ახალი ამბები

საგარეო: სომხური მხარის განმარტებით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრა არ გამართულა

2 სექტემბერი, 2016 • 1868
საგარეო: სომხური მხარის განმარტებით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრა არ გამართულა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს, 2 სექტემბერს, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოს ეხმაურება, სადაც ჩანს, რომ სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ბაკო სააკიანი და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაცია საზეიმო ღონისძიებას ესწრებიან. როგორც სამინისტროში ამბობენ, სომხეთის განმარტებით, ასეთი შეხვედრა არ გამართულა.

“სომხური მხარის განმარტებით, არანაირ შეხვედრას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ადგილი არ ჰქონია. ეს არის მორიგი პოლიტიკური სპეკულაცია, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ხშირად მიმართავენ ხოლმე”, – განაცხადა დღეს, 2 სექტემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიგი გიგიაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გიგი გიგიაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

გიგი გიგიაძის თქმით, ამასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება:

“ჩვენ დავინტერესდით ამ საკითხით. ჩვენი ელჩი ესაუბრა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილეს, პირადად ვესაუბრე სომხეთის ელჩს საქართველოში. სომხეთი არის მეგობარი ქვეყანა. ის ცალსახად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას მათთან”, – ამბობს გიგიაძე.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანიამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე სტეპანაკერტიდან გაავრცელა ფოტომასალა, სადაც ჩანდა, რომ სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ბაკო სააკიანი და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაცია საზეიმო ღონისძიებას ესწრებიან. კითხვაზე, იყო თუ არა დამუშავებული (“დაფოტოშოპებული”) დღეს გავრცელებული ფოტო, გიგიაძე ჟურნალისტებს პასუხობს:

“ვერ გეტყვით, რასთან გვაქვს საქმე. შესაძლებელია, მომხდარიყო, უბრალოდ, გარკვეული გარემოების ან სიტუაციურად ადამიანების ჯგუფის გადაღება, ამ თემაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ იმიტომ, რომ ამაზე ინფორმაცია არა გვაქვს. ოფიციალურად რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, ეს არის სომხური მხარის ძალიან ცალსახა განცხადება, რომ არანაირ შეხვედრას ადგილი არ ჰქონია”, – განაცხადა გიგი გიგიაძემ.

სომხეთს აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარებული არ აქვს. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აღიარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი