„აპსადგილ ინფოს“ ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა ლაშა აშუბამ ხელი მოაწერა „აპარტამენეტების შესახებ“ კანონპროექტის (აფხაზეთის რესპუბლიკის რაიონების, ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ) გატანის დოკუმენტს.
„სახალხო კრების რეგლამენტის შესაბამისად, სპიკერმა ლაშა აშუბამ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც ეს კანონპროექტი უბრუნდებათ დეპუტატებს, რომლებმაც მისი განხილვა დააინიციირეს“ ,— წერია განცხადებაში.
დე ფაქტო პარლამენტის პრესსამსახურმა ასევე გააკეთა განცხადება, სადაც აღნიშნულია:
„ხანგრძლივი კონსულტაციებისა და აქტიური შიდა საპარლამენტო დიალოგის შედეგად, საზოგადოებრივი აზრისა და უპირველეს ყოვლისა, სამამულო ომის გმირების, უხუცესთა საბჭოს გათვალისწინებით, აფხაზეთის სამეცნიერო საზოგადოების, ინტელიგენციის და სხვა დაინტერესებული მოქალაქეების, „აფხაზეთის რესპუბლიკის რაიონების, ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ“ კანონპროექტის განხილვის თაობაზე დაძაბულობის განმუხტვისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად კანონპროექტის ინიციატორებმა გადაწყვიტეს, შემოღებული კანონპროექტი განხილვიდან მოეხსნათ.
სახალხო კრების – აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატები მადლობას უხდიან კოლეგებს, კანონპროექტის ინიციატორებს რთული სიტუაციის მიმართ პასუხისმგებლობით მიდგომისთვის. დეპუტატები მადლობას უხდიან აფხაზეთის მოსახლეობას აქტიური სამოქალაქო პოზიციისთვის და შეახსენებენ მათ ჩვენს ქვეყანაში ჰარმონიისა და სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას.“
კანონპროექტის გაწვევის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა. ახალგაზრდული მოძრაობა „ҲараҲПицунда“ საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე აქვეყნებს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ კანონპროექტის გაწვევა საკმარისი არ არის.
„კანონპროექტის გაწვევა ნიშნავს გადავადებას! გაწვევა დროებითი გამოსავალია. არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია ამის მიღება. ამ კანონპროექტის არსებობის ფაქტით მოქმედმა ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მისი ნდობა შეუძლებელია. ჩვენ ვითხოვთ გარანტიებს. ჩვენ გვჭირდება წერტილის დასმა ამ საკითხთან დაკავშირებით და ეს გვჭირდება ახლა. ჩვენ გვჭირდება მორატორიუმი.
თუ ხელისუფლება ახლავე გადაწყვეტს საკითხის უკან გაწვევას, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ სურთ კიდევ ერთხელ დააყენონ ეს დღის წესრიგში. ჩვენ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ“ ,— აცხადებს ახალგაზრდული მოძრაობა.
„აპსადგილ ინფოს“ ცნობით, 18 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საპარლამენტო კომიტეტის წევრებმა გადაწყვიტეს, პარლამენტის სესიაზე განსახილველად წარედგინათ კანონი „ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ“.
აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს ამ ტერიტორიებზე აპარტამენტებისა და აპარტ-ოტელების მშენებლობას. პარლამენტის [დე ფაქტო] ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარის, რეზო ზანთარიას განცხადებით, საპილოტე პროექტი 150 ჰექტარზე მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტით 10 000 ოთახია გათვალისწინებული.
ეს ბინები არ იქნება განკუთვნილი მუდმივ საცხოვრებლად. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების მთავარი არგუმენტია, რომ მსგავსი მასშტაბური მშენებლობა აფხაზეთის ეკონომიკას მნიშვნელოვნად გააძლიერებს.