სამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში ისტორიული ხიდის დანგრევას გეგმავენ – რა უნდა იყოს თბილისის პოზიცია

11 ოქტომბერი, 2022 • 1696
ცხინვალში ისტორიული ხიდის დანგრევას გეგმავენ – რა უნდა იყოს თბილისის პოზიცია

ცხინვალში დე ფაქტო ხელისუფლება ისტორიული ხიდის დანგრევასა და ახლის აშენებას გეგმავს.

თუმცა ქალაქის მცხოვრებლების ნაწილის მხრიდან ამას უკვე მოჰყვა პროტესტი.

ხიდის დანგრევა აშფოთებთ კულტურული მემკვიდრეობის დამცველებს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ საკითხით უფრო მეტად დაინტერესებისკენ და საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირებისკენ.

ისტორიული ხიდი

ხიდი ცხინვალში 1910 წელს, რუსეთის იმპერიის დროს ააგეს. იმ დროს ეს იყო ცხინვალში, მდინარე ლიახვზე ერთადერთი ფართო, ქვის, აგურისა და რკინისგან აგებული ხიდი, რომელზეც შედარებით მძიმე ტვირთების გადატანა იყო შესაძლებელი.

ამ დროს ცხინვალი გორის მაზრაში და, შესაბამისად, თბილისის გუბერნიაში შედიოდა.

მანამდე იმავე ადგილას იყო 1883 წელს აგებული ხის ხიდი.

ხიდის მშენებლობის პროცესი. ფოტო Facebook გვერდიდან „ცხინვალი Tskhinvali Цхинвали“. 

საბჭოთა კავშირის პერიოდში, ცხინვალში, მდინარე ლიახვზე შედარებით უფრო დიდი ხიდიც აიგო, თუმცა საბჭოთა პერიოდში 1910 წელს აგებული ხიდიც გამოიყენებოდა.

ხიდი ნაწილობრივ დაზიანდა 1990-იან წლებში რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის დროს, რის შემდეგაც მასზე მძიმე მანქანები აღარ გადაადგილდებოდნენ.

დანგრევა რესტავრაციის ნაცვლად 

ცხინვალში დიდი ხანია საუბრობენ ხიდის რეკონსტრუქციის, ან ახლით ჩანაცვლების შესახებ.

ოსური საინფორმაციო სააგენტო RES-ის თანახმად, თავიდან ხიდის დანგრევას მხარს არ უჭერდა დე ფაქტო კულტურის სამინისტრო, რომლის მიხედვითაც, ხიდი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იყო, თუმცა საქმეში დე ფაქტო პროკურატურა ჩაერია, რომელმაც დაადგინა, რომ ხიდი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში „დარღვევებით“ იყო შეტანილი და ამ სიიდან ამოღების „რეკომენდაცია გასცა“.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ხიდის მედეგობის კვლევის სამუშაოები რუსეთის მიერ დაფინანსებული სოციო-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში რუსულმა საინჟინრო კომპანიამ ჩაატარა და დადგინდა, რომ კონსტრუქციაზე ფიქსირდებოდა დაახლოებით 70 -პროცენტიანი ცვეთა, რაც სტანდარტით აღემატებოდა დაშვებულ ნორმას.

მშენებლობის დე ფაქტო მინისტრის, ედუარდ ძაგოევის განცხადებით, საჭიროა ახალი ხიდის აშენება, იმის გათვალისწინებით, რომ ხიდის რეკონსტრუქცია გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე ახლის აშენება.

ხიდის დანგრევას მოწინააღმდეგეები ცხინვალშიც გამოუჩნდა.

Эхо Кавказа-მ 6 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია ცხინვალში გამართული საპროტესტო შეკრების შესახებ, სადაც მოქალაქეებმა ხიდის დანგრევის გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

შეკრებილთა ნაწილის განცხადებით, ხიდი ქალაქის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია და უმჯობესი იქნებოდა მისი საფეხმავლო დანიშნულებით შენარჩუნება.

რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ

კულტურული და ისტორიული ძეგლთა დაცვის ორგანიზაცია „ლურჯი ფარის“ განცხადებით, მიუღებელია კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის განადგურება.

„ლურჯი ფარის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაცია ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდის საერთაშორისო ლურჯ ფარსა და საერთაშორისო იკომოსს“

ორგანიზაცია მიმართავს სახელმწიფო უწყებებს – საგარეო საქმეთა სამინისტროს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს- თხოვნით, მოახდინონ პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება და მოითხოვონ საკითხის განხილვა იუნესკოს 1954 წლის ჰააგის კონვენციისა და მისი ოქმების შესრულების კონტექსტში.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, რომელიც მათ შორის კონფლიქტის მკვლევარია, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად უნდა გამოეხმაუროს აღნიშნულ ფაქტს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ისტორიული თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც ქართველი და ოსი ხალხის მემკვიდრეობას წარმოადგენს, იყოს დაცული. ცხინვალის ხიდი სწორედ ასეთია, ის საუკუნეზე მეტს ითვლის, ქართველების მიერაა აშენებული და შერწყმულია ქალაქის ლანდშაფტთან“, – აცხადებს ნანუაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას.

მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იაქტიუროს, რათა აღნიშნული საკითხი დარგის ექსპერტების ჩართულობის გარეშე არ გადაწყდეს.

„საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც იურიდიულად, მათ შორის, ვრცელდება ცხინვალში, უნდა მოახდინოს დროული რეაგირება. ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა არა მხოლოდ ცხინვალში, არამედ აფხაზეთშიც“, – აცხადებს იგი.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა საქართველოს კულტურის სამინისტროს, რათა გაეგო, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა უწყებიდან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი