სამხრეთ კავკასიის ამბები

რატომ შეიძლება გაუქმდეს ცხინვალში რეფერენდუმი

24 მაისი, 2022 • 1188
რატომ შეიძლება გაუქმდეს ცხინვალში რეფერენდუმი

ავტორი: მურატ გუკემუხოვი


რას ნიშნავს ბიბილოვის მიერ 17 ივლისს დანიშნული რეფერენედუმი რუსეთთან შეერთების საკითხზე? გეგმავს თუ არა მოსკოვი, ყირიმის მსგავსად, სამხრეთ ოსეთის ანექსიასაც? 

სანამ სამხრეთ ოსეთს გარეთ ვარაუდებს გამოთქვამენ, თუ რატომ დანიშნა ბიბილოვმა რეფერენდუმი, თავად სამხრეთ ოსეთში პრეზიდენტ ალან გაგლოევის ინაუგურაციის შემდეგ მისი გაუქმების საბაბს ეძებენ. 

ანატოლი ბიბილოვის უკანასკნელი პროექტი პრეზიდენტის პოსტზე 17 ივლისს დანიშნული რეფერენდუმია რუსეთთან შეერთების საკითხზე. 

არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ბიბილოვმა პლებისციტი დანიშნა პრეზიდენტის, ალან გაგლოევის ინაუგურაციამდე [24 მაისი] რამდენიმე დღით ადრე.

ადგილობრივმა საზოგადოებამ ბიბილოვის საქციელს უპრეცედენტო და აღმაშფოთებელი უწოდა:

“დამარცხებული პრეზიდენტი, ფაქტიურად, ისევ ქვეყნის ხელმძღვანელის ფუნქციას ასრულებს. თუმცა ჩვენს კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს არ შეუძლია პლებისციტის ინიცირება და ეს ლოგიკურიცაა: ვერ დანიშნავს რეფერენდუმს ადამიანი, ვისაც ამომრჩეველმა უნდობლობა გამოუცხადა”, – აცხადებს პოლიტოლოგი ვიაჩესლავ გობოზოვი. 

თუმცა, გადაწყვეტილების მიღებისას, ბიბილოვს, როგორც ჩანს, ამომრჩევლის ნდობის საკითხი არც აწუხებდა. და ვინაიდან მას სრულიად გააზრებული ჰქონდა საზოგადოების რეაქცია, პლებისციტის მოსამზადებელი სამუშაოებიც საიდუმლოდ ჩაატარა. 

12 მაისს საინფორმაციო სააგენტო “რეს”- მა დაწერა, რომ საარჩევნო კომისია შსს-ს ავთენტურობის შესამოწმებლად რეფერენდუმის მხარდასაჭერად შეგროვებულ ხელმოწერებს გადასცემს. 

13 მაისს შსს-ს უკვე შემოწმებული ჰქონდა ხელმოწერილი ფურცლები, შეადგინა აქტი და დაუბრუნა დოკუმენტები საარჩევნო კომისიას, რომელმაც, თავის მხრივ, პრეზიდენტს დადებითი დასკვნა გაუგზავნა. ბიბილოვმა დოკუმენტები უზენაეს სასამართლოს გაუგზავნა. უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმმა რეფერნდუმის პროექტი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში განიხილა და ასევე დადებითი დასკვნა გაუგზავნა ბიბილოვს, რის შემდეგაც რეფერენდუმის ჩატარებაზე განკარგულებას 17 მაისს მოაწერა ხელი. ყველა ეს პროცედურა საჭირო 3-4 კვირის ნაცვლად ერთ დღეში ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო სააგენტო “რეს”-მა თითოეული ამ განხორციელებული აქტის შესახებ საზოგადოებას პოსტფაქტუმ ამცნო – მაშინ, როდესაც საქმეში ვეღარავინ ჩაერეოდა.

ჩნდება კითხვა: რაში სჭირდება ეს ბიბილოვს? ამით მოსკოველი კურატორების  დავალებას ასრულებდა თუ რეფერენდუმის ჩატარება მისი საკუთარი ინიციატივაა? 

ფაქტია, ბიბილოვის განკარგულებამ ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი ხმაური გამოიწვია – თუ რეფერნდუმის უკან მოსკოვი დგას, ე.ი. რუსეთთან მიერთების საკითხი გადაწყვეტილია?! 2014 წელს ყირიმის ანექსიაც ხომ რეფერენდუმით დაიწყო.

შექმნილი ასოციაციების უარყოფა კრემლის სპიკერებმა უკვე მოასწრეს. პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა tass-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი არ ატარებს რაიმე სამუშაოებს სამხრეთ ოსეთის მიერთების საკითხებზე:

“რამდენადაც გვესმის, ეს რეალურად არის საზოგადოებისა და მისი წინა ხელმძღვანელის განწყობები რესპუბლიკაში. თუმცა  ამჟამად რუსეთი რაიმე სამუშაოებს არ ატარებს”. 

კონსტანტინე ზატულინმა, დსთ-ის საკითხებში სახელმწიფო დუმის კომიტეტის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ gazeta.ru-სთან განაცხადა, რომ პლებისციტის ჩატარების საჭიროებას ვერ ხედავს.

“ვფიქრობ, ამჟამად რაიმე საფრთხე, რომელიც საგანგებო და დემონსტრაციული ზომების მიღებას მოითხოვდეს, არ არსებობს. ჩემი აზრით, ასეთი გადაწყვეტილება ზედმეტია… მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ შევქმენით საკონმდებლო ბაზა ორმხრივი ურთიერთოების განვითარებისთვის, ხელი მოვაწერეთ და საკმაოდ ბევრი შეთანხმების რატიფიცირება მოვახდინეთ. ვფიქრობ, ეს ყველაფერი უფრო მეტადაც აკომპენსირებს ყველა პრობლემას, რომელიც გაერთიანების შემთხვევაში გადაწყდებოდა”. 

სამაგიეროდ, როგორც ზატულინი ამბობს, საკმაოდ წონადი არგუმენტები არსებობს რეფერენდუმის წინააღმდეგ: 

“ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, რა ხდება ახლა კავკასიაში. ცხადია, სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმი მეზობელ საქართველოში ემოციების ნაკადის პროვიცირებას გამოიწვევს. ამჟამად ჩვენ სპეციალური სამხედრო ოპერაცია გვაქვს უკრაინაში და, ვფიქრობ, საქართველოსთვის წვერზე მოქაჩვა არ გვიღირს”. 

ამ საკითხებზე დამკვირებელი რუსი ექსპერტები კონსტანტინე ზატულინის აზრს იზიარებენ. პოლიტოლოგი ნიკოლაი სილაევი ინტერვიუში “ეხოკავკაზასთან” იხსენებს 1992 და 2006 წლებში ჩატარებულ რეფერენდუმებს და ამბობს, რომ მისი მესამედ ჩატარება არა მხოლოდ უცნაური, არამედ საზიანოც კი იქნება. 

“სულ ახლახან რუსულ-ქართულ ურთიერთობებში ძალიან საინტერესო წინსვლა მოხდა, როდესაც საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მხარი არ დაუჭირა. ასეთ პირობებში რეფერნდუმის ჩატარება, რომელიც თბილისის  უკმაყოფილებას გამოიწვევს, მგონი, უდგილო იქნება. ვფიქრობ, მოსკოვში ამას გაითვალიწინებენ”. 

არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებაც [ინსაიდერული], თითქოს რეფერენდუმის დანიშვნით ბიბილოვმა შეასრულა მოსკოვის დავალება. თუმცა მსგავსი მოსაზრებები პრესაში არ ხვდება.

არსებობს მესამე ვარიანტიც – შესაძლოა, ბიბილოვისთვის რეფერენდუმის იდეის მიწოდება, კონკურენტული მიზნებიდან გამომდინარე, რომელიმე ლობისტური ჯგუფის მიერ იყო მიწოდებული. ცნობილია, რომ მოსკოვსა და ცხინვალს შორის თანამშრომლობას, ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით, ლობისტური ჯგუფები აკონტროლებენ. ასეც რომ იყოს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ პუტინს გადაწყვეტილება აქვს მიღებული. 

ექსპერტები, რომლებიც აკვირდებიან სიტუაციას, ამბობენ, რომ ვლადისლავ სურკოვის გადადგომის შემდეგ, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით კრემლის პოლიტიკის შესახებ ინფორმაცია მათგან დახურეს, ამიტომაც მხოლოდ ვარაუდების ადგილი რჩება. სპიკერების ფრთხილი განცხადებები კი თითქოს იმას მიუთითებს, რომ ვერც საკუთარ სისწორეში იქნება ვინმე დარწმუნებული და ვერც კრემლის ლოგიკის გაგებაში. 

სამხრეთ ოსეთში უფრო მეტად ემხრობიან აზრს, რომ საქმე არა იმდენად კრემლის გადაწყვეტილებაა, არამედ უფრო ბიბილოვის უზომო თავმოყვარეობა და რთული ემოციური მდგომარეობა არჩევნებში დამარცხების შემდეგ. თითქოს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ცდილობს, ალან გაგლოევს ცხოვრება გაურთულოს და პოლიტიკური რევანშისთვის ემზადება.

პრეზიდენტობის უკანასკნელ დღეებში ბიბილოვი უჩვეულოდ აქტიურია: არიგებს ჯილდოებს, ოფიცრებს წოდებებს ანიჭებს, ატარებს საკადრო ცვლილებებს შსს-ში. გასაგებია, რომ ეს საკადრო დანიშვნები დიდხანს არ გასტანს, რადგანაც გაგლოევს საკუთარი კადრები ეყოლება თანამდებობებზე დასანიშნად და, შესაბამისად, ახალი მტრების შეძენაც მისთვის გარანტირებული იქნება.

კანონი გაგლოევს პლებისციტის ჩატარებას ავალდებულებს. მას მხოლოდ სამი თვით გადადება შეუძლია. ის, ვინც ბიბილოვის ხასიათს იცნობს, დარწმუნებულია, რომ მას თავიდანვე გათვლილი ჰქონდა, რომ გაგლოევი მის გადაწყვეტილებას გააუქმებდა, რითაც ბიბილოვს მისცემდა კრიტიკის საბაბს, რომ გაგლოევი ოსი ხალხის გაერთიანების საუკუნებრივ ოცნებას აფერხებს და ა.შ. 

ამ ნაბიჯებით ბიბილოვი ცდილობს, შექმნას მომავლის პოლიტიკური დღის წესრიგი, რომლის განხილვაშიც თავადაც მიიღებს მონაწილეობას [რუსეთის და ოსეთის მტრების მხილება მისი საყვარელი საქმიანობაა].  

ალან გაგლოევმა უკვე გააკეთა ბიბილოვის ინიციატივაზე განცხადება. მან გაოცება გამოხატა იმასთან დაკავშრებით, რომ ის, როგორც ახალარჩეული პრეზიდენტი, საქმის კურსში არ ჩააყენეს პლებისციტთან დაკავშირებით. ასევე, შეახსენა ბიბილოვს ინტეგრაციის შესახებ შეთანხმება, რომ სამხრეთ ოსეთი ვალდებულია, მოსკოვს საგარეო პოლიტიკური კურსი შეუთანხმოს. მისივე თქით, “ყველა ნაბიჯი რეფერენდუმის საკითხზე გადადგმული იქნება საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმების დაცვით, მოსკოვთან კონსულტაციების გამართვისა და შეთანხმებების შესრულების საფუძველზე”. 

მოსკოვთან შეთანხმების ვალდებულების გარდა, კიდევ ერთი მიზეზი რეფერენდუმზე უარის თქმისა არის ის, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

ეს ღონისძიება გახმოვანდა როგორც “რეფერენდუმი რუსეთს შემადგენლობაში შესვლაზე”, მაგრამ   პლებისციტის კითხვა ფორმალურად ასე დგას: მხარს უჭერთ სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის გაერთიანებას? 

ტერმინები “გაერთიანება” და “შემადგენლობაში შესვლა” არ არის იგივე. თუ საუბარია რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე სუბიექტის უფლებებით, მაშინ კითხვა ასეც უნდა დასმულიყო. 

ყირიმის რეფერენდუმზე კითხვა სწორედ ასე იყო დასმული: მხარს უჭერთ თუ არა ყირიმის გაერთიანებას რუსეთთან რუსეთის ფედერეციაში სუბიექტის უფლებებით? 

აქ კი რაღაც გაუგებარი ტერმინია “გაერთიანება”. გაერთიანება სად? სამოკავშირეო სახელმწიფოში თუ სახელმწიფოთა კავშირში? ან იქნებ საუბარია ეკონომიკურ ან სამხედრო გაერთიანებაზე? თუმცა ამას რეფერენდუმი არ სჭირდება. კონსტიტუცია უშვებს სამხრეთ ოსეთის შესვლას კავშირებში საკუთარი სახელმწიფოებრივი უფლებამოსილებების ნაწილის გადაცემით კავშირისთვის.

მაშინ რის შესახებაა რეფერენდუმი? 

ამასთან, “ამომრჩევლის უფლებების ძირითადი გარანტიების” შესახებ კანონით, კითხვა, რომელიც რეფერენდუმზე გადის, არ უნდა უშვებდეს ინტერპრეტაციებს და ცალსახად უნდა იყოს დასმული. ეს კი არის სამართლიანი საფუძველი რეფერენდუმზე უარის თქმისა. სწორედ კითხვის არასწორი ფორმულირება იმის ირიბი მტკიცებულებაა, რომ ინიცაიტორი არ არის მოსკოვი. 

კიდევ ერთი მიზეზი რეფერენდუმზე უარის თქმისა არის კენჭისყრის ბუნდოვანი შედეგები. სამხრეთელი ოსების საყოველთაო მისწრაფება რუსეთის შემადგენლობაში სუბიექტის უფლებებით შესვლაზე – მოძველებული პოლიტიკური კლიშეა. 

ამ თეორიის არგუმენტის სასარგებლოდ მეტყველებს ორი რეფერენდუმის [1992 და 2006] შედეგი, რომელზეც ოსებმა თითქმის ერთხმად დაუჭირეს მხარი რუსეთთან მიერთებას. ამასთან, ორატორებს თითქოს ავიწყდებათ, რომ ამდენივე ამორჩეველმა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობასაც დაუჭირა მხარი. 

ამ ერთი შეხედვით ურთიერთგამომრიცხავ არჩევანს მარტივი ახსნა აქვს – ხალხს სურდა საქართველოსგან განცალკევება ამ ორი არჩევანიდან ნებისმიერი გზით. 

აქ მიიჩნევენ, რომ ბიბილოვმა 2017 წლის აჩევნებში სწორედ რუსეთთან შეერთების ლოზუნგის წყალობით გაიმარჯვა. რაც არ არის მართალი. მან გაიმარჯვა ედუარდ კოკოითის [მისი რესურსი მაშინ 25%-ით ფასდებოდა], კრემლის მხარდაჭერის [რომელიც 2010 წლიდან გეგმურად მიათრევდა ბიბილოვს საპრეზიდენტო სავარძლამდე] და, როგორც სულ ახლახან აღმოჩნდა, ასლან გაგიევის დანაშაულებრივი სინდიკატის მხარდაჭერით.

გაგიევის ერთ-ერთო ადვოკატის თანახმად, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ბიბილოვის საარჩევნო კამპანიაში ცხრა მილიონ აშშ დოლარზე მეტი ჩადო. ასევე, ბიბილოვის მაშინდელ გამარჯვებაში არ უნდა დავივიწყოთ წინა პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვით იმედგაცრუბული ამომრჩევლის როლი. 

ამ ფაქტორების მიუხედავად, ეს უკიდურესად საკამათო მტკიცება, რომ ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების იდეის გამო გაიმარჯვა, საკმაოდ მალე პოლიტიკურ მანტრად გადაიქცა. ნებისმიერი პოლიტიკოსი სამხრეთ ოსეთიდან საკუთარ თავს ვალდებულად თვლის, რომ რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის შესვლაზე განაცხადოს. ეს არის ერთგვარი ერთგულების სიგნალი მოსკოვისთვის – “მე შენიანი ვარ”.

რეალურად ყველაფერი ასე ცალსახა არ არის. სამხრეთ ოსეთში დამოუკიდებლობის მომხრეები და მათი რაოდენობა იზრდება იმის შესაბამისად, რაც რუსეთში პუტინის ავტორიტრული რეჟიმი სულ უფრო თვალსაჩინო ხდება.

დღესდღეობით, სამხრეთ ოსეთი უფრო დემოკრატიულია, ვიდრე რუსეთი. აქ არსებობს შეკრების თავისუფლება, რეალური პოლიტიკური კონკურენცია და არჩევნები, ანგარიშგასაწევი საზოგადოებრივი აზრი. ადგილობრივი მოსახლეობა ხედავს ამ განსხვავებებს და სურს ამ სტატუსის შენარჩუნება, თუნდაც რუსეთის სატელიტის სახით, რომელსაც საკუთარი შიდა განაწესი გააჩნია.

ბიბილოვმა არჩევნები სწორედ იმიტომ წააგო, რომ საკუთარ თავს სამხრეთ ოსეთის პუტინად მოიაზრებდა და ამისთვის დამარცხების ფასიც გადაიხადა. საპრეზიდენტო კამპანია მოსახლეობის მხრიდან დემოკრატიის კოლოსალური მოთხოვნისა და კორუფციის წინააღმდეგ ფონზე მიმდინარეობდა.

შესაბამისად, დღეს რეფერენდუმის გამართვა ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მისი შედეგი პროგნოზირებადი იქნება. რთულია იმის წარმოდგენაც, რომ ამ რეალობას მოსკოვში ვერ ხვდებიან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი