სამხრეთ კავკასიის ამბები

ევროპასთან უვიზო რეჟიმის თემას სოხუმის შემდეგ ცხინვალი ეხმაურება

25 დეკემბერი, 2015 • 1256
ევროპასთან უვიზო რეჟიმის თემას სოხუმის შემდეგ ცხინვალი ეხმაურება

თბილისის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის ევროპაში უვიზო მიმოსვლის ბენეფიტებით სარგებლობის შეთავაზებასთან დაკავშირებით სოხუმის შემდეგ ცხინვალიც აკეთებს განცხადებას.

“საქართველოს მხრიდან “მზრუნველობის” გამოჩენა, რომ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის უფრო კომფორტული გახდეს ევროკავშირის საზღვრების გადალახვა, კიდევ ერთი ჩავარდნა იქნება”, – ნათქვამია ცხინვალის საგარეო უწყების განცხადებაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ მათ მოქალაქეებს რეალურად ექმნებათ პრობლემები ევროკავშირის ქვეყნების ვიზებთან დაკავშირებით.

“ეს შეეხება მოქალაქეებს, ვისაც რუსეთის ფედერაციის საზღვარგარეთის პასპორტები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე აქვთ მიღებული, და განსაკუთრებით მათ, ვისაც დაბადების ადგილად სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა უწერია. სამწუხაროდ, მსგავს დისკრიმინაციულ პრაქტიკას ადგილი აქვს და გამოიყენება ევროპის რამდენიმე ქვეყნის მიერ, და არავისთვის არაა საიდუმლო, რომ ეს საქართველოს ამავე ხელისუფლების კარნახით ხდება. ეს არის ჩვეულებრივი მოსყიდვა “რბილი ძალის” და “ჩართულობის” პოლიტიკის გამოყენებით. თუმცა თავად მოსყიდვის ელემენტის ევოლუცია ნათელია: 2004 წელს ეს იყო ტომრები სასუქით, 2015 წელს – საქართველოს პასპორტები””.

ამ თემაზე დაახლოებით მსგავსი განცხადება გააკეთა რამდენიმე დღის წინ სოხუმმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი