სამხრეთ კავკასიის ამბები

პროდუქციის განუბაჟებლობის გამო ცხინვალში სურსათის დეფიციტია

13 იანვარი, 2016 • 1201
პროდუქციის განუბაჟებლობის გამო ცხინვალში სურსათის დეფიციტია

საკვები პროდუქტები უკვე მეშვიდე დღეა რუსეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საზღვარზე “ქვემო ზარამაგი”გაჩერებულია. მეწარმეების განცხადებით, მებაჟეები ტვირთს სათანადო დოკუმენტაციის უქონლობის გამო არ უშვებენ, ხოლო ადგილობრივი მაცხოვრებლები მაღაზიებში სურსათის არარსებობის გამო ჩივიან- წერს “sputnik ossetia”

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელის, მურატ ცხოვრებოვის თქმით, აღნიშნული საკითხი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან უკვე განიხილა. იგი ამბობს, რომ პრობლემების თავიდან აცილება იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მეწარმეები ყველა ტიპის საქონლის სარეგისტრაციოდ აუცილებელ დოკუმენტებს მოამზადბენ.

მეწარმეების თქმით, ისინი სურსათის გაფუჭების გამო მიღებულ ზარალს ითვლიან, ხოლო ადგილობრივების განცხადებით მაღაზიებში პროდუქტები აღარაა, განსაკუთრებით რძის ნაწარმი. 

“ჩვენს მეწარმეებს ყოველთვის არ შეუძლიათ საბაჟო კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულება, რომლებიც რუსეთიდან სამხრეთ ოსეთში ტვირთის შემოსატანად აუცილებელია. ამიტომ ტვირთი რეგისტრირდება, როგორც პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი საქონელი. ამ შემთხვევაში ისინი იყენებენ ნათესავების საპასპორტო მონაცემებს, თითქოსდა მათთვის მოაქვთ საჭირო ნივთები და საქონელი. ასეთი პრაქტიკა ბიზნესისადმი განსხვავებული მიდგომის შედეგად დაინერგა, რომლის მიხედვითაც, მეწარმეები სამხრეთ ოსეთიდან რუსი მეწარმეებისგან საქონელს თითქოსდა შიდა ბაზარზე რეალიზაციისთვის ყიდულობენ, რის გამოც ექსპორტი არ ფორმდება”- ამბობს მურატ ცხოვრებოვი.

მისივე თქმით, შესაბამისი სერტიფიკატის მისაღებად მეწარმეებმა საქონელი მწარმოებლისგან ან ავტორიზებული დილერისგან უნდა შეიძინონ. ამ კონტრაქტების გაფორმება კი ძვირი და ხანგრძლივი პროცედურაა. საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელმა თხოვნით მიმართა ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელობას, მოაგვარონ შექმნილი პრობლემა.

მასალების გადაბეჭდვის წესი