საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტელბერგი შეხვდა. შეხვედრის შემდეგ სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა ქართულ მხარეს ალიანსის მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ნატოს-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრი თბილისში ოფიცერთა პირველ ნაკადს მაისიდან გაწვრთნის.
“მაისში ჩვენი ერთობლივი ცენტრი თბილისში დაიწყებს ქართველი ოფიცრების პირველი ნაკადის გაწვრთნას. ეს კარგი სიახლეა. ჩვენ ვეძებთ ახალ გზებს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევების გასაძლიერებლად. საქართველო ამბიციური რეფორმების ერთგული რჩება. დღეს მოკავშირეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მცდელობა გააძლიეროს დემოკრატიული პროცესები, მაგრამ მეტი უნდა გაკეთდეს. კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის ჩათვლით. ყველა მოკვაშირე მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ რუსეთს გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარება. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია,” – განაცხადა იენს სტოლტელბერგმა.
თინა ხიდაშელის თქმით, საქართველოს როლი იზრდება შავი ზღვის რეგიონში და შეხვედრებზე საუბარი შეეხო არა მხოლოდ საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, ასევე ნატოს თავდაცვის გაძლიერებას შავ ზღვაზე.