სამხრეთ კავკასიის ამბები

ქიშმარია: ნატო აფხაზეთში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს

18 თებერვალი, 2016 • 1345
ქიშმარია: ნატო აფხაზეთში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს

აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მირაბ ქიშმარიას თქმით, ნატოს გენერალური მდივნი იენს სტოლტელბერგის განცხადება, რომ 2016 წლის მაისში საქართველოს შეიარაღებული ძალების წრთვნა დაიწყება, აფხაზეთში სიტუაციის დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად.

“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებებს. აფხაზეთის უსაფრთხოება რუსეთის ფედერაციის მიერაა გარანტირებული, ამიტომ ჩვენ ამ მიმართულებით პრობლემა არ გვაქვს. ოცნება იმაზე, რომ ან რაიმე როტის, ან დაჯგუფების შექმნით, აფხაზეთი საქართველოს ხელში აღმოჩნდება არაგონივრულია”, – განაცხადა ქიშმარიამ sputnik abkhazia-სთან საუბრისას.

მისი თქმითვე, ნატოს სპეციალისტებს ქართული ჯარი ადრეც გაუწვრთნიათ.

“ნატომ ქართული არმიის წვრთნები ადრეც ჩაატარა და ჩვენ გვახსოვს როგორ მოიქცნენ ისინი 2008 წელს. ნატო ძალის გზით ცდილობს სირიის, უკრაინის და სხვა კონფლიქტების მოგვარებას, მაგარმ ყველგან სადაც ისინი შედიან მშვიდობის დამყარების ნაცვლად ომი იწყება. იმისათვის რომ ჩვენთანაც არ მოხდეს დესტაბილიზაცია, რუსეთთან ერთად შევიმუშავეთ საპასუხო სამოქმედო გეგმა და აგრესიის შემთხვევაში მზად ვართ წინააღმდეგობა გავწიოთ”.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთისადმი სტოლტენბერგის მიმართვა უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, შეუსრულებადია:

“ნებისმიერი რამის შემოთავაზება შესაძლებელია, მაგრამ გადაწყვეტილება აღიარებასთან დაკავშირებით საბოლოოა და დარწმუნებული ვარ რომ უკან არ დავბრუნდებით”.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტელბერგს 11 თებერვალს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა ქართულ მხარეს ალიანსის მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ნატოს-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრი თბილისში ოფიცერთა პირველ ნაკადს მაისიდან გაწვრთნის.

“მაისში ჩვენი ერთობლივი ცენტრი თბილისში დაიწყებს ქართველი ოფიცრების პირველი ნაკადის გაწვრთნას. ეს კარგი სიახლეა. ჩვენ ვეძებთ ახალ გზებს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევების გასაძლიერებლად. […] ყველა მოკვაშირე მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთს გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარება. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია,” – განაცხადა იენს სტოლტელბერგმა.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი