სამხრეთ კავკასიის ამბები

პუტინმა ჩრდილოეთ კავკასიასა და აფხაზეთს შორის მაგისტრალის მშენებლობას მხარი დაუჭირა

26 იანვარი, 2016 • 1276
პუტინმა ჩრდილოეთ კავკასიასა და აფხაზეთს შორის მაგისტრალის მშენებლობას მხარი დაუჭირა

იტარ-ტასის ინფორმაციით, რეგიონთაშორისი ფორუმის ფარგლებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენეტმა, ვლადიმერ პუტინმა მხარი დაუჭირა ავტომაგისტრალის მშენებლობას, რომელიც ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკებს შავ ზღვასთან აკავშირებს.

პუტინის თქმით, გზის მშენებლობის პროექტი აფხაზეთისთვის პერსპექტიულია.

2015 წლის ნოემბერის ბოლოს მოსკოვში ხელი მოეწერა მემორანდუმს “ელბრუსის” სარეკრეაციო ტერიტორიის განვითარების პროექტის რეალიზაციის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს გზის მშენებლობას – გზა ერთმანეთს დააკავშირებს ყარაჩაევო-ჩერქეზეთს და ყაბარდო-ბალყარეთს აფხაზეთთან.

ოფიციალური ინფორმაციით, პროექტის რეალიზება უნდა უზრუნველყოს ჩინურმა სამშენებლო კომპანიამ China Railway და რუსულმა კომპანიამ “რეგიონ-პროექტმა”. ჩინელ პარტნიორებთან, იტარ-ტასისი ცნობით, ხელი უკვე მოწერილია.

2015 წლის დეკემბერში აფხაზეთის ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი გაბნია ჩრდილოეთ კავკასიასა და აფხაზეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნული გზის მშენებლობის შესახებ აცხადებდა, რომ პროექტი მანამდეც არსებობდა, თუმცა სირთულის გამო ვერ ხერხდებოდა პროცესის დაწყება. ჩინური კომპანიის 40 მილიარდი აშშ დოლარის საშუალებით კი პროექტის განხორციელება რეალური იქნება.

“მათ აინტერესებთ არა მხოლოდ საავტომობილო გზა, არამედ პორტიც და რკინიგზაც. ორპოლარულ მსოფლიოში ოდესისა და ბალტიისპირეთის პორტები რუსეთს არ ემსახურებიან. ნოვოროსიისკის პორტი გადატვირთულია. ჩინეთს რუსულ და ევროპულ ბაზრებზე არ ჰყოფნის პორტები და, შესაბამისად, მზად არის ინვესტირებისთვის. პორტის გამოყენებით მილიონობით ტონა ტვირთის ტრანსპორტირება შეიძლება”, – აცახდებდა გაბნია სპუტნიკთან ინტერვიუში.

გაბნიას თქმით, ამ პროექტში აფხაზეთს ფინანსური და ეკონომიკური დაინტერესება აქვს – შეიქმნება სამუშაო ადგილები და, რაც მთავარია, როგორც გაბნია ამბობს, შემცირდება ეკონომიკური დამოკიდებულება საქართველოზე, რომელიც არალეგალური იმპორტის კუთხით ისევ არსებობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი