სამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი: აზერბაიჯანმა შეთანხმება დაარღვია და ერთი სოფელი დაიკავა

24 მარტი, 2022 • 7572
სომხეთი: აზერბაიჯანმა შეთანხმება დაარღვია და ერთი სოფელი დაიკავა

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, 24 მარტს, დაახლოებით 16:00 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ჯარებმა გადალახეს კონტაქტის ხაზი და სოფელი ფარუხი დაიკავეს, რომელსაც მანამდე დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის (არცახის) რესპუბლიკა აკონტროლებდა.

დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას უარყოფს აზერბაიჯანი.

სომხეთის თანახმად, აზერბაიჯანმა შეთანხმება რუსეთის პასუხისმგებლობის ზონაში დაარღვია.

„აზერბაიჯანის ეს აგრესიული მოქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოფიციალური ბაქო განაგრძობს 2020 წლის სამმხრივი შეთანხმების დარღვევას, რომლის თანახმადაც, უნდა შემწყდარიყო დაპირისპირება და მხარეები უნდა დარჩენილიყვნენ მათ მიერ უკვე დაკავებულ პოზიციებზე, ხოლო კონტაქტის ხაზზე რუსი სამშვიდობოები უნდა განლაგებულიყვნენ.

მოველით, რომ რუსი სამშვიდობო ძალები, რომელთა პასუხისმგებლობის არეშიც მოხდა პროვოკაცია, გადადგამენ ნაბიჯებს, რათა აზერბაიჯანული ძალები დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ საწყის პოზიციებზე“, –  ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აზერბაიჯანული მხარის თანახმად, სომხური მხარის ცნობები ესკალაციის შესახებ, იქ, სადაც რუსული სამშვიდობო კონტიგენტია განთავსებული, არ შეესაბამება სიმართლეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ადგილობრივ მედიას, APA-ს განუცხადა, რომ პოზიციების ადგილმდებაროება ზუსტდება და არანაირი შეტაკება ან ინციდენტი არ მომხდარა.

სოფელი ფარუხი ასკერანის (სომხ.)/ხოჯალის (აზერ.) რაიონში მდებარეობს.

ფოტო გარეკანზე: ყარაბაღის მეორე ომი

მასალების გადაბეჭდვის წესი