სამხრეთ კავკასიის ამბები

მალე რუსეთ-საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყება – სომხეთის მინისტრი

12 აგვისტო, 2022 •
მალე რუსეთ-საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყება – სომხეთის მინისტრი

სომხეთის ეკონომიკის მინისტრის, ვაან კერობიანის თქმით, უახლოეს დღეებში რუსეთ-საქართველოს შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყება. სომხეთი აცხადებს, რომ ამ გზით მათ გაეხსნებათ ტვირთგადაზიდვის ახალი, ალტერნატიული გზა.

ბორანმა ფოთსა და რუსეთში, კრასნოდარის ოლქში მდებარე პორტ „კავკაზს“ შორის უნდა იაროს.

„ამჟამად ჩართულები ვართ სამუშაოების ფინალურ ეტაპზე, გრაფიკი უახლოეს პერიოდში გამოქვეყნებდა“, – განაცხადა მინისტრმა, მის სიტყვებს კი „რადიო თავისუფლების“ სომხური ბიურო ავრცელებს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სომხეთი და მისი ოფიციალური უწყებები საბორნე მიმოსვლის შესახებ საუბრობენ. თუმცა დღეს კერობიანმა თქვა, რომ უკრაინაში ომის გამო რიგი სირთულეები გამოჩნდა.

„მოდი, დაველოდოთ რამდენიმე დღე და დარწმუნებული ვარ, რომ რეზულტატი იქნება. დიახ, ეს არ არის მარტივი საკითხი, მით უფრო, რომ ის გაართულა მძიმე გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა და ზეწოლამ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მალე ჩვენი შრომა ნაყოფს გამოიღებს“, – ამატებს მინისტრი.

სომხური გამოცემა News.am 2022 წლის მარტის დადგენილებაზე დაყრდნობით წერს, რომ ბორანმა კვირაში ორჯერ უნდა იაროს. ეს კი, თავის მხრივ, ააჩქარებს ტვირთის გადაზიდვას. გამოცემა აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტროს თქმით, ამჟამად ტვირთის გადაზიდვა სომხეთიდან რუსეთში ლარსის გავლით 7 დღეში ხდება, ბორნით კი ეს დრო 3 დღემდე შემცირდება.

ამავე გამოცემის თანახმად, ეკონომიკის სამინისტრო ამბობდა, რომ საბორნე მიმოსვლა 15 ივნისს უნდა ამოქმედებულიყო.

„სომხეთი უკვე დიდი ხანია განიხილავს „ლარსის“ ალტერნატივად ტვირთგადაზიდვის მულტიმოდალურ ფორმას. ნავარაუდევია, რომ ტვირთს სომხეთიდან რკინიგზით ან/და ტრაილერების მეშვეობით ფოთში ჩაიტანენ, სადაც კონტეინერებში განთავსების შემდეგ,  ბორნით მიიტანენ პორტ კავკაზსა და რუსეთის სხვა ქალაქებში“, – წერს გამოცემა.

დამატებითი კომენტარისთვის ნეტგაზეთი დაუკავშირდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს. უწყების პასუხის შემდეგ მასალა განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი