სამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სროლების პარალელურად ალიევი და სარგსიანი ერთმანეთს შეხვდნენ

20 დეკემბერი, 2015 • 1639
ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სროლების პარალელურად ალიევი და სარგსიანი ერთმანეთს შეხვდნენ

ილჰამ ალიევი და სერჟ სარგსიანი მხარს უჭერენ ეუთოს წინადადებას ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებისთვის ზომების მიღების შესახებ.

სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ეუთოს [OSCE] მინსკის ჯგუფის მონაწილეობით ერთმანეთს შვეიცარიაში ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის პარალელურად შეხვდნენ.

ოფიციალური ინფორმაციით, პრეზიდენტებმა განიხილეს კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება და მხარი დაუჭირეს საზღვარზე ინციდენტების გამოძების მექანიზმსა და ეუთოს მიერ შემუშავებულ კონფლიქტის დარეგულირების ზომებს.

ალიევისა და სარგსიანის შეხვედრა 1 დეკემბერს უნდა გამართულიყო პარიზში, თუმცა 19 დეკემბრისთვის გადაიდო.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში. პერიოდულად, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ჯარისკაცები იღუპებიან.

ილჰამ ალიევი, სერჟ სარგსიანი. შვეიცარია. 2015. ფოტო: APA

ილჰამ ალიევი, სერჟ სარგსიანი. შვეიცარია. 2015. ფოტო: APA

მასალების გადაბეჭდვის წესი