სამხრეთ კავკასიის ამბები

კრიპტოვალუტის შექმნის იდეა აფხაზეთში და რუსულ-სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობები საერთაშორისო მედიაში

30 დეკემბერი, 2017 •
კრიპტოვალუტის შექმნის იდეა აფხაზეთში და რუსულ-სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობები საერთაშორისო მედიაში

აფხაზეთის ეკონომიკის კრიპტოვალუტით აღორძინების გეგმა; ევროკავშირისა და სომხეთის ურთიერთობები რუსეთის გავლენების ფონზე; აზერბაიჯანისა და რუსეთის სტრატეგიული შეთანხმება. ეს ის ძირითადი თემებია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელზეც საერთაშორისო მედიამ 2017 წლის დეკემბერში ყურადღება გაამახვილა.

იყიდდით თუ არა “მოჩვენებათა ქვეყნის” კრიპტოვალუტას? – მოსაზრებას ამ სახელწოდებით გამოცემა ფორბსი აქვეყნებს.

“გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აფხაზეთს, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ მიიჩნევს, ეს კი ნიშნავს, რომ დასავლეთიც ამ პოზიციაზეა. ამიტომ, გარდა რუსეთისთვის ფულის თხოვნისა (მათი ვალუტა ახლა რუბლია), რა შეუძლია “მოჩვენებათა ქვეყანას” 242 000-იანი მოსახლეობით ფულის საშოვნელად ? რა თქმა უნდა, კრიპტოვალუტის შექმნა.

შედარებისთვის, აფხაზეთი პატარა ადგილია, სან ფრანცისკოზე ორჯერ პატარა და ღარიბი. შემოსავლით მხოლოდ ერთ ქვეყანაზეა დამოკიდებული – რუსეთზე,” – წერს ფორბსი.

“მედუზას” სტატიაში, სახელწოდებით “როგორ ცდილობენ, რუსეთის გარშემო არაღიარებული რესპუბლიკები კრიპტოვალუტით ფულის შოვნას”, ჟურნალისტი ილია ჟეგულოვი წერს, რომ “აფხაზეთში გეგმები, უფრო ფრომალიზებული და გრანდიოზულია: ისინი კრიპტოვალუტით დიდ ეკონომიკურ ნახტომს აპირებენ. თუ რა თქმა უნდა, მათ რუსეთი არ შეუშლით ხელს”.

სომხეთის ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავება

“ევროკავშირი ვერ ხედავს დაბრკოლებებს, ევროკავშირ-სომხეთის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირებაში, რომელიც გასულ თვეს ბრიუსელში გაფორმდა” – განაცხადა სომხეთი-ევროკავშირის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის თავჯდომარემ, საჟნად კარიმმა, წერს asbarez.com.

აქტუალურია არგუმენტი, რომ რუსეთის პროექტებში სომხეთს უარის თქმა მოუწევს, რაც ამტკიცებს, რომ ოფიციალურ პირებს სომხეთში, რომლებიც რუსეთთან “სტრატეგიულ პარტნიორობას” ლოიალურად უყურებენ, შესანიშნავად ესმით ორმაგი ურთიერთობების ხასიათი. ერევნის რეგიონალური კვლევების ცენტრის დირექტორის, რიჩარდ გირაგოსიანის თქმით, ყარაბაღის კონფლიქტი სერიოზული სამართავი ბერკეტია რუსეთისთვის, როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანთან მიმართებაში.

“სომხეთი რუსეთისგან უსაფრთხოებისა და იაფი იარაღის გარანტიას ელის, ხოლო აზერბაიჯანისთვის ნომერ პირველი იარაღის მიმწოდებელია”.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის თქმით, სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობაზე, სხვა ფორმატებში გაფორმებულმა ხელშეკრულებებმა არ უნდა დაარღვიოს სომხეთის მიერ რუსეთთან აღებული ვალდებულებები.

“ჩვენ ჩვენს მეზობლებსა და მოკავშირეებს არჩევნის წინაშე არასდროს ვაყენებდით; თუმცა გვაქვს უფლება, მოკავშირეებისგან თავიანთი ვალდებულებების შესრულება მოვითხოვოთ”, – განაცხადა მან.

აზერბაიჯანისა და რუსეთის სტრატეგიული ურთიერთობა

აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის, ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის  სტრატეგიული შეთანხმება გაფორმდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით აზერბაიჯანმა და რუსეთმა სტრატეგიულ შეთანხმებას მიაღწიეს და ურთიერთობების გაღრმავებისკენ მიიწევენ. მან ასევე აღნიშნა, რომ სოციალური და პოლიტიკური სტაბილურობა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერაა უზრუნველყოფილი.

25 დეკემბერს, აზერბაიჯანში “რუსეთის საექსპორტო ცენტრის” ოფისი გაიხსნა. აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა, შაჰინ მუსტაფაევმა განაცხადა, რომ ბაქოში “რუსეთის საექსპორტო ცენტრის” ოფისის გახსნა, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვას შეუწყობს ხელს.

“გარდა ამისა, აუცილებელია აღინიშნოს, რუსეთში აზერბაიჯანის სავაჭრო წარმომადგენლობის გახსნა და ის ფაქტი, რომ ეს არის პირველი აზერბაიჯანული სავაჭრო წარმომადგენლობა უცხოეთში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის დონეს” – განაცხადა მან.

ბაქოში ჩატარებულ Bakutel-2017-ზე აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანი ტექნოლოგიების სექტორში რუსეთთან პარტნიორობას აფართოებს თანამშრომლობის ახალ სფეროებში, რადგან გლობალური უსაფრთხოება ისეთი ახალი გამოწვევის წინაშე დგას, როგორიცაა კიბერშეტევები.

“ამ მიმართულებით რუსეთთან თანამშრომლობის კარგი პერსპექტივა არსებობს. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი დიდ ყურადღებას უთმობს კიბერ უსაფრთხოებას. ასე რომ, რა თქმა უნდა, ჩვენი სააგენტოები რუს კოლეგებთან იმუშავებენ”, – თქვა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი