სამხრეთ კავკასიის ამბები

“სიტუაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე უკიდურესად გამწვავდა” – სომხეთის თავდაცვა

14 სექტემბერი, 2022 • 1390
“სიტუაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე უკიდურესად გამწვავდა” – სომხეთის თავდაცვა

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 14 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 15:00 საათისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაცია უკიდურესად გამწვავებულია. ინფორმაციას azatutyun.am სამინისტროს პრესპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, საზღვრის მთელ პერიმეტრზე, ქალაქ სოთქიდან გორისამდე, აზერბაიჯანულმა მხარემ ინტენსიური სარაკეტო-საარტილერიო დაბომბვა განაახლა, საუბარია მათ შორის დასახლებულ პუნქტებზე.

“თავდასხმების სამიზნე გახდა ასევე რუსეთის ფედერალური სამსახურის ავტომობილები, რომლებიც საომარი მოქმედებების ზონაში ჰუმანიტარულ მისიას ასრულებდნენ”.

საგარეო უწყება ასევე აცხადებს, რომ სომხეთის ძალები ყველა შესაძლო ადეკვატურ საპასუხო ნაბიჯებს დგამენ.

13 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 00:05 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის ტერიტორიის მიმართულებით ფართომასშტაბიანი საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. 13 სექტემბრის მონაცემებით, აზერბაიჯანული მხარის თანახმად, სომხეთთან სასაზღვრო შეტაკებებში დაკარგეს 50 მოსამსახურე, მათ შორის 42 ჯარისკაცი და 8 მესაზღვრე. სომხური მხარის ცნობით, 13 სექტემბრის ბრძოლას, სულ მცირე, 49 სომეხი ჯარისკაცი შეეწირა. ამ ეტაპზე უცნობია მონაცემები ახალი ადამიანური დანაკარგების შესახებ.

სომხეთის ქალაქების დაბომბვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ აზერბაიჯანის საპასუხო განცხადებაში წერია, რომ მისი მოქმედებები გამოწვეულია სომხეთის მიერ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის მიმართულებით ფართომასშტაბიანი პროვოკაციით.

აზერბაიჯანის აგრესიის მიზანი – ხედვა სომხეთიდან

აშშ-ს სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ 13 სექტემბერსვე მწვავე განცხადება გააკეთა და დაგმო აზერბიჯანის აგრესია. აშშ-ს ცალკეულმა სენატორებმა და კონგრესმენებმა, ევროკავშირის ფრანგმა დეპუტატებმა და ზოგადად ფრანგმა დეპუტატებმა აზერბაიჯანს სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა მოსთხოვეს. საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა ასევე შეშფოთება გამოთქვა სომხეთის ტერიტორიული სუვერენიტეტის დარღვევის გამო. რუსეთმა და ევრაზიული კავშირის სხვა ქვეყნებმა ორივე მხარეს სიტუაციის ესკალაციისგან თავშეკავებისკენ მოუწოდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი