სამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური მხარე განმარტავს, რა ვითარებაში შეხვდნენ სომხეთის პრეზიდენტს

6 სექტემბერი, 2016 •
აფხაზური მხარე განმარტავს, რა ვითარებაში შეხვდნენ სომხეთის პრეზიდენტს

“მიღებაზე ჩვენი დელეგაცია ყარაბაღის პრეზიდენტთან, ბაკო სააკიანთან მისალოცად მივიდა. აღმოჩნდა, რომ მასთან ერთად სერჟ სარგსიანი იდგა. პრეზიდენტის პროტოკოლის თანამშრომელმა ეს ფირზე აღბეჭდა. მე ეს ფოტო ფეისბუკზე გამოვაქვეყნე. ამის შემდეგ ქართული მედია აფხაზური დელეგაციის სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ალაპარაკდა”, – ეს განცხადება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კან ტანიამ მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კან ტანიამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე სტეპანაკერტიდან 1 სექტემბერს გაავრცელა ფოტომასალა, სადაც ჩანდა, რომ სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ბაკო სააკიანი და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაცია საზეიმო ღონისძიებას ესწრებიან. აღნიშნულთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ სომხურს განმარტება მოსთხოვა [სომხეთს აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარებული არ აქვს. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აღიარა]. სომხური მხარის ცნობით, არანაირ ოფიციალურ შეხვედრას აფხაზურ მხარესთან ადგილი არ ჰქონია.

“სკანდალი, რომელიც ქართული მხარის მიერ არის აგორებული, მიუთითებს მორიგ მცდელობებზე, აფხაზურ მხარეს ნებისმიერ საერთაშორისო კონტაქტში ხელი შეუშალონ. ჩვენი საერთაშორისო კონტაქტები ყველა შეზღუდვის მიუხედავად გაფართოვდება”, – განაცხადა კან ტანიამ, აფხაზეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა, პრესკონფერენციაზე სოხუმში.

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში სამდღიანი ვიზიტის განმავლობაში, როგორც აფხაზური დელეგაციის კიდევ ერთმა წევრმა, ვიტალი გაბნიამ განაცხადა, “მრავალი შეხვედრა გაიმართა, მათ შორის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ბაკო სააკიანთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და სხვა პოლიტიკურ მოღვაწეებთან. მხარეები სხვადასხვა სფეროში რიგი შეთანხმებების გაფორმებას გეგმავენ”.

კან ტანია, ვიტალი გაბნია; ფოტო: აპსნიპრესი/apsnypress

კან ტანია, ვიტალი გაბნია; ფოტო: აპსნიპრესი/apsnypress

მასალების გადაბეჭდვის წესი