სამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანელი ქალის ბიზნესი საქართველოში

19 დეკემბერი, 2016 • 2924
აზერბაიჯანელი ქალის ბიზნესი საქართველოში

ბაქოდან თბილისში საცხოვრებლად სამი წლის წინ ჩამოვიდა და ბიზნესი წამოიწყო. საქართველოში ცხოვრება და საქმიანობა მისთვის იმდენად სასიამოვნო და წარმატებული აღმოჩნდა, რომ აქ სამუდამოდ დარჩენაზეც ფიქრობს.

ზარიფა გულიევა 34 წლისაა. საქართველოში ჩამოსვლამდე ბაქოში სოციალურად აქტიურად ცხოვრობდა. 2005 წელს ზარიფამ ბაქოში საქველმოქმედო ორგანიზაცია “ერთიანობისთვის” დააფუძნა და მზრუნველობამოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ეხმარებოდა. გარდა იმისა, რომ აზერბაიჯანში 400-ზე მეტი ბავშვის ოპერაციისთვის საჭირო თანხების მოძიება შეძლო, დააფუძნა სოციალური ბიზნესი, სილამაზის სალონი «Unformal”, სადაც მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს სტილისტობას ასწავლიდნენ. პარალელურად, მათთვის სპეციალური კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსები შექმნა.

“ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ ჩვენს ქვეყანაში სექსმუშაკების დიდი ნაწილი ბავშვთა სახლებში გაიზარდნენ. კრიმინალში ლომის წილიც სწორედ ამ ინსტიტუციებიდან გამოსულ ბავშვებზე მოდიოდა. ასეთ ბავშვებს 18 წლის ასაკში სახელმწიფო აღნიშნული ინსტიტუციების კარს უღებდა და ბედის ანაბარა ტოვებდა. ადამიანებს სხვა არაფერი დარჩენოდათ. გოგონები ძირითადად სექსმუშაკობით შოულობდნენ ფულს, ბიჭები კი ქურდობით იყვნენ დაკავებული. ვიფიქრე, კარგი იქნებოდა, ამ ბავშვებისთვის რამე პროფესია მიგვეცა, რამე შეგვესწავლებინა, რომ ბავშვთა სახლებიდან გამოსვლის შემდეგ სამსახური ჰქონოდათ და ქუჩაში არ დარჩენილიყვნენ”, – მიყვება ზარიფა.

2013 წლიდან აზერბაიჯანში მცირე მეწარმეებისთვის ცხოვრება აუტანელი გახდა. ბიუროკრატიამ პიკს მიაღწია. საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, საქმიანობის მიუხედავად, სახელმწიფო ინსტანციები პრობლემებს უქმნიდნენ და მათი ანგარიშების გაყინვა დაიწყეს.

ასე დაიხურა ზარიფას მიერ დაფუძნებული რვა წლის ორგანიზაციაც. ზარიფა იმ პერიოდში მის მიერ არცთუ ისე მარტივად მიღებულ გადაწყვეტილებას იხსენებს:

“აზერბაიჯანში საქმიანობის დასრულება გადავწყვიტე და უახლოესი ქვეყნების გაანალიზება დავიწყე, თუ სად იქნებოდა უკეთესი პირობები რაიმე საქმიანობის დასაწყებად. არჩევანი საქართველოზე შევაჩერე, რომელიც ისედაც ყოველთვის მიყვარდა”.

ამბობს, რომ არჩევანში არ შემცდარა. უცხოელი ინვესტორებისთვის კორუმპირებული ქვეყნიდან კორუფციისა და ბიუროკრატიის არმქონე ქვეყანაში ჩასვლა ზღაპარში მოხვედრას ჰგავდა.

“ვერ ვიტყვი, რომ აქაც ყველაფერი იდეალურადაა, მაგრამ თუ პატიოსნად მუშაობ, ინსტანციებთან პრობლემა არ გექმნება. აზერბაიჯანში მუშაობის დროს ოფისის კარზე ყოველდღე ვიღაც მოდიოდა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურიდან და ქრთამს მთხოვდა. ასეთი რამ აქ გამორიცხულია”, – მიყვება ზარიფა.

ყველაზე დიდ სირთულეს საქართველოში ყოფნის პირველ პერიოდში წააწყდა: ბაზარზე ფასების, კანონების არცოდნა და ენის ბარიერი. თუმცა შრომისმოყვარეობისა და მიზანდასახულობის წყალობით  ყველა პრობლემა გადალახა.

დღეს მისი ჰოსტელი თბილისში ერთ-ერთი ყველაზე იაფი და ცნობილია. ზამთარშიც კი მუდამ სავსეა სტუმრებით. ზარიფა ამას შემდეგნაირად ხსნის: ნებისმიერი საქმის დაწყებამდე ყოველთვის ერთი პრინციპით ვხელმძღვანელობ, რაღაც განსხვავებული უნდა შევთავაზო, ისეთი, რაც აქამდე სხვას არ გაუკეთებია.

ზარიფას ჰოსტელი თბილისში სხვა ჰოსტელებისგან განსხვავებული იმითაა, რომ მისით ძირითადად აზერბაიჯანელები სარგებლობენ. თავიდან მათი მეგობრები ჩამოდიოდნენ, შემდეგ- იმათი მეგობრები, ახლა კი, სრულიად უცხო ხალხიც.

“თბილისში დიდ ოჯახივით ვართ, სადაც მუდმივად აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. ამ ჰოსტელში თავს კომფორტულად გრძნობენ, არც ენის ბარიერი აქვთ და, შეიძლება ითქვას, ყველა ერთმანეთს იცნობს.

ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დიდი სახლის დიასახლისი ვარ, სადაც მუდამ ვიღაცას ვჭირდები. ხშირად აზერბაიჯანულ კერძებსაც ვამზადებთ. ზოგჯერ რომელიმე სტუმარს რაღაც პროდუქტი ჩამოაქვს აზერბაიჯანიდან და ყველას გვეპატიჟება მაგიდასთან, სადაც პოლიტიკის, რელიგიის და ჩვენი ქვეყნის სოციალურ საკითხებს განვიხილავთ ხოლმე. ეს ის ადგილი არ არის, სადაც მხოლოდ დაძინება შეუძლიათ ადამიანებს”.

სულ ცოტა ხნის წინ ზარიფამ თბილისის ცენტრში სასტუმროც გახსნა. სასტუმროს შვილის სახელი “ჟასმინი” დაარქვეს.

“სასტუმროს გახსნა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ზოგიერთ სტუმარს, განსაკუთრებით ასაკოვანს, ჰოსტელში დარჩენა არ სურს. არაკომფორტულად გრძნობენ ხოლმე თავს. ახლა კი შესაძლებლობა აქვთ, ქალაქის ცენტრში პატარა, მყუდრო სასტუმროში დარჩენენ”.

მომავალში ზარინა თბილისშივე ფართის იჯარით აღებას და მთაწმინდის ხედით კაფეს გახსნას გეგმავს.

ზარიფა ფიქრობს, რომ ქალს შეუძლია ერთდროულად წარმატებული ბიზნესიც ჰქონდეს და კარგი დედაც იყოს.

“ჩემს შემთხვევაში განსაკუთრებით არ ყოფილა ამ მხრივ პრობლემა. ჩვენ პრაქტიკულად აქ ვცხოვრობთ. დღისით ბავშვი საბავშვო ბაღშია, ჩვენ კი საქმეს ვაკეთებთ”.

ზარიფა გულიევა შვილთან ერთად

ზარიფა გულიევა შვილთან ერთად

კითხვაზე, ხედავს თუ არა მომავალს საქართველოში, პასუხობს: დიახ, მე მინდა აქ დარჩენა, აქ კომფორტულად ვარ. რა თქმა უნდა, არის მენტალობასთან დაკავშირებული სირთულეები და სხვა მცირე ნიუანსები, მაგრამ პრინციპში კარგად ვარ და ცხოვრება და მუშაობა აქ მინდა.

ამბობს, რომ მანამდე, როგორც ტურისტი, ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში და ყოველთვის მოსწონდა ეს ქვეყანა.

“გადმოსახლების შემდეგ იმდენად ჩავერთე საქმეებში, დამავიწყდა, რომ სხვა ქვეყანაში ვცხოვრობ. ეს გადასარევი ქვეყანაა, აქ ბევრი მულტიკულტურული ღონისძიებაა და არსებობს საკუთარი თავის რეალიზაციის საშუალება. ვისურვებდი, ამ ქვეყნისთვის ოდესმე მეც სასარგებლო გავხდე”.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი