სამხრეთ კავკასიის ამბები

ძალადობის მსხვერპლი ქალები ახალგორში

10 დეკემბერი, 2015 • 2223
ძალადობის მსხვერპლი ქალები ახალგორში

ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელიც ქალებზე ძალადობას შეეხებოდა, ერთმა მონაწილემ მკითხა, თუ რამდენი წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი. როცა ვუპასუხე – 17 წლის, ისევ მკითხა, ვაცნობიერებდი, თუ რამდენად ვიყავი მზად ოჯახის შესაქმნელად? – რაზეც ვუპასუხე, რომ მომავალმა ქმარმა მომიტაცა. “შენც ძალადობის მსხვერპლი ყოფილხარ” – მითხრა. თითქოს მაშინ დავფიქრდი ამ საკითხზე და გავიაზრე კარგად ეს ყველაფერი…

იმ დღეს, ჩემს გარდა კიდევ 3 გოგონა მოიტაცეს ახალგორში. ერთი ჩემსავით არასრულწლოვანი იყო. ამის მიუხედავად ოთხივე ოჯახი შეიქმნა, მაგრამ მათგან სამი დროთა განმავლობაში დაინგრა. კარგად მახსოვს, არ მინდოდა უცხო ადამიანთან, უცხო ოჯახში დარჩენა, თუმცა ჩემთვის აზრი არავის უკითხავს. მაშინ არ ვიცოდი, რომ მოტაცება ქალზე ძალადობის ერთ-ერთი ფორმა იყო. ოჯახების უმრავლესობა ჩემ ირგვლივ სწორედ ასე იქმნებოდა. ხოლო როცა კითხვა ისმებოდა, თუ რატომ თანხმდებოდა გოგო ცოლობას მოტაცების შემდეგ, იყო პასუხები, რომ მალე გოგოსაც შეუყვარდებოდა ქმარი ან უკვე უყვარდა კიდეც, მაგრამ ასე – მოტაცებით უფრო რომანტიული იყო დაქორწინება და ა.შ.

საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში ახალგორში ქალის მოტაცების ფაქტებზე აღარაფერი მსმენია, თუმცა ფართოდაა გავრცელებული ქალის მიმართ ძალადობის სხვა ფორმები.

ეს ამბავი დაახლოებით ერთი წლის წინ მოხდა. 30 წლის ნათიას (სახელი შეცვლილია), რომელიც წეროვანის დევნილთა დასახლებში ცხოვრობს, მაგრამ სამუშაოდ პერიოდულად ჩადის ხოლმე ახალგორში, ადგილობირვი მილიციის თანამშრომელი საშვის, ე.წ. “პროპუსკის” ჩამორთმევით დაემუქრა, თუკი არ დათანხმდებოდა მასთან სექსუალურ ურთიერთობას. საბოლოოდ, ე.წ. “გარჩევის” და საქმეში სხვა ადამიანის ჩართვის შედეგად, ქალმა მოძალადე მილიციელის ჩამოშორება მოახერხა.

ასევე, მილიციის თანამშრომლის მხრიდან სექსუალური ძალადობის მცდელობას ჰქონდა ადგილი 27 წლის ნინოს (სახელი შეცვლილია) მიმართ. ნინოს მშობლებმა მოძალადეს უჩივლეს, რის გამოც მამას სასტიკას სცემეს, ოჯახის ყველა წევრზე ახორციელებდნენ ზეწოლას, თუმცა მათ ამ ზეწოლას გაუძლეს, დახმარებისთვის სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტთან არსებულ საზოგადოებრივ პალატასაც კი მიმართეს და საბოლოოდ, იმას მაინც მიაღწიეს, რომ მოძალადე მილიციელი სამსახურიდან დაითხოვეს.

ამ ისტორიაში განაკუთრებით საინტერესო იყო ადგილობრივი საზოგადოების დამოკიდებულება, სადაც არ ჩანდა არანაირი სოლიდარობა მსხვერპლისადმი. მესმოდა, როგორ საუბრობდნენ ამ გოგოზე – “აწი მაგას ვინღა ითხოვს ცოლად?!” “ალბათ, თვითონ გამოიწვია და გააღიზიანა ის ბიჭი!” “ეტყობა რაღაც გაგებული ჰქონდა მაგაზე იმ ბიჭს, თორემ რატომ „დაეჩალიჩებოდა?!”

რამდენიმე თვის წინ ახალგორში ოჯახში ძალადობის ასეთი ფაქტის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია:

მთვრალმა ქმარმა ისე სასტიკად სცემა ცოლს, რომ ფეხი მოტეხა. იმის მიუხედავად, რომ დაზარალებული ქალი საავადმყოფოშიც მკურნალობდა მოტეხილი ფეხისა და ტანზე სისხლჩაქცევების გამო, ოჯახში ძალადობის ეს ფაქტი გამოძიების გარეშე დარჩა. ქალმა თქვა, რომ კიბიდან დაცურდა, რადგან, მისი თქმით, წასასვლელი არსად ჰქონდა და ამიტომ ოჯახს ვერ დაანგრევდა.

ახალგორში არის არაერთი ისეთი ფაქტი, როდესაც ქონებრივი დავის გამო ქალები ძალადობის მსხვერპლები ხდებიან.

პენსიონერ ევგენია გ.-ს საცხოვრებელ სახლს ამ სახლის ყოფელი მფლობელი მამაკაცი ედავება, რომელმაც ნასვამ მდგომარეობაში არაერთხელ მიაკითხა ევგენიას სახლში, ჩაულეწა ფანჯრები, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამის მიუხედავად, სამართალდამცავები არაფერს აკეთებენ პენსიონერი ქალის უფლებების დასაცავად.

ფიზიკური ძალადობის შედეგად გამოასახლეს საკუთარი ბინიდან ცისანა ა. მაშინ მის დასაცავად ძირითადად ქალბატონები გამოვიდნენ ახალგორში. რამდენიმეწლიანი ბრძოლის შედეგად, ცხინვალის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცისანას ბინა დაუბრუნეს, თუმცა ამის შემდეგ მალევე ის ქუჩაში ინფარქტით გარდაიცვალა.

ცხადია, ეს ახალგორში ქალის მიმართ ძალადობის ფაქტების სრული ნუსხა არაა, მხოლოდ რამდენიმე გახმაურებული მაგალითია. დარმწუნებული ვარ, ქალების უმრავლესობამ აქ არც იცის ბევრი რამ ძალადობის ფორმებისა და ქალის უფლებების თაობაზე. მახსოვს, ერთხელ ერთ შეხვედრაზე ცხინვალელმა ქალმა თქვა, ჩვენს ოჯახში ჭურჭელს ხან მე ვრეცხავ და ხან ჩემი მეუღლეო და მთელი აუდიტორია, რომელიც მთლად ქალებისგან შედგებოდა, გაოცებული დარჩა – მათ ხომ ჭურჭლის რეცხვა სწორედ მხოლოდ მათი, ქალების საქმე ჰგონიათ.

რაიონში ხელმძღვანელ თანამდებობებზე ძირითადად სულ მამაკაცები მუშაობენ. ერთი პერიოდი კი რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მამაკაცი თანამშრომელ ქალებს ავალდებულებდა მისი სახოვრებელი სახლი ყოვედღიურად დაელაგებინათ, ბაღისთვის მოევლოთ, სადილ-ვახშამი მოემზადებინათ და ეს მათ „სამსახურეობრივ მოვალეობად“ ითვლებოდა. არცერთ ქალს ამის გაპროტესტება აზრადაც არ მოსვლია, რადგან სამსახურის დაკარგვის ეშინოდათ.

ახალგორში არანაირი არასამთავრობო ორგანიზაცია არ მუშაობს და შესაბისად, არ არსებობს ქალების უფლებების დაიცვაზე მომუშავე ორგანიზაციები. ამ მხრივ არც სახალხო დამცველი აქტიურობს.

უფლებადამცველი ფატიმა მარგიევა, რომელიც ცხინვალის უნივერსიტეტის ლექტორია, ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთში ქალების მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ის განსაკუთრებით გამოყოფს მარტოხელა და ქვრივ ქალების ყოფას, რომლებსაც “ზურგს არ უმაგრებენ ძლიერი მამაკაცები”. მისი თქმით, სახელმწიფო მოხელეები, რომელთა უმრავლესობა მამაკაცია, ქალების წინააღმდეგ ბრძოლაში არიან, რომ არ მოხდეს მათი უფლებების წინ წამოწევა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაწინაურება. მარგიევას თქმით, “სამხრეთ ოსეთში ქალებს ჭირდება დაცვა კლეპტოკრატიისგან და აუცილებელია ისეთი ორგანიზაციების არსებობა, რომლებიც მათ უფლებებს დაიცავენ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი