სამხრეთ კავკასიის ამბები

გადაჭრით არავის შეუძლია თქმა, როდის ინახულებენ, როდის გამოუშვებენ – გახელაძის მეუღლე

7 აგვისტო, 2020 • 1068
გადაჭრით არავის შეუძლია თქმა, როდის ინახულებენ, როდის გამოუშვებენ – გახელაძის მეუღლე

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვართან 11 ივლისს დაკავებული და ამ დრომდე დატყვევებული ზაზა გახელაძის მეუღლე, ირმა ბუთხუზი ამბობს, რომ ოჯახი გაურკვევლობაშია და არ იციან, როდის შეიძლება ელოდონ ზაზა გახელაძის გათავისუფლებას.

„[ბავშვები] დათრგუნულები არიან და დღემდე ელოდებიან, რომ იქნებ როგორმე გამოვიდეს მამა. ყოველ წუთს და ყოველ წამს უყურებენ ტელევიზორს, იქნებ რამე ახალი გაიგონ მამის შესახებ. დიდი მოლოდინი აქვთ, რომ გამოვა“, – თქვა ირმა ბუთხუზმა 7 აგვისტოს ტვ პირველზე საუბრისას.

„არ ვიცით, ვის წისქვილზე დაასხამს წყალს [სამოქალაქო საზოგადოების] ხმაური ან სიჩუმე. ფაქტია, რომ ჩვენ ვართ გაურკვევლობაში დღემდე… გადაჭრით არავის შეუძლია იმის თქმა, როდის შევლენ ზაზას სანახავად, როდის გამოუშვებენ, როდის იქნება სასამართლო“, – თქვა მან.

„ვერ დავადანაშაულებ ქართულ მხარეს, რადგან ჩვენს ძალებს აღემატება. უნდა ველოდოთ, სხვა არაფერი არ დაგვრჩენია. მაგრამ ჩვენთვის არის ეს ძნელი. ვაცნობიერებ ყველაფერს“, – თქვა ირმა ბუთხუზმა.


საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძე რუსმა სამხედროებმა 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, შემთხვევა სოფელ ქვემო ჭალაში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სხვილოს ციხის ტერიტორიაზე მოხდა.

გახელაძეს ცხინვალი ედავება სამხედროებისათვის ცეცხლის გახსნაში და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს.

ვრცლად ამ თემაზე:

ინციდენტი საოკუპაციო ხაზთან: რა ვიცით ზაზა გახელაძის გატაცებაზე?

მასალების გადაბეჭდვის წესი