სამხრეთ კავკასიის ამბები

“თანდათან ვუახლოვდებით მშვიდობას” – ალიევი ოთხმხრივი შეხვედრის შემდეგ

6 ოქტომბერი, 2022 • 1346
“თანდათან ვუახლოვდებით მშვიდობას” – ალიევი ოთხმხრივი შეხვედრის შემდეგ

პრაღაში დასრულდა ოთხმხრივი შეხვედრა სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შორის.

შეხვედრის მთავარი საკითხი მთიანი ყარაბაღის გარშემო სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზებაა.

“ვიმედოვნებ, ჩვენ თანდათანობით ვუახლოვდებით მშვიდობას. ვაფასებ შარლ მიშელის მუშობას ამ კუთხით, რადგან, როგორც იცით, ბრიუსელში რამდენჯერმე ჩატარდა სამმხრვი შეხვედრა და ყოველ ჯერზე სულ უფრო ახლოს ვართ მშვიდობასთან”, – განაცხადა ალიევმა შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანულ მედიასთან.

აზერბაიჯანი ითხოვს, შეთანხმებას საფუძვლად უნდა დაედოს ის ხუთი საბაზო პრინციპი, რომელიც აქამდე აზერბაიჯანს წარდგენილი აქვს სომხეთისთვის. ბაქო იქამდე ავრცელდებდა ინფორმაციას, რომ შეთანხმებისთვის წარადგინა რამდენიმე პუნქტი, მათ შორის, ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის შესახებ, რაც სომხურ საზოგადოებაში და ოპოზიციურ პოლიტიკურ წრეებში აღიქვეს ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის ჩაბარებად.

მისივე თქმით, აღნიშნულმა ოთხმხრივმა შეხვედრამ, რომელიც ორგანიზებული იყო შარლ მიშელისა და ემანულ მაკრონის მიერ, სამშვიდობო პროცესს ახალი იმპულსი შესძინა.

“შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები და, ვფიქრობ, ამ შეხვედრას მნიშვნელოვანი როლი ექნება სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად. ამასთან, მოლაპარაკებები გრძელდება. ჩვენ შევთანხმდით, რომ ვახშამის შემდეგ ისევ შევიკრიბებით. ნებისმიერ შემთხვევაში სამშვიდობო პროცესი უკვე დაიძრა”.

ამასთან, დღესვე ორმხრივი შეხვედრა გაიმართა სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შორისაც. შეხვედრის დეტალების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია, ჯერ არ გავრცელებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი