“ეს მორიგი და ისეთივე ბლეფია, როგორც 2020 წლის არჩევნებისთვის ჰქონდათ ლოზუნგი “გარეჯი საქართველოა” – ასე აფასებს შერიგების ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი “ქართული ოცნების” ერთ-ერთ წინასაარჩევნო პირობას “ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისა და შემდგომ, კონსტიტუციაში ცვლილების საჭიროებაზე”.
თქვენი აზრით, რას ნიშნავს მმართველი პარტიის წინასაარჩევნო განცხადება თუ დაპირება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენასა და ამისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობის საჭიროებაზე?
ამით სწევენ ტემპერატურას, რომ დამატებითი ბონუსი მიიღონ არჩევნებზე. ეს ძალიან ჰგავს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის წამოწყებას, როდესაც ყველა კარგად ხედავდა, რომ არასაკმარისი ხმების გამო ჩავარდებოდა. იმის მიუხედავად, მათ ეს პროცესი დაიწყეს. მთელი ყურადღება გადავიდა პრეზიდენტის დისკრედიტაციაზე და არა სიღარიბეზე, უმუშევრობაზე და სხვა არსებით საკითხებზე. დღეს კი, კაციშვილს აღარ ახსოვს ეს, ისევე როგორც გარეჯი.
ანუ მორიგი პოპულიზმი წინასაარჩევნოდ?
პოპულიზმი იმდენად არა, რამდენადაც ავანტიურიზმი. ამაში არის რაღაც პრაქტიკული გათვლა, მაგრამ არა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საკონსტიტუციო უმრავლესობა. მათ კარგად იციან რომ ვერ მიიღებენ საკონსტიტუციო უმრავლესობას, ამის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ ამ მობილიზაციური მოწოდებით, გათვლაა, მეტი ადამიანი მოიზიდონ და და იქნებ კვალიფიციური უმრავლესობა მაინც მოიპოვონ. რომლის დაკარგვის შანსები მაღალი აქვთ ახლა. არც ტერიტორიული მთლიანობა, არც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა, არც ოჯახის სიწმინდე და არც ეკლესიის განსაკუთრებული როლი მათ არ ადარდებთ. მათ ეს სჭირდებათ, რათა საზოგადოებაში შექმნან მობილიზაციური არგუმენტები, რომ თითქოს ეს საკითხები ანაღვლებთ. საბოლოო ჯამში, არცერთი ეს საკითხი არ მიიღწევა, რადგან ვერ მიიღებენ საკონსტიტუციო უმრავლესობას. მაგრამ 2-3%-ით მეტ ხმას თუ მიიღებენ ქუდზე კაცის დაძახებით, ესეც საქმე იქნება მათთვის.
გარეჯზე ხმას აღარ იღებენ, ხომ ხედავთ. დაახლოებით, ასე დგას ეს საკითხიც. შემდეგ იტყვიან, მინდოდა ყველაფერი ამის გაკეთება, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ მქონდა. შესაბამისად, ოპოზიციამ ყოველ კვირა უნდა შეახსენოს, რომ შანსის შემთხვევაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა, შეუქმნის საკონსტიტუციო უმრავლესობას, მეტი შარჟი და დაცინვაა საჭირო, რათა საზოგადოებას არ დაავიწყონ ეს აბსოლუტურად მავნებლური და ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებები. არ უნდა დაკარგოს ეს თემა ოპოზიციამ, მუდმივად უნდა აშარჟებდეს ამ საკითხს.
ერთი წუთი წარმოვიდგინოთ, რომ ღებულობენ ამ საკონსტიტუციო უმრავლესობას, ჰიპოტეტურად, მაშინ როგორ უნდა მოიქცნენ ამ მიმართულებით? ზეცაში ხელებაპყრობილი დაელოდებიან, როდის ჩამოვარდება ეს ტერიტორიული მთლიანობის შანსები. ხომ ამბობენ შანსები გაგვიჩნდება და მზად უნდა ვიყოთო. მერე იტყვიან, კი გვქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, მაგრამ ამის შანსი არ გაჩნდა და არ გამოვიდა.
საზოგადოებაში, განსაკუთრებით, სოც. ქსელების სივრცეში საუბრობენ შესაძლო კონფედერაციის იდეასა და გარიგებებზე ამ მიმართულებით. აფხაზურ საზოგადოებაში უფრო იგრძნობა ეს საფრთხეები და შიში.
ამის არანაირი მოძრაობა და ნიშანი არ არსებობს, ყოველშემთხვევაში, ამ სფეროში ვარ და არ გამიგია, რომ რაღაც კეთდება. არანაირ ძალებს არ აქვთ კონტაქტი ერთმანეთთან. მითუმეტეს, აფხაზეთში იმ ადამიანებს, იმ მინისტრებს ვგულისხმობ, ვისაც რაღაც გავლენა აქვს იქ.
ქართულ-აფხაზურ კონტაქტებს არ ვგულისხმობ, საუბარი და გარიგება შესაძლებელია იყოს მოსკოვსა და თბილისს შორის?
მოსკოვმა ყველანაირი იმედი გადაუწურა ოცნებას, როდესაც კობახიძემ გააკეთა განცხადება [უფრო დაცინვა], რომ 2030 წელს ერთიანი საქართველო შევა ევროკავშირში. იქ კონფედერაცია არც იყო ნახსენები, თუმცა, ამაზეც მას დასცინეს მოსკოვში, თან, არათუ ლავროვმა, არამედ ზახაროვამ და სიმონიანმა და კარასინმა. სხვა მხრივ, ხმას არ ამოიღებდნენ ეს ადამიანები. აქედანაც ჩანს, რომ არანაირი პროცესი არ მიმდინარებს არც მოსკოვი-თბილისის ჭრილში. ასეთი უამრავი ფაქტის მოყვანა შეიძლება. ჩემი ინფორმირებულობის დონეზე არანაირი ნიშანი არ ჩანს მსგავსი მოძრაობისა. მე ვიყავი სახელმწიფო დონეზე, მინისტრის რანგში ჩართული ამ პროცესებში, და დღემდე იქ უამრავი ექსპერტი მუშაობს, არც მათ აქვთ წარმოდგენა, თუ რაიმე რა ხდება ამ კუთხით თუ ამ სამინისტროს გვერდის ავლით მიმდინარეობს რამე, ეს კიდევ უარესი – საერთოდ რისთვისაა ეს სამინისტრო საჭირო.
მე ახლა ვლაპარაკობ ქართული მხარის გადმოსახედიდან, თორე აფხაზეთში, დიახ, ძალიან ნერვიულობენ, – ჰგონიათ, მათი გვერდის ავლით მართლაც რაღაც პროცესები მიმდინარეობს. მათი შფოთვა ჩემგან განსხვავებით საფუძვლიანია, რადგან სიბნელეში და გამოქვაბულში, სადაც ხმა და სინათლე არ შედის, მათ აქვთ განცდა, რომ შეიძლება მართლაც თბილისსა და მოსკოვს შორის შედგა კონტაქტები და რომ თბილისი მოსკოვთან გარიგების საფასურად მოითხოვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართულებით ხელშესახებ დათმობებს.
თუ მოსკოვი საქართველოსთვის რაიმეს დამთმობია, ეს არის მაქსიმუმ 2-3 ძვლის გადმოგდება. თუნდაც, გახსნან დამატებითი გამშვები პუნქტი მაგალითად ხურჩაში. ანდა, ახლა თუ ათდღიანი გავშვების რეჟიმია გამშვებ პუნქტზე ახალგორის მიმართულებით, მთელი თვით გახსნან ხოლმე, ან ერთი-ორი ქართული სკოლა გახსნან იმ ტერიტორიებზე ან ქართულ ენაზე დაუშვან სწავლება. ეს საკმარისი უნდა იყოს. მოსკოვს რაიმეს სერიოზულის გაკეთება რომ უნდოდეს, მის ხელშია ორი უნიკალური ბერკეტი, მას შეუძლია თქვას, რომ ის ფიქრობს, გაიყვანოს შეიარაღებული ძალების გარკვეული ნაწილი მაინც საქართველოს ტერიტორიიდან, ან გაიწვიოს აღიარება. თუმცა, ამას არ აკეთებს.
ეს ნიშნავს აფხაზეთში ბუნტს, თუ ასეთი წინადადება გააჟღერა მოსკოვმა
მაშინ კონფედერაცია კიდევ უფრო მეტ ბუნტს ნიშნავს. ის შეიძლება სულაც არ ნიშნავდეს მოსკოვის მიერ აღიარების უკან წაღებას. ჯარების გაყვანაზე კი შეიძლება უთხრა სოხუმს, რომ მაქვს გარანტია, საქართველო ძალას არ გამოიყენებს და მე კი ეს ჯარები მჭირდება უკრაინაში. მოსკოვს შეუძლია მსგავსი დემაგოგიით შეოიფარგლოს აფხაზებისთვის. მითუმეტეს, ფორმალურად არის გაყვანილი ჯარი. ამით იმის თქმა მინდა, რომ მოსკოვი ცალმხრივად არანაირ ნიშნებს არ აძლევს თბილისს, არც ცდილობს ქართველ ამომრჩეველზე შთაბეჭდილება მოახდინოს, რომელიც მზად არის “ქართულ ოცნებას” ხმა მისცეს. ამ ტიპის განცხადებებს მხოლოდ ივანიშვილი აკეთებს, ქართული ოცნება, კობახიძე და ა.შ., რომლებიც ჰიპოტეტურ, ციდან ჩამოვარდნილ შანსებზე ლაპარაკობენ. მოსკოვსაც კი ვერ აბრალებენ რამეს, რადგან იციან რომ როგორც კი ამას გააკეთებენ, იქიდან აუცილებლად სერიოზულ შემოლაწუნებას მიიღებენ.
ანუ” ქართული ოცნება” არჩევნებამდე იმდენად სასოწარკვეთილია, რომ ამომრჩევლის მხარდაჭერის იმედი მსგავსი განცხადებებით აქვს?
ვფიქრობ, მხოლოდ და მხოლოდ “გარეჯი საქართველოას” მსგავსი ნაბიჯია ესეც. არაფერი შეიცვლება, მათ სჭირდებათ მინიმალური, გასაცოდავებული ხმები, რათა მოფხიკონ და შეინარჩუნონ დეპუტატების რაღაც რაოდენობა მაინც პარლამენტში. რა საკონსტიტუციო უმრავლესობა. 2020 წელს 48% აიღეს, ისიც მაჟორიტარების ხარჯზე. ახლა, სავარაუდოდ, ითვალეს, ითვალეს, ალტ-ინფოს ხმების წაღებაც მოინდომეს, ხვდებიან, რომ ვერ იღებენ და ქუდზე კაცი გამოაცხადეს. იქმნიან ილუზიას, მითებს, რომ სჭირდებათ საკონსტიტუციო უმრავლესობა. აქამდე რატომ არ ლაპარაკობდნენ აფხაზეთის საკითხებზე, მხოლოდ არჩევნების წინ დაჭირდათ? არც ეკლესიაზე არ ლაპარაკობდნენ იქამდე მკაფიოდ. ყველა თემა რაც ახლა ამოყარეს, არჩევნებამდე გაახსენდათ, რადგან გაუჭირდათ.
როგორც ჩაივილს არჩევნები, ყველა ეს თემები დაიხურება, როგორც გარეჯის თემა, რადგან ვერ მიიღებენ საკონსტიტუციო უმრავლესობას. ღმერთმა დაგვიფაროს და თუ მართლა მოიპოვეს ეს უმრავლესობა, ვისღა ეცლება ამ თემებისთვის, დაიწყება პოლიტიკური ანგარიშსწორება და სულ სხვა რეალობა გვექნება ქვეყანაში, სადაც აფხაზეთი არავის გაახსენდება.
ზოგადად კი, კონსტიტუციის შეცვლა შერიგების თემის მიმართულებით, ბოლო ნაბიჯი უნდა იყოს, რაც შეიძლება გაკეთდეს. ეს უნდა იყოს ბოლო ეტაპი, მას შემდეგ რაც ყველა მხარე იქნება თანახმა ამაზე. ეს უნდა იყოს ბოლო აკორდი და არა ასე ბრმად მომეცი უფლება შევცვალო კონსტიტუცია და მერე ვიცი, მე რასაც გავაკეთებ. სულ მინიმუმ აფხაზებიდან დასტური უნდა არსებობდეს კონფედერაციისთვის. ეს კი არ ჩანს, მაშ რატომღა უნდა შეცვალოთ კონსტიტუცია. შესაბამისად, ეს დაპირება თუ მოწოდება, წმინდა წყლის ბლეფია და არანაირი კავშირი რეალობასთან არ აქვს.