სამხრეთ კავკასიის ამბები

სტრატეგიული ცენტრი და დაპირისპირება აფხაზეთში

20 დეკემბერი, 2019 • 1623
სტრატეგიული ცენტრი და დაპირისპირება აფხაზეთში

ავტორი: მარიანა კოტოვა, სოხუმი

აფხაზეთის პრეზიდენტთან არსებული სტრატეგიული კვლევების ცენტრი შემადგენლობას იცვლის. ცენტრის, თითქმის, ყველა თანამშრომელი, ხელმძღვანელის, ცნობილი ოპოზიციონერის ოლეგ დამენიას გათავისუფლების შემდეგ სამსახურიდან წავიდა.

ცენტრის ყოფილმა თანამშრომლებმა, თითქმის სრული შემადგენლობით, ახალი ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია „სოციალურ-ეკონომიკურ კვლევათა ცენტრი“ შექმნეს, რომელსაც სათავეში ოლეგ დამენია ჩაუდგა.

პრეზიდენტთან არსებული სტრატეგიული კვლევების ცენტრის ახალი თანამშრომლების აყვანით დაკავებულია გივი გაბნია – ადვოკატი, რომელიც რაულ ხაჯიმბას პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ალხას კვიცინიას უზენაეს სასამართლოში დავის დროს იცავდა.

სტრატეგიული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის პოსტზე გივი გაბნიას დანიშვნამ აფხაზურ საზოგადოებაში სხვადასხვა ემოცია, აზრი და ვარაუდი გააჩინა. ოლეგ დამენია შეუცვლელ ხელმძღვანელად მიიჩნეოდა იმის მიუხედავად, რომ სამთავრობო წრეებში არ იწონებდნენ, მის, ასე ვთქვათ, ოპოზიციურ ქცევებს. პირველმა, საჯაროდ აზრი სწორედ გივი გაბნიამ დააფიქსირა – მას არ უსაუბრია ხელმძღვანელობის ცვლილების მიზეზებზე და უბრალოდ აღნიშნა, რას და როგორ უნდა აკეთებდეს ცენტრი საკუთარი წესდების თანახმად.

“სტრატეგიული კვლევების ცენტრი დიდწილად იყენებს დახურულ მონაცემებს. ეს ნიშნავს, რომ ანალიზი, რომელშიც გამოიყენებოდა შეზღუდული წვდომის ინფორმაცია, საჯარო არ უნდა იყოს. ჯერ შედეგებს პრეზიდენტი უნდა გაეცნოს და მან გადაწყვიტოს, გამოაქვეყნოს თუ არა. წინა შემადგენლობის დროს ყველაფერი პირიქით იყო“, – ამბობს გივი გაბნია. ცენტრის ახალი ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნული სტრუქტურა, უპირველეს ყოვლისა პრეზიდენტის მიერ დასახული ამოცანების რეალიზაციის სტრატეგიის შემუშავებით უნდა დაკავდეს.

ოლეგ დამენიას თქმით, “ცენტრსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთგაგების დასაბრუნებლად, ცენტრის ახალი ხელმძღვანელისა და ძველი თანამშრომლების დანიშვნის საჭიროება წარმოიშვა”.

„მეცნიერება არ უნდა იყოს მთავრობის სამსახურში. მეცნიერების გარეშე მთავრობა არაფერია, ისევე როგორც მეცნიერება ვერ განვითარდება მთავრობის მხარდაჭერის გარეშე. თუმცა, ჩვენი ურთიერთობა ცალმხრივი იყო“ – განაცხადა დამენიამ პრეს-კონფერენციის დროს.

როგორც ცენტრის ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, მთავრობასთან კომუნიკაციის პრობლემი, ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ დავალებული რესპუბლიკის განვითარების განვითარების სტრატეგიის პუბლიკაციის შემდეგ დაიწყო.

ეკონომისტი ხათუნა შატიპას თქმით, საქმე იმაშია, რომ სტრატეგიაში რეალიზაციის ის მექანიზმია მითითებული, რომლის აღსრულებაც ჩინოვნიკებს, მისი აზრით, არ სურთ.

„ჩვენი ჩინოვნიკური კლასი უარყოფს სიტყვა “პროგრამას”, იმიტომ რომ დღეს ისინი დამოუკიდებლად მუშაობენ. მათ აქვთ მიზნები – პირადული, ოჯახური, ყველაირი, გარდა სახელმწიფოებრივისა. ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფოში დოკუმენტი, რომელშიც ეწერება, რა უნდა აკეთონ, რა უნდა იყოს მიზნობრივი დადგენილებები, ვინ იქნება ამაზე პასუხისმგებელი, რა მასშტაბის დაფინანსება იქნება. ზუსტად ამ სტრატეგიის რეალიზაციის მექანიზმი გახდა პრობლემა“, – მიიჩნევს ეკონომისტი.

როგორც ხათუნა შატიპა ყვება, ბოლო სამი წლის განმავლობაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ იძლეოდა ზოგიერთი კვლევის მასალების გამოქვეყნების უფლებას და ხელს უშლიდა ცალკეული ღონისძიებების ჩატარებას, რაც, მისი აზრით, დაუშვებელია, რადგანაც ინფორმაცია, რომელსაც სამეცნიერო თანამშრომლები იყენებდნენ, ღიაა.

პრეზიდენტთან არსებული სტრატეგიული კვლევების ცენტრის დატოვების გადაწყვეტილება ყოფილმა თანამშრომლებმა იმ რწმენით მიიღეს, რომ მეცნიერება ყოველთვის მთავრობის ოპოზიციაში უნდა იყოს. ისინი საკუთარ როლს ხედავენ, არა სახელმწიფოს მსახურებაში, არამედ ქვეყანაში არსებული რეალური მდგომარეობის შესაწვლაში და ამიტომაც მიიღეს გადაწყვეტილება, მოღვაწეობა დამოუკიდებლად გაეგრძელებინათ.

როგორც „სოციალურ-ეკონომიკური კვლევების ცენტრის“ თანამშრომელი ილონა მირცხულავა ჰყვება, კვლევის დამკვეთები მათ უკვე ჰყავთ.

„გვყავს დამკვეთები თურქეთიდან, ვისთვისაც ვამზადებთ აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ფართო გეგმას. ისინი, ვისაც ჩვენს ქვეყანაზე ანალიტიკური ეკონომიკური ინფორმაცია სჭირდებათ, საკმაოდ ბევრნი არიან. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სამუშაო მოთხოვნადი იქნება“, – ამბობს მირცხულავა.

ცენტრის თანამშრომელთა შორის ეკონომისტები ჭარბობდნენ, თუმცა, გივი გაბნიას თქმით, სახელმწიფო მხოლოდ ეკონომიკა არაა და მას გეგმებში აქვს სხვა სფეროებშიც ჩაატაროს კვლევები. თუმცა ამისთვის, იგი ხაზს უსვამს, სახელმწიფოს მხრიდან მოთხოვნა უნდა იყოს.

“ყოფილ თანამშრომელთა უმრავლესობა ეკონომისტი იყო, მაგრამ ჩვენ სხვა სპეციალისტებსაc მოვიწვევთ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ამოცანას დაგვისახავს პრეზიდენტი“, – ამბობს გაბნია.

ამჟამად ცენტრში თანამშრომლების აყვანა უკვე მიმდინარეობს. გაბნიას თქმით, რამდენიმე ადამიანი უკვე შეარჩიეს. გარდა ამისა, იგი ამბობს, რომ გასაუბრებებს პირადად ატარებს.

სოციალურ-ეკონომიკური კვლევების ცენტრი ჯერჯერობით ენთუზიაზმით მუშაობს. ხათუნა შატიპის თქმით, პრეზიდენტთან არსებულ ცენტრში საშუალო ხელფასი იყო 8 000– 10 000 რუბლი (130 ევრო) ხელმძღვანელის და 3 5000 რუბლამდე (50 ევრო) რიგითი თანამშრომლებისთვის.

თანამშრომლების განცხადებით, ისინი მზად არიან ჯერჯერობით უსასყიდლოდ იმუშაონ, მაგრამ დარწმუნებულები არიან, რომ მომავალი დაკვეთები და გრანტები ყველა ხარჯის, მათ შორის სახელფასო ხარჯის დაფარვაში დაეხმარებათ. უკვე დეკემბერში ისინი პირველი ნამუშევრის პრეზენტაციას გეგმავენ – ქვეყნის 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზს.

პრეზიდენტთან არსებული ცენტრის მუშაობის გეგმა ჯერ არაა დამტკიცებული, თუმცა, გივი გაბნიას თქმით, ცენტრი მხოლოდ პრეზიდენტის მიერ დასახული ამოცანების შესასრულებლად არ იმუშავებს. ეს იქნება პლატფორმა ღია შეთავაზებებისთვის და განხილვისთვის.

ამგვარად, აფხაზეთში მოხდა ორი კვლევითი ცენტრის ფორმირება, რომლებიც ეკონომიკაში, სოციალურ სფეროში, პოლიტიკასა და ქვეყნის ცხოვრების სხვა ასპექტებში მიმდინარე პროცესების კვლევით დაკავდებიან.

სახელმწიფო ცენტრი, მისი ხელმძღვანელის, გივი გაბნიას თქმით, იმუშავებს პრეზიდენტის მიერ დასახული ამოცანების შესრულებაზე, ხოლო ავტონომიური ცენტრი შეისწავლის, რამდენადაა რეალური და ეფექტიანია სტრატეგია და კერძო დამკვეთებს ანალიტიკურ ინფორმაციას მიაწვიდს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი