სამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში დაკავებულ ოპოზიციონერს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

8 იანვარი, 2016 • 1914
აზერბაიჯანში დაკავებულ ოპოზიციონერს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

“კავკაზსკი უზელის” ცნობით, აზერბაიჯანში დაკავებულ ოპოზიციონერ ნატიგ კარიმოვს, რომელიც 6 იანვარს ნარდარანში, #62 სკოლასთან დააკავეს, საბაილის რაიონის სასამართლომ 4 თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ნატიგ კერიმოვის შვილი კიარმან კერიმოვი ამბობს, რომ აზერბაიჯანის უშიშროების სამსახური ნატიგ კერიმოვის დაპატიმრებას 4 თვის მანძილზე ცდილობდა, შესაბამისად, სასამართლომ მათი შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

მისივე თქმით, ნატიგ კერიმოვი უარყოფს მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს. დაკავებულის შვილი ამბობს, რომ აქვს მხოლოდ ინფორმაცია მამამისის წინააღმდეგ წაყენებული მუხლის შესახებ, რაც გულისხმობს სახელმწიფო ღალატს. კონკრეტულად რაში სდებენ ბრალს ნატიგ კერიმოვს, მისთვის უცნობია.

ნატიგ კერიმოვი ოპოზიციური ეროვნული საბჭოს “დემოკრატიული ძალები აზერბაიჯანისთვის” წევრია. იგი აქტიურად საუბრობდა მედიასთან ნარდარანში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

“კავკაზსკი უზელის” ცნობით, 26 ნოემბერს ნარდარანში ჩატარებული სპეცოპერაციის  შემდეგ 14 ადამიანი დააკავეს, მათ შორის მოძრაობა “მუსლიმთა ერთიანობის” ლიდერი ტალეჰ ბაგირზაძე. გამოცემის ცნობით, სპეცოპერაციამ არეულობა გამოიწვია, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა. შეიარაღებულმა ძალებმა პირველ დეკემბერს სოფელში ჯავშანტექნიკაც ჩააყენეს.  5 იანვარს კი არეულობის გამო დაკავებულ 57 ადამიანს საპატიმრო ვადა დაუმთავრდათ და გათავისუფლდნენ. პატიმრობაში ამ დრომდე რჩება 14 ადამიანი, რომლებსაც საპატიმრო ვადა 15 იანვარს უმთავრდებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი