სამხრეთ კავკასიის ამბები

ვიტალი გაბნია: აფხაზეთში ახალი გზის მშენებლობით ჩინეთია დაინტერესებული

3 დეკემბერი, 2015 • 1852
ვიტალი გაბნია: აფხაზეთში ახალი გზის მშენებლობით ჩინეთია დაინტერესებული

აფხაზეთის ვიცეპრეზიდენტი, ვიტალი გაბნია ჩრდილოეთ კავკასიასა და აფხაზეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნული გზის მშენებლობის შესახებ აცხადებს, რომ პროექტი მანამდეც არსებობდა, თუმცა სირთულის გამო ვერ ხერხდებოდა პროცესის დაწყება. ჩინური კომპანიის 40 მილიარდი აშშ დოლარის საშუალებით კი პროექტის განხორციელება რეალური იქნება.

“მათ აინტერესებთ არა მხოლოდ საავტომობილო გზა, არამედ პორტიც და რკინიგზაც. ორპოლარულ მსოფლიოში ოდესისა და ბალტიისპირეთის პორტები რუსეთს არ ემსახურებიან. ნოვოროსიისკის პორტი გადატვირთულია. ჩინეთს რუსულ და ევროპულ ბაზრებზე არ ჰყოფნის პორტები და, შესაბამისად, მზად არის ინვესტირებისთვის. პორტის გამოყენებით მილიონობით ტონა ტვირთის ტრანსპორტირება შეიძლება”, – აცახდებს გაბნია სპუტნიკთან ინტერვიუში.

რამდენიმე დღის წინ მოსკოვში ხელი მოეწერა მემორანდუმს “ელბრუსის” სარეკრეაციო ტერიტორიის განვითარების პროექტის რეალიზაციის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს გზის მშენებლობას – გზა  დააკავშირებს ყარაჩაევო-ჩერქეზეთსა და ყაბარდო-ბალყარეთს აფხაზეთთან.

პროექტის რეალიზება უნდა უზრუნველყოს ჩინურმა სამშენებლო კომპანიამ China Railway და რუსულმა კომპანიამ “რეგიონ-პროექტმა”.

“ეს არის ჩინეთის უმსხვილესი სარკინიგზო კომპანია, რომელსაც კომუნისტური პარტია ხელმძღვანელობს”, – ამბობს გაბნია.

მისი თქმით, ამ ეტაპისთვის ჯერ მხოლოდ მოსკოვში ხელმოწერილი მემორანდუმი არსებობს და სხვა დეტალები კიდევ მუშავდება.

“აფხაზურ მხარეს სურს, გზამ ტყვარჩელის რიაონში გაიაროს, რომელიც სოხუმის სამხედრო გზას და იქიდან ჩრდილოეთ კავკასიას უერთდება”.

გაბნიას თქმით, ამ პროექტში აფხაზეთს ფინანსური და ეკონომიკური დაინტერესება აქვს – შეიქმნება სამუშაო ადგილები და, რაც მთავარია, როგორც გაბნია ამბობს, შემცირდება ეკონომიკური დამოკიდებულება საქართველოზე, რომელიც არალეგალური იმპორტის კუთხით ისევ არსებობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი