ოჩამჩირის რაიონში მომხდარი ავარიის შედეგად, დღეს, 5 იანვარს, ელექტროენერგია გუდაუთის, სოხუმის და გაგრის რაიონებს არ მიეწდებათ. “კავკაზსკი უზელის” ცნობით, აღდგენითი სამუშაოები ამინდის გამო რთულ ვითარებაში მიმდინარეობს.
გამოცემის ინფორმაციით, 3 იანვარს დიდთოვლობის გამო ელექტროენერგია ოჩამჩირის რაიონის სოფლებს შეუწყდათ. 3 იანვრის საღამოს კომპანია “ჩერნომორენერგოს” თანამშრომლებმა დაზიანებული ელექტროხაზების 80% აღადგინეს, თუმცა ენერგოკომპანიის პრესსამსახურმა 4 იანვარს განაცხადა, რომ 220 კილოვატიან ხაზზე მომხდარი ავარიის გამო ოჩამჩირის რაიონს ენერგომომარაგება შეუწყდა.
“ჩერნომორენერგო იძულებულია ელექტროენერგიაზე ხელმისაწვდომობა შეუზღუდოს გუდაუთის, გაგრის და სოხუმის რაიონებს და თავად სოხუმს. თითოეულ რაიონში ელექტროენერგიის შეზღუდვა ერთ საათს ან საათნახევარს გაგრძელდება”- ნათქვამია ენერგოკომპანიის განცხადებაში, თუმცა აღდგენითი სამუშაოები ოჩამჩირის რაიონში უამინდობის გამო 4 იანვარსვე შეწყდა
“კავკაზსკი უზელის” ცნობით, “ჩერნომორენერგოს” თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. ამინდის პროგნოზის თანახმად კი, ღამით ოჩამჩირეში ჭექა-ქუხილია მოსალოდნელი, ქარი კი სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით დაუბერავს და მისი სიჩქარე წამში 9 მეტრი იქნება. 6 იანვარს კი წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 7 გრადუსამდე გათბება.