სამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში სპეცოპერაციისას 2 პოლიციელი და 4 “რელიგიური ექსტრემისტი” მოკლეს

26 ნოემბერი, 2015 • 1362
აზერბაიჯანში სპეცოპერაციისას 2 პოლიციელი და 4 “რელიგიური ექსტრემისტი” მოკლეს

აზერბაიჯანის შსს-სა და გენერალური პროკურატურის ცნობით, ნარდარანის დასახლებაში სპეცოპერაციის დროს შეირაღებული ბანდფორმირების 4 წევრია მოკლული, ასევე, დაიღუპა სპეცოპერაციაში მონაწილე ორი პოლიციელი.

როგორც აზერბაიჯანული გამოცემა haqqin.az იუწყება, პოლიციამ სპეცოპერაცია დღეს ბაქოს გარეუბანში, ნარდარანის დასახლების ერთ-ერთი მეჩეთის სიახლოვეს ჩაატარა. ამავე გამოცემის ცნობით, დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის შიიტი ისლამისტების ლიდერი ტალე ბაგირზადე. პოლიციამ ასევე დააკავა ისლამისტების კიდევ ერთი ლიდერი ზულფუგარ მიქაილზადე.

haqqin.az-ის ინფორმაციით, დღეს პოლიციამ ისლამისტი ექსტრემისტების წინააღმდეგ განახორციელა სპეცოპერაცია, რა დროსაც ექსტრემისტებმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდამცავებს. შსს-ს თანამშრომლებს ესროდნენ “კალაშნიკოვის” ავტომატიდან, ასევე, იყენებდნენ სამხედრო ყუმბარებს.

როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება სპეცოპერაცია გრძელდება. haqqin.az-ის ცნობით, ისლამისტი ექსტრემისტები ნარდარანში თავს დაესხნენ საზოგადოებრივი ტელევიზიის (İTV) ოპერატორს, რომელსაც სცემეს და დაუმტვრიეს ვიდეოკამერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი