სამხრეთ კავკასიის ამბები

როგორ „გავხდით“ მშვიდობისმოყვარე საზოგადოება

30 აპრილი, 2022 • 2317
როგორ „გავხდით“ მშვიდობისმოყვარე საზოგადოება

ავტორი: ზურა წურწუმია, მკვლევარი, თბილისი


უკრაინაში ომის მიმდინარეობისას ჩვენი ხელისუფლების, უკეთეს შემთხვევაში, ზომიერი და ფრთხილი პოლიტიკა შეიძლება პასუხისმგებლობით არის ნაკარნახევი, ხოლო ქართული საზოგადოება, გააზრებულად და ემოციურადაც, უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს. ჩვენი ხელისუფლებისა და საზოგადოების განწყობები, პოზიციები ერთმანეთისგან იმდენად ბევრ თემაზეა აცდენილი, რომ გასაკვირი ან ახალი აქ არც არაფერია. უკვე წლებია ასე ვცხოვრობთ.

თუმცა ამ კრიტიკულმა ვითარებამ აჩვენა საკითხი, რომლის გარშემო ერთი აზრი დომინირებს: ომი, როგორც პროცესი, როგორც ოკუპაციის დასრულების მეთოდი ან თუნდაც, თავად სიტყვა, ყველასთვის მიუღებელი და დასაგმობი გახდა. მეტიც, ჩვენ ვიხილეთ, თუ ომის საფრთხით როგორ აშინებდა ხელისუფლება საზოგადოებას და სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებაც დაშინდა. არა ომს – ეს განწყობა ახლა ყველას გვაერთიანებს. მაგრამ რა დგას ამ აზრის მიღმა? ეს უბრალოდ შიშია, დამარცხებისთვის განწირული კიდევ ერთი ომის შიში თუ საზოგადოებას შიშის ნაცვლად რაციონალიზმი, პრაგმატულობა და ღირებულებები კარნახობს თუნდაც ჰიპოთეტური ომის იდეის ჩანასახშივე უარყოფას?

უკრაინის ხელისუფლება ყველა მეთოდს იყენებს ომში გასამარჯვებლად და უკრაინელი პოლიტიკოსებისგან წამოსული მოწოდებები მეორე თუ მესამე ფრონტების გახსნაზე სრულიად გასაგები და ლოგიკურია მათი გადმოსახედიდან. სავარაუდოდ, სერიოზულად არც თავად ელოდებიან მსგავს პროცესებს მოლდოვისა თუ საქართველოსგან. არასერიოზულია იმის მოლოდინი, რომ რომელიმე ქვეყანა, მსგავსად XIX-XX საუკუნისა, მეგობრის მხარდასაჭერად ახალ ფრონტს გახსნის. სახელმწიფოებს ამის სამართლებრივი ვალდებულება არ გააჩნიათ და თანაც, არათუ ცალკეული ქვეყნები, თვითონ სამხედრო ალიანსიც არ ერთვება პირდაპირ კონფრონტაციაში.

საუბრები ფრონტის გახსაზე, როგორც წესი, რუსებისკენ არის მიმართული, მაგრამ ამ განცხადებებმა  საზოგადოებაში მაინც გამოიწვია დისკუსია. პირობითად აფხაზეთსა და ცხინვალში გასეირნების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის კამათმა/დისკუსიამ, ბუნებრივია, მთავრობის ქცევაზე ან რეალურ ცხოვრებაზე გავლენა არ იქონია, მაგრამ ამ თუნდაც ვირტუალურ დისკუსიებში „ომის მომხრეები“ დამარცხდნენ. მათი არგუმენტი ისტორიულ ფანჯარას ეხებოდა.

ჩვენ დაზუსტებით არ ვიცით, რუსებმა რა რაოდენობის ძალები დატოვეს ორივე რეგიონში, მაგრამ მთავარი აქ უკრაინაზე რუსების მიჯაჭვაა. სწორედ ეს არის სწრაფი, წარმატებული ომის შესაძლებლობა. ომის არგუმენტების სია ამით ამოიწურა. შთაბეჭდილება რჩება, რომ თუნდაც ამ მოსაზრებების მქონე ადამიანები სრულად სერიოზულად არც განიხილავდნენ ომის ალბათობას და ის ბოლომდე ჰიპოთეტურ საკითხად მიიჩნეოდა. მოწინააღმდეგეების ბანაკს კი უფრო მეტი მომზადება ეტყობოდა და მათი არგუმენტების სიაც გრძელი იყო.

ეს არგუმენტები ჰუმანურობიდან, მშვიდობის მშენებლობიდან თუ ადამიანის უფლებებიდან დაწყებული ომის არაპრაგმატულობასა და წარუმატებლობის მაღალი რისკით გრძელდებოდა. სწორედ ეს უკანასკნელი ჩანდა ყველაზე ეფექტურ არგუმენტად. საკუთარი ძალების სისუსტე, შიში, რომ თავად ომი შეიძლება დროში გაიწელოს, ან თუნდაც სწრაფი წარმატების შემდეგ რუსეთი „პასუხს მოგვთხოვს“ ყველაფერზე და მძიმე ფასის გადახდა მოგვიწევს – ეს ანტისაომარი არგუმენტების ის კრებულია, რომელიც ომის მომხრეებს საუბრის გაგრძელების სურვილსაც უკარგავდა.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია პოლიტიკური ელიტების განწყობები და მათი დღის წესრიგი. დღევანდელი ხელისუფლების მთავარი ბრალდება უმოქმედობაა არაერთ სფეროში. ასეთი რეალობა მშვიდობის იდეებისთვის კომფორტულ გარემოს ქმნის. შედეგად, მშვიდობის სურვილმა დროებით აჯობა, თუნდაც, იარაღის გზით დეოკუპაციის ვერსიას.

შედეგი კარგია: საზოგადოებაში საომარი განწყობა ან აზრი ომი დეოკუპაციის მიზნით არ გამხდარა წამყვანი. ეს შედეგი უცნაურად ჩანს, თუკი ბოლო 30 წლის ისტორიას გადავხედავთ. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველო ხუთ მცირე მასშტაბის კონფლიქტსა თუ ომში მონაწილეობდა და არცერთი მათგანისთვის სამხედრო თუ პოლიტიკური თვალსაზრისით მომზადებული არ იყო. ახლა უკეთ ჩანს, რომ მაშინ არც რაიმე ისტორიული ფანჯარა იყო გახსნილი. მიუხედავად ამისა, არცერთი ამ კონფლიქტისა თუ ომის წინარე პერიოდებში საზოგადოებაში დღეს არსებული ანტისაომარი განწყობები მიახლოებითაც არ ყოფილა. მეტიც, დღეს ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების წინდაწინვე გამოხატულ პოზიციას ჰიპოთეტურ ომზე, მაშინ, როდესაც სრულად წარმოუდგენელია, თუნდაც აფხაზეთის ომის წინ მთავრობას ან საზოგადეობას მსგავსი სიმტკიცით უარი ეთქვათ იარაღზე. თუკი ამ შედარებებზე პასუხია “მაშინ სულ სხვა დრო იყო”, ჩნდება სხვა კითხვა – რით განვსხვავდებით იმ დროისგან, იმ საზოგადოებისგან?

რამდენად სანდოა ამ ანტისაომარი განწყობების გამო მშვიდობის არჩევანი? ეს მიდგომა, ერთი მხრივ, რაციონალური და პრაგმატულია – რაც ნებისმიერ საზოგადოებრივ საქმეს ნამდვილად სჭირდება. მაგრამ, მეორეს მხრივ – ის დგას მშვიდობის არა როგორც ღირებულებისა და მიზნის ერთგულებაზე, არამედ – შიშზე, საკუთარი სისუსტის აღიარებაზე. და ამ მხრივ საინტერესოა, თუ სად შეიძლება ვნახოთ ის გარდატეხა, რომელიც ამ საზოგადოებამ ომის შედეგად განიცადა.

ეს გარდატეხა აგვისტოს ომი იყო.  ეს უკანასკნელი თავისი ნგრევისა თუ მსხვერპლის მასშტაბით აფხაზეთის ომთან ახლოსაც ვერ მოდის, მაგრამ, როგორც ჩანს, თავისი პოლიტიკური თუ ფსიქოლოგიური შედეგებით გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა. სწორედ ამ ომში მოგვიწია პირველად რუსეთთან პირდაპირ და ღია კონფლიქტში შესვლა. ეს მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური მომენტია – ერთია კრემლის მხარდაჭერილ სეპარატისტებთან თუ მოხალისეებთან ომი და მეორეა – რუსეთთან, როგორც სახელმწიფოსთან, ღია ომი. სწორედ აგვისტოს ომის შემდეგ შევეგუეთ და ვაღიარეთ გარდაუვალი რეალობა, რომ ნებისმიერი შემდეგი სამხედრო კონფლიქტი, დეოკუპაციის მიზნით წარმოებული, ისევ რუსულ არმიასთან მოგვიწევს.

თოთხმეტი წლის შემდეგაც საზოგადოებაში ანტისაომარი განწყობები დიდწილად აგვისტოს ომს, რუსულ არმიას და მარცხს უკავშირდება. ეს შიში და დემორალიზება კი თავს ავლენს არა მხოლოდ საზოგადოებაში, არამედ – პოლიტიკურ ელიტებშიც. ეს შიში, როგორი რაციონალური ახსნა და არგუმენტიც არ უნდა მოვუძებნოთ მის არსებობას, გვაიძულებს ვიყოთ მშვიდობის მხარეს. მაგრამ რა მოხდება მაშინ, როდესაც ამ შიშს გადავლახავთ? ვიქნებით კი მშვიდობის ერთგულები?

შიშით გამოწვეული ეს ვითარება, ერთი მხრივ, შესაძლებლობებს აჩენს. შესაძლებლობაა კონფლიქტურ საზოგადოებებს შორის მეტი კომუნიკაციის და საუბრისთვის. მათთვისაც არსებობს შიში – რუსების გარეშე ჩვენთან პირისპირ დარჩენისა. თუკი რუსული ფაქტორის გამო ომს აზრი არ აქვს – სჯობს, დრო ნდობის აღდგენასა და ურთიერთობის დალაგებას მოხმარდეს. მით უმეტეს, რომ მშვიდობის იდეებს დღეს განსაკუთრებული ხელის შემწყობი პირობები აქვს. მაგრამ ამისთვის სასურველია იმ თემებზე იყოს საუბარი, რაც მნიშვნელოვანია ორივე საზოგადოებისთვის და არა – ზოგად, განყენებულ თემებზე. ასეთი მნიშვნელოვანი საკითხია ომების დაწყების მიზეზები, ომის ტრაგედიები. უკრაინის ომმა ჩვენს მეხსიერებაში, პირველ რიგში, მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვისა და დევნის ისტორიები გაგვიცოცხლა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ თემებზე აუცილებლად უნდა გვქონდეს მსჯელობა როგორც შიგნით, საზოგადოებაში, ისე – მეორე მხარესთან.

ასევე აუცილებელია, რომ ხელისუფლება და საზოგადოება- ნაცვლად ერთმანეთისთვის ლოდინისა და კრიტიკისა – საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში აქტიურობდეს. დისკუსიისა და ურთიერთობის გასაჯაროება ის წყალგამყოფი შეიძლება აღმოჩნდეს, რომელიც შინაარსობრივად განასხვავებს აქამდე არსებულ და მომავალში შესაძლო ურთიერთობებს. ერთია დახურულ წრეში საუბრები აფხაზებთან, ოსებთან, მეორეა საჯარო შეხვედრები და ღია საუბრები მნიშვნელოვან საკითხებზე. ვიწრო წრეში დახურული საუბრები საზოგადოების ღირებულებებით პრობლემას ვერ აგვარებს. ამ კავშირების ქონის მთავარი მიზანი ხომ საზოგადოებების კვლავ დაახლოებაა, მაგრამ საზოგადოება დღემდე ამ ურთიერთობებში არ ჩანს. ღია, საჯარო პროცესი მათ ჩართულობას განაპირობებს.

მნიშვნელოვანია საუბარი თვითონ საზოგადოების შიგნითაც და -ნაცვლად ომის შიშისა და ომით დაშინებისა – მასზე საუბარი. თუკი საზოგადოებამ, ღირებულებებიდან გამომდინარე, რაციონალური მოტივებით ომი მოქმედების მეთოდების იერარქიაში არ დააქვეითა და უკანასკნელ ადგილას არ დააყენა, ჩამალული კონფლიქტი და დაპირისპირება ადრე თუ გვიან იპოვის თავის გზას. მეტიც, როგორც წესი, მეხსიერებიდან ომის ტრაგედიები ქრება, მაშინ, როდესაც ჩაგვრისა და უსამართლობის, რევანშის განცდა უფრო ხანგრძლივად რჩება კოლექტიურ მეხსიერებაში.

აგვისტოს ომით გამოწვეული დემორალიზება შეიძლება იმაზე ადრეც დამთავრდეს, ვიდრე წარმოგვიდგენია. თუკი ამ დღეს არსებული ღირებულებებით შევხვდებით – ომი ისევ გახდება დეოკუპაციის სასურველი ფორმა და აუცილებლად მოიძებნება ამ ფორმის განხორციელების რაციონალური თუ პრაგმატული არგუმენტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი