სამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანმა ОДКБ-ს დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი განაცხადა

24 ნოემბერი, 2022 •
ფაშინიანმა ОДКБ-ს დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი განაცხადა

“სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის დარეგულირების კონტექტსში ОДКБ-ს მხრიდან სომხეთისთვის დახმარების გაწევის შესახებ დოკუმენტი პრაქტიკულად მზადაა, თუმცა დამუშავებას საჭიროებს”, – ამის შესახებ ერევნის სამიტის შეფასების დროს მედიას განუცხადა სამხედრო ბლოკის გენერალურმა მდივანმა სტანისლავ ზასმა.

სომხური მედიის ცნობით, ერევნის სამიტზე მიღებული იყო 15 გადაწყვეტილება, რომელთა შორის ორი საჭიროებს შემდგომ დამუშავებას. ერთ-ერთი საკითხი კი სომხეთს უკავშირდება.

“ნიკოლ ფაშინიანმა გაიმეორა, რომ ერევანი ორგანიზაციისგან მოელის პოლიტიკურ შეფასებას სომხეთის ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ და სწორედ ამ მიზეზით მზად არაა, ხელი მოაწეროს ამ დოკუმენტს. კონკრეტულად რა ფორმულირებებია დოკუმენტში, უცნობია”, – წერს azatutyun. am.

“ОДКБ -ს მხრიდან მიმდინარე სიტუაციის მკაფიო პოლიტიკური შეფასების არარსებობა და ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილების მიუღებლობა შესაძლოა ნიშნავდეს არა მხოლოდ ОДКБ -ს მხრიდან სამოკავშირეო ვალდებულებებზე უარის თქმას, არამედ იმასაც, რომ აზერბაიჯანი ამას ОДКБ -სგან აღქვამს მწვანე შუქად შემდგომი აგრესიისთვისაც. ეს ყოველივე კი ეწინააღმდეგება ОДКБ -ს სულისკვეთებას და ყველა იმ დოკუმენტის არსს, რომელიც ორგანიზაციის საქმიანობას უდევს საფუძვლად”, – განაცხადა ფაშინიანმა.

azatutyun.am -ის ცნობითვე, ფაშინიანმა თქვა, რომ მომხდარის პოლიტიკური შეფასება, პირველ რიგში, მორალური თვალსაზრისით არის აუცილებელი, რადგანაც ეს სამოკავშირეო ურთიერთობების ლოგიკური გამოვლინებაა.

ფაშინიანის განცხადებითვე, სომხეთს სურს, რომ ОДКБ -მ აზერბაიჯანთან პოლიტიკურ-დიპლომატიური სამუშაო ჩაატაროს იმისთვის, რომ სომხეთის ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს.

23 ნოემბერს ОДКБ-ს [კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია] სამიტი ერევანში აქციების ფონზე გაიმართა.

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ (ОДКБ) ევრაზიაში NATO-ს მსგავსი, რუსეთის მიერ დომინირებული სამხედრო ბლოკია, რომლის მიზანიც წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოების დაცვაა.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად სომხეთმა არაერთხელ მიმართა ორგანიზაციას, რეაგირება მოეხდინა სომხეთ-აზერბაიჯანის შეიარაღებული კონფლიქტისას, ОДКБ ნეიტრალობას ინარჩუნებს სომხური ტერიტორიების ოკუპაციაზე. ეს ფაქტი სომხეთში მოსახლეობის ნაწილის გაღიზიანებას იწვევს, რის გამოც ორგანიზაციის დატოვებას მოითხოვდნენ.ОДКБ-ს სამიტზე ერევანში ქვეყნის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა ორგანიზაციის მუშაობა კვლავ გააკრიტიკა იმის გამო, რომ სომხეთს აზერბაიჯანთან შეტაკებების დროს შესაბამისი მხარდაჭერა ორგანიზაციის ქვეყნის წევრებისგან არ მიუღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი