სამხრეთ კავკასიის ამბები

“აფხაზებს სჭირდებათ ევროპა” – ინტერვიუ პაატა ზაქარეიშვილთან

30 სექტემბერი, 2021 • 2108
“აფხაზებს სჭირდებათ ევროპა” – ინტერვიუ პაატა ზაქარეიშვილთან

“ლაიმჰაუსის” სადისკუსიო პლატფორმის ფარგლებში 2021 წლის 20-24 სექტემბერს ქალაქ ბელგრადში გამართულ შეხვედრაზე ქართულ-აფხაზური არაფორმალური დიალოგის  მონაწილეთა მიერ შემუშავდა წინადადებების პაკეტი. პლატფორმის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ ეს წინადადებები გახდება საზოგადოების განხილვის საგანი კონფლიქტის ორივე მხარეს. წარმოგიდგენთ დიალოგის მონაწილის, შერიგების ყოფილი მინისტრისა და კონფლქიტოლოგის, პაატა ზაქარეიშვილის ხედვას: 

ბატონო პაატა, რამდენად უპრეცედენტოა ქართულ-აფხაზური ერთობლივი შეთანხმება? 

ეს შეთანხმება პრატიკულად უპრეცედენტოა, იმის მიუხედავად, რომ წლების წინ არსებობდა კალიფორნიის უნივერსიტეტის პროექტი, სადაც ქართველები და აფხაზები პირისპირ საუბრობდნენ. იმ შეხვედრების ფარგლებში გამოვეცით თექვსმეტი ერთობლივი კრებული აფხაზური და ქართული პოზიციებით. თუმცა იქ არ ჩანდა საერთო ინტერესები. აქამდე არსებობდა თუ არა ასეთი საჯარო, ქართულ-აფხაზური სამოქალაქო სექტორის ერთიანი პოზიცია, ჩემთვის უცნობია. 

როგორ მიხვედით ამ შეთანხმებამდე? 

ამის შესახებ საუბარი დაიწყო ორი წლის წინ. თუმცა მასზე აქტიურ მუშაობას ბიძგი მისცა ყარაბაღის 2020 წლის ომმა. ორივე საზოგადოების სამოქალაქო სექტორში გაჩნდა მოთხოვნა ინფორმაციის გაცვლაზე – აფხაზებს სურდათ სცოდნოდათ, რა ხდება თბილისში და მიეღოთ უტყუარი ინფორმაცია, ქართულ მხარეს – სცოდნოდა, სოხუმში რა ხდება. რაღაც დონეზე ჩამოვაყალიბეთ კონტაქტები, თუმცა, არა ისეთი დონის, როგორიც იყო, მაგალითად, უნიკალური “შლაინინგის პროცესი” [ქართულ-აფხაზური არაფორმალური სამშვიდობო დიალოგი 2000-2007 წლებში], სადაც პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორი მონაწილეობდნენ. 

ახლა გადავწყვიტეთ, მხოლოდ სამოქალაქო სექტორი ყოფილიყო ჩართული. მონაწილეები ერთხმად შევთანხმდით, რომ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებების ფონზე, ჩვენ უნდა გვქონდეს გარკვეული მზაობა იმისთვის, რომ ჩვენს მთავრობებს ველაპარაკოთ და ვიყოთ გარკვეული ხიდი ჩვენს, ერთმანეთთან გაუცხოებულ საზოგადოებებთან. იმის გათვალისწინებით, რომ ამ საზოგადოებების სწრაფვები და ინტერესები ძირითადად საკითხში ერთმანეთისგან აცდენილია –  აფხაზებს დამოუკიდებლობა სურთ, ქართველებს – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, არის უამრავი სხვა საკითხი, რომლის მოგვარებაც შეიძლება და ამასთან, მნიშვნელოვანია.  

როგორ დაიწყო ამ შემთხვევაში კომუნიკაცია ქართველ და აფხაზ საექსპერტო წრეებს შორის? 

ომის დასრულებიდან მალევე პირდაპირი კონტაქტები გვქონდა ერთმანეთთან, რომელიც არასოდეს გაგვიწყვეტია. პანდემიის პირობებში კი “ზუმით” უფრო ხშირად ვკომუნიკაციობთ. ჩვენ შორის ძალიან მაღალი პიროვნული ნდობაა. სამწუხაროდ, ამ პროცესში ჩართული ადამიანები ბევრნი არ ვართ.

რატომ გახდა საჭირო დოკუმენტზე მუშაობა? 

ყარაბაღის მოვლენებმა გვაჩვენა, რომ რეგიონში სიტუაცია იცვლება. ამას დაემატა ის, რომ აფხაზური მხარე მუდმივად ქართული მხარესთან პირდაპირი დიალოგის საჭიროებაზე საუბრობდა, რაზეც ჩვენი პასუხი მეტწილად იგნორირება იყო. უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გიორგი ლილუაშვილი გამოვიდა პარლამენტში და დეპუტატებს ჭკუას ასწავლიდა, რომ თურმე არ შეიძლება დიალოგი აფხაზურ მხარესთან, რადგან ამან შეიძლება დაარღვიოს რაღაც არსებული სქემები რუსეთთან მიმართებაში. და ეს მაშინ, როდესაც არავითარი სქემა არც არსებობს, გაყინულია სიტუაცია რუსეთთან მიმართებაში. 

ჩვენ უნდა გამოვიდეთ იქიდან, გვჭირდება თუ არა დიალოგი აფხაზურ მხარესთან. რუსეთი რას ილაპარაკებს, ამას მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, თუ შენს ინტერესებშია აფხაზებთან ლაპარაკი და გაქვს შენი მკაფიო პოლიტიკა. 

ერთობლივი შეთანხმების მთავარი ფოკუსი რა არის?

ხშირია ხოლმე ჩვენს საზოგადოებაში კითხვა, “ბოლოს და ბოლოს, რა უნდათ აფხაზებს”?  ამ დოკუმენტში არის ცივილიზებული, კორექტული ფორმით და ტერმინების შეჯერებით გაწერილი, თუ რა შეიძლება აფხაზებს უნდოდეთ ქართული საზოგადოებისგან. 

აფხაზებს ევროპა და ევროპული კონტექსტი სჭირდებათ, შავი ზღვის კონტექსტი სჭირდებათ. ერთი სიტყვით, სხვა რამ, გარდა რუსეთისა. ჩვენ კი, ხელი უნდა შევუწყოთ ამაში. თუ დღეს ჩვენი შერიგება არ გამოდის, საშუალება მაინც მივცეთ მათ, ევროპასთან კონტაქტები ჰქონდეთ და არ იყვნენ ჩამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ ერთ რეალობას. 

აქ კარგად ჩანს, რა ფორმით შეგვიძლია ველაპარაკოთ აფხაზურ საზოგადოებას. პოლიტიკური ორიენტირები ჩვენ შორის არ შეცვლილა, დაძაბულობა და შეუთანხმებლობა ცენტრალურ თემებზე რჩება, მაგრამ არის სხვა საკითხები, რომლებიც შეიძლება მოგვარებული იყოს. 

ეს აზრები რამდენად პოპულარულია აფხაზურ საზოგადოებაში და რამდენად შეჯერებულია დანარჩენ სამოქალაქო საზოგადოებასთან? თუ მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ხედვაა? 

მე ვფიქრობ, რომ აფხაზური საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს, და ამის თქმის საშუალებას მაძლევს პირადი კონტაქტები, აქვს განცდა, რომ ქართველებთან კონტაქტები აუცილებელია – ეკონომიკური, სავაჭრო თუ სამეციდინო. უმცირესობაში არიან ისინი, ვინც ამბობს, რომ არ უნდათ, რამე საერთო ჰქონდეთ ქართველებთან. 

რა უნდა იყოს პირველი ნაბიჯი დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ?  

ქართულ მხარეს არ უნდა შეეშინდეს იმისი, რომ აფხაზურ საზოგადოებას საშუალება მისცეს, ჩაერთოს ევროპულ კონტექსტში.

იმის მიუხედავად, რომ ჩვენთან დემოკრატიის ხარისხი მნიშვნელოვნად ეცემა და ამ ფონზე, ევროპელები არ მალავენ შეწუხებას სასამართლოს რეფორმის თუ სხვა საკითხების მიმართ, არანაირად არ ჩანს, რომ ასეთი აგრესიული რუსეთის ფონზე ევროპა დაუშვებს, აღიარების მიმართულებით პოლიტიკა განახორციელოს. ისინი საჯაროდ აფიქსირებენ, რომ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. 

თუ არ შევუშვით აფხაზეთში ევროპა და ევროპაში თუ არ შევუშვით ისინი, რუსეთის სივრცეში აითქვიფებიან. მაქსიმუმ ათი წელი დაგვრჩა იქამდე, რომ ევროპას გადავურჩინოთ აფხაზები და აფხაზები გადავარჩინოთ ევროპაში. ასე თუ მოვიქცევით, ვნახავთ, რომ რუსეთი ამას ხელს შეუშლის. დღეს რუსეთი ბედნიერი და კმაყოფილია იმით, რომ საქართველო არ უშვებს ევროპას აფხაზეთში. 

ანუ შედეგის თვალსაზრისით მაინც არაფერი შეიცვლება?

საქართველოს რეპუტაცია უნდა გადავარჩინოთ. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მიზეზი მათი იზოლაციის. თუ შენ უკრძლავ და ევროპაში არ უშვებ, ის რუსეთში წავა. როგორც წესი, ევროპაში უფრო ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებს ითვისებენ. მერე უფრო ადვილია მოსთხოვო მათ იმავე ქართული მოსახლეობის დაცვა. 

ჩვენ უნდა შევიდეთ მათ ინტერესებში და შევთავაზოთ ის, რაც მათ აწუხებთ. შენ თუ გინდა გაქცეულ ადამიანს დაეწიო, მასზე ჩქარა უნდა გარბოდე. ამიტომ არასწორი პოზიციაა იმაზე ფიქრი, რატომ არ დგამს აფხაზი ნაბიჯს. შენ უნდა დგამდე მის ნაცვლად ორ ნაბიჯს. არ უნდა შეგვეშინდეს ყველა ფორმატში ორმხრივი დიალოგის. რუსეთი არ ფიქრობს აფხაზურ საზოგადოებაზე, ის ფიქრობს მის ინტერესებზე, ჩვენ უნდა ვიფიქროთ მათზე. 

ახლა აფხაზ სტუდენტს, ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეუძლია, რუსული პასპორტით ბრმად ეძებოს სასწავლებელი ევროპაში და მოიპოვოს დაფინანსება. 

წლების წინ “ჩივნინგის” პროგრამაში აფხაზების ჩართვა მოხერხდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მავანი იტყვის, რომ აიღონ ქართული პასპორტები, მაგრამ არ უნდათ ქართული პასპორტის აღება. თუ შენ სახელმწიფო ხარ და ფიქრობ ამ ხალხთან შერიგებაზე, უნდა გავითვალისწინოთ ეს, დავფიქრდეთ და ვიმსჯელოთ, რატომ ურჩევნიათ მათ რუსული პასპორტი ქართულს. საბოლოო შედეგი ხომ ისაა, რომ უფრო და უფრო გვშორდება ეს ხალხი.

მომხრე ვარ, პროფესიული მსჯელობა იყოს იმაზე, თუ რატომ არ შეგვიძლია, მაგალითად, აღვადგინოთ აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთი და დაიძრას ტვირთები. ამავე დროს, აფხაზეთის ეკონომიკა ჩაერთვება საერთო კავკასიურ ეკონომიკაში. რატომ არ გვესმის, რომ დღეს ის მხოლოდ რუსეთზეა მიბმული და პროცესები მიმდინარეობს ჩვენგან დამოუკიდებლად. რაც უფრო იგრძნობენ, რომ ქართველები არ ეწინააღმდეგებიან მათ განვითარებას, მეტი ნდობა გაჩნდება. დღესაც ძალიან მცირე ნაწილი აფხაზი ბიზნესმენებისა მაინც თანამშრომლობს ქართულ მხარესთან, და თუ ეს იქნება საჯარო და ლეგიტიმური, უფრო კარგი იქნება. 

ყარაბაღის ომმა გვაჩვენა, რომ მშვიდობა არ არის გარანტირებული და ყოველ წუთს შიეძლება შეიცვლოს სისხლიანი გზით. ეს აფხაზებისთვის გამოწვევაა და დამაფიქრებელია. ერთ დღეს შეიძლება რუსეთი შეიცვალოს და უთხრას ქართველებს, გააკეთეთ ის, რაც ხელს შეუწყობს შერიგებას და არავინ იცის, რას გააკეთებს ქართული მხარე. ამაზე ჩვენც ვფიქრობთ, ის ხალხი მაინც, ვინც ამ წერილზე ვმუშაობდით. 

აქედან გამომდინარე, მგონია, რომ შეიძლება დავეხმაროთ სახელმწიფოს მისი სტრატეგიის შემუშავებაში. რა თქმა უნდა, 100%-ით მაინც არაფერი შეიცვლება, თუმცა 20% – თაც რომ შეიცვალოს, ესეც იქნება მნიშვნელოვანი. საბოლოოდ, ეს შეიძლება არც არაფრის მომტანი იყოს და ვიცხოვრებთ ისე, როგორც აქამდე ვცხოვრობდით.

მასალების გადაბეჭდვის წესი