქმეები წამებასა და უკანონო დაკავებას უკავშირდება და საკითხი გადაწყვეტილების მიღების სტადიაზეა.

უფლებადამცველ და ორგანიზაცია “Legal Education Society”-ს თავმჯდომარეს ინტიგამ ალიევს ბაქოს სასამართლომ 2014 წლის 22 აპრილს 7.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალი გადასახადების დამალვაში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში და დიდი რაოდენობით თანხის გაფლანგვაში ედება. 2015 წლის ივლისში სააპელაციო სასამართლომ ალიევი დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და უზენაესი სასამარლოც წინა ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილებას დაეთანხმა.

ინტიგამ ალიევი 2014 წლის აგვისტოში დააკავეს. 8 აგვისტოს იგი აზერბაიჯანის მთავარი პროკურატურის განსაკუთრებულ დანაშაულთა დეპარტამენტის მიერ იქნა დაბარებული, როგორც მოწმე ადგილობრივი და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწყებულ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. მოგვიანებით ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს, გაჩხრიკეს მისი ბინა და დღის ბოლოს უფლებადამცველი სასამართლოში აღმოჩნდა. თავდაპირველად მას ბრალად ედებოდა გადასახადებისათვის თავის არიდება და უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. 2016 წლის დეკემბერში კი ალიევს ახალი ბრალი წაუყენეს დიდი რაოდენობით თანხის გაფლანგვის მუხლით.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი