სამხრეთ კავკასიის ამბები

ახალი შესაძლებლობები ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებში?

28 თებერვალი, 2022 • 6725
ახალი შესაძლებლობები ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებში?

რა გავლენები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს კონფლიქტებზე უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას. ამ და სხვა საკითხებზე ნეტგაზეთს კარტერის მშვიდობის და კონფლიქტების მოგვარების სკოლის დოქტორანტი, მკვლევარი, ნათია ჭანკვეტაძე ესაუბრა.

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის გამო იცვლება გლობალური პოლიტიკა, კონკრეტულად, ჩვენს რეგიონზე და კონფლიტებზე თუ იქონიებს გავლენას ეს მოვლენები? მართალია, ჯერ არ არის ბოლომდე ცხადი, როგორ შეიძლება დასრულდეს ეს ომი და რა პროცესებია წინ, თუმცა, იქნებ შეიძლება უკვე რაიმე მოსალოდნელ შედეგებზე საუბარი ამ მიმართულებით? 

ომი უკრაინაში რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, ის ფუნდამენტურად შეცვლის მდგომარეობას ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი საზოგადოებისთვის.

აქ შეიძლება ორ ცვლილებაზე ვისაუბროთ: პირველი, ეს არის ქვეყნის დასავლეთის სტრუქტურებში (ნატო, ევროკავშირი) ინტეგრაციის საკითხი. ვფიქრობ, ძალიან მკაფიოდ უნდა მოხდეს პოზიციის დაფიქსირება. შუაში მდგომი პოზიციის დაკავება უკვე შეუძლებელია. წყალგამყოფია ეს ომი –  ან ხარ დასავლეთთან და დასავლურ ინსტიტუტებთან (მიუხედავად, გარკვეული კრიტიკული პოზიციისა), ან ხარ რუსულ ბანაკში. უკრაინაში მიმდინარე ომი ძალიან კარგად გვაჩვენებს, რას ნიშნავს რუსეთი და მის ბანაკში შესაძლო ყოფნა, – მიზეზით თუ უმიზეზოდ, განწირული ხარ, არ გაქვს უსაფრთხოებისა და განვითარების შესაძლებლობა. 

მეორე – ცვლილება მოსალოდნელია ჩვენი 30- წლიანი კონფლიქტების [ქართულ-აფხაზურ და ქართულ- ოსური] მიმართულებებით. 

ახლა, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, აქ შეიძლება გაჩდნენ ჯგუფები, ვინც იტყვის, რომ ტერიტორიების დასაბრუნებლად სამხედრო ძალა უნდა გამოვიყენოთ. თუმცა, საბედნიეროდ, ვფიქრობ, რომ ეს ჯგუფები უმცირესობაში იქნებიან, რადგან ყველა ჯანსაღად მოაზროვნე მოქალაქე ხვდება, რომ სამხედრო ძალის გამოყენება აგრესორობას გაუტოლდება. მგონია, რომ სამხედრო გზით ცხინვალის ან სოხუმის შემოერთებას საღი აზრი საქართველოში უბრალოდ არ დაუშვებს. კონფლიქტების სამხედრო გზით გადაჭრა იქნება იმის მაჩვენებელი, რომ მხოლოდ ტერიტორიის დაბრუნება გვაქვს მიზნად და აფხაზებთან და ოსებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება არ გვაინტერესებს, რაც ასე არ არის. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დევნილების ხმამაღლა საუბარი, რადგან დევნილებმა განსაკუთრებით კარგად იციან ომის, შიშის და იძულებით გადაადგილების სიმძიმე და პირველი სწორედ ისინი იქნებიან, ვინც ძალის გამოყენების წინააღმდეგ ილაპარაკებენ. 

უკრაინის რადას დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ “კარგი დროა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გასასეირნებლად”, საქართველოში ენთუზიაზმით არ შეხვედრიან, ჩემი დაკვირვებით. ამ განცხადებასთან დაკავშირებით თქვენც გქონდათ მწვავე მოსაზრება 

ვფიქრობ, ასეთი განცხადებების ტირაჟირება არც მედიასაშუალებებში უნდა ხდებოდეს, თუმცა, შეიძლებ,ა ჩემი გამოხმაურებაც ტირაჟირებად ჩაითვალოს. თან, ამავე დროს, ვფიქრობ, რომ ამაზე პოზიციის დაფიქსირებაც მნიშვნელოვანია, რადგან ეს ის შემთხვევაა, როდესაც გვიყურებენ და გვისმენენ აფხაზები და ოსები. რამდენიმემ პირადად მეც მომწერა და მკითხა, ეს ვინ თქვაო. როგორც ჩანს, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა იდეის პირველწყაროზე. 

თუ დასუსტდა რუსეთი ერთ დღესაც, რამდენად მისცემს ეს გასაქანს რევანშისტულ ძალებს, საქართველოში სამხედრო გზით მოინდომონ ტერიტორიების დაბრუნება?

რევანშისტული ძალები შეიძლება გაჩდნენ, უბრალოდ, ამ შემთხვევაში უნდა მოიგო საინფორმაციო ომი და უთხრა ხალხს, რომ ამ გზით ვერ მოაგვარებ კონფლიქტს და ამასთან, დაკარგავ მორალურ სახეს. 

აქვე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში იმ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობა, რომელთაც წლების განმავლობაში მოახერხეს და ერთმანეთისადმი ნდობას მიაღწიეს. 

თავად აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებში რა განწყობებია უკრაინაში ომისა დ მიმდინარე მოვლენების ფონზე, იცვლება რამე? 

ამაზე დაკვირვების საშუალება სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით ფეისბუკზე და ინსტაგრამზე გვეძლევა, თუმცა მე ვერ ვხედავ ტიკ-ტოკსა და ტელეგრამს, როგორც ვიცი, იქაც მნიშვნელოვანი დისკუსიები მიდის. პირადად მე ძალიან იშვიათად შემხვედრია გამოხმაურება, სადაც ვინმე რუსეთის მოქმედებებს ამართლებს. მათი ნაწილი დღეს სიჩუმეს არჩევს. რამდენიმე აფხაზმა უკრაინის დროშაც დაიყენა სოციალურ ქსელში პროფილის ფოტოზე, რაც აჩვენებს, რომ ომი ღიად დაგმეს. საინფორმაციო ომი, რომელსაც ერთმნიშვნელოვნად დღეს უკრაინა იგებს, საკმარისად ვერ აღწევს რუსეთში, თუმცა შედარებით უკეთ აღწევს აფხაზეთში. 

ის, რომ ლუგანსკი და დონეცკი აფხაზეთმა რუსეთის აღიარების შემდეგ მალევე აღიარა, ეს მოსკოვის პირდაპირი დაკვეთაა, რასაც სოხუმი ვერც შეეწინაღმდეგებოდა. ყოველ შემთხვევაში, ამ რეალობის ფონზე, როცა მაინც რუსული პოლიტიკის გავლენის ქვეშ რჩებიან. არ მგონია, აქ დიდი არჩევანი ჰქონდეთ დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს. აქ ის უფრო საინტერესოა, ე.წ. რიგითი ადამიანები რას წერენ და ამბობენ. წნეხი მათზეც არის, თუმცა შედარებით მეტი თავისუფლებაც აქვთ, პოზიცია გამოხატონ და აზრი დააფიქსირონ. 

რუსეთის სახელმწიფოს აგრესიული მოქმედებების ასეთი სიცხადე თუ იქონიებს გავლენას აფხაზეთის და ოსეთის საზოგადოებებზე, მათ განწყობებზე და ზოგადად, კონფლიქტების ტრანსფორმაციაზე? 

პირდაპირი შეხვედრების დროს აფხაზებთან და ოსებთან, რომლებიც მუდამ აპროტესტებდნენ “ოკუპაციის” ტერმინს, ვცდილობდი ამეხსნა, რომ რუსული პოლიტიკა არ არის პარტნიორობაზე დაფუძნებული, მათ განვითარებაზე ორიენტირებული. პუტინის რუსეთი არ დაუჭერს მხარს მათ რეალურ სუვერენულობასა და დამოუკიდებლობას. პუტინის რუსეთი მოიქცევა ისე, როგორც შესაბამის მომენტში აწყობს მას და არა ისე, როგორც აფხაზ და ოს ან თუნდაც ქართულ საზოგადოებას სჭირდება. 

უკანასკნელ დღეებში საბჭოთა კავშირის აღდგენაზე პუტინის წაკითხული ლექციით კი უფრო ცხადი გახდა მისი რეალური მიზნები. მგონია, რომ განსაკუთრებით აფხაზებისთვის ძალიან მკაფიო სიგნალია, ღიად აჩვენებს, რეალურად როგორ ხედავს პუტინის რუსეთი მის ირგვლივ მყოფი საზოგადოებებისა და ქვეყნების სუვერენულობის საკითხს. 

უკრაინაში ომს ემატება უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ ახალი კანონის შესაძლო შემოღება და ქართულ-აფხაზური ერთობლივი პროექტების აკრძალვა აფხაზეთში, რაც უკვე ახდენს ზეგავლენას ადგილობრივი მოსახლეობის განწყობებზე. ეს ასეა თქვენი დაკვირვებითაც?  

რა თქმა უნდა, ვფიქრობ, აფხაზეთში მოქალაქეების განწყობებს ეს ფაქტორებიც ემატება. ისეთი მდგომარეობაა ახლა შექმნილი და იმდენად ცხადია პუტინის პოლიტიკა დღეს, რომ თვალს ვერ ხუჭავ მარტივად. 

აფხაზები, ჩემი აზრით, ეცნობიან ალტერნატიულ ინფორმაციას. ვფიქრობ, მთელი ამ წლების განმავლობაში აფხაზების ამ საერთაშორისო პროექტებში ჩართვის დამსახურებაცაა ეს. დღეს იქ არის ხალხი, ვისაც წვდომა აქვს ალტერნატიულ ინფორმაციაზე, ვინც კითხულობს არა მხოლოდ რუსულად, არამედ ინგლისურად, იქ არის ხალხი, რომელთაც სოციალურ ქსელებში ჰყავთ ქართველი, უცხოელი, უკრაინელი მეგობრები. მათი გაზიარებული ინფორმაცია და მესიჯები კი მიდის აფხაზებამდე. ასევე, აფხაზები და ოსები, დევნილებთან ერთად, არიან ის ხალხი, ვინც ძალიან კარგად იცის ომის უბედურება და მისი ტრავმით ცხოვრების გამოცდილებაც აქვთ. 

თუმცა, ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვანი პოზიცია ექნება საქართველოს სახელმწიფოს, პოლიტიკურ ელიტას. ეს ის მომენტია, როდესაც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკური ელიტა გვჭირდება. ზუსტად ახლაა გადამწყვეტი მომენტი, რომელიც შემდეგ შეიძლება უახლოესი დეკადები არც დადგეს. ვფიქრობ, სწორედ ახლაა საჭირო შიდაპოლიტიკური გაერთიანება და დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისკენ მყარად წასვლა და ძალის გამოყენების ნებისმიერი გაფიქრების ადგილზევე განეიტრალება. ის ერთიანობა, რასაც ახლა უკრაინელები აჩვენებენ, ვფიქრობ, გაკვეთილი უნდა იყოს ჩვენთვისაც, რადგან სწორედ შიდაპოლიტიკური ერთიანობაა გადამწყვეტი მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად.


 

მასალების გადაბეჭდვის წესი