ნეტგაზეთი | ფაზილ ისკანდერის აღქმა საქართველოში ფაზილ ისკანდერის აღქმა საქართველოში – Netgazeti
RU | GE  

ფაზილ ისკანდერის აღქმა საქართველოში

“აფხაზი ეროვნება არ არის, აფხაზი აზროვნების წესია“, თქვა ჩემი უფროსი მეგობრის მეგობარმა თბილისში, უნივერსიტეტში. კათედრაც მახსოვს, მგონი. წელიც, 1990. საუბარი იმაზე იყო, როგორ შეიძლება, ვინმეს ერთი წარმოშობის გვარი ჰქონდა და თავი სხვა ეროვნებისთვის მიეკუთვნებინა. კაცმა რომ თქვას, ეს საუბარი არ იყო, უფრო დაცინვა იყო. ადვილი მისახვედრია, რომ ,,დაცინულებს“ შორის აფხაზი მწერალი ფაზილ ისკანდერიც მოხვდა. დაწესებულება, რომელზეც საუბარი გვაქვს, ბევრი ჩვენგანის ალმა მატერი, საერთოდ ქართული გაორების კვინტესენციას წარმოადგენდა – მის კედლებში ინტენსიურად სწავლობდნენ და იკვლევდნენ აფხაზურ ენას, იქვე ხდებოდა იმ იდეის კულტივირება, რომ ყველაფერი აფხაზური მოსაფრთხილებელია და შესანახი, ამავე დროს კი – რაც მეტად დავშორდებით ამ დროს, ალბათ ბევრი ქართველისთვის უფრო და უფრო გაუგებარი გახდება – ინერგებოდა აზრი, რომ რაც აფხაზურია, სინამდვილეში აფხაზური არ არის, რაკი, ალბათ, მე-9-10 საუკუნეებიდან სტერილურად ვერ შეინახა თავი ( ახსნას ვცდილობ), ხოლო აფხაზების შესაძლებლობებს, რომელი სფეროც არ უნდა ყოფილიყო, დიდი კითხვის ნიშანი ჰქონდა დასმული. არსებითად ქართული აკადემიური სივრცე იყო ერთ-ერთი კერა, რომელმაც ჩვენს კონფლიქტს საფუძველი მოუმზადა.

იმავე, 1990 წელს საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა უზარმაზარ მიტინგზე ნიშნეული სიტყვა წარმოთქვა. “ჩვენ მივიღეთ თავისუფლება, მაგრამ ბარაბას გზით. ბარაბას გზა ავირჩიეთ და ეს თავისუფლებაც უფალმა ისე წაგვართვა ..აი, ამის გამო მივიღეთ, ძმანო, ეს სასჯელი, რამეთუ უარვყავით ქრისტე, ქრისტეს მოვლენილი კაცი, მესიად მოვლენილი კაცი და ავირჩიეთ ბარაბა ავაზაკის, სოციალ-დემოკრატიის და მსგავსთა მისთა გზა.“ რამდენიმე წუთში საქართველოს პირველი პრეზიდენტი დაიწყევლება: ,,ვინც წავა წარწყმედის გზით, ბარაბას გზით, შეჩვენებული იყოს უკუნისამდე! ჩვენ, ძმანო, ვდგავართ პირისპირ სატანასთან, გველეშაპთან. ან ჩვენ დავამარცხებთ მას წმინდა გიორგის ძალისხმევით, ან… გაგვთელავს ჩვენ ეს კოსმიური გველეშაპი, ეს პლანეტარული მხეცი – ანტიქრისტე, რომელიც წარმოგვიდგება და გვეუბნება: აი, ეროვნული მოძრაობა და ეროვნული მოძრაობის ნიღბით და საფარით მოდის ანტიქრისტე, მოდის ბარაბა და მოდის შეჩვენება.’’ ისტერიულად დასრულებული ამ ირაციონალური გამოსვლის შემდეგ ხალხმა პრეზიდენტი ხელში აიტაცა.
ფაზილ ისკანდერთან, რომელიც სულ ახლახან გარდაიცვალა და ამ სტატიით მისი სახელის კიდევ ერთხელ ხსენება გვინდა, ზვიად გამსახურდიას ამ ირაციონალურ გამოსვლას უშუალო კავშირი არ აქვს – კავშირი აქვს კონტექსტთან, რომელიც ამ რიტორიკამ შექმნა და გამოუსწორებელი შედეგი მოიტანა. ისკანდერს კი პირველმა პრეზიდენტმა ღია წერილით ორი წლით ადრე, 1988 წელს მიმართა. წერილში ზოგიერთ სამართლიან საყვედურთან ერთად მომავალი პრეზიდენტი ისკანდერს ისეთი საკითხების წამოყენებაში ,,ამხელდა“, რომლებზეც დღეს მეოცე საუკუნის ქართულ-აფხაზური ისტორიის არც ერთი მცოდნე და ამავე დროს წესიერი მკვლევარი აღარ დავობს – ოცდაათიან-ორმოცდაათიანი წლების აფხაზეთის გაქართველების პოლიტიკაზე, რაც ლავრენტი ბერიას ნაციონალიზმით შენიღბული წმინდად ბოლშევიკური ქმედება იყო და ახლა კი ვიცით, საქართველოსთვის სიავის გარდა არაფერი მოუტანია. გამსახურდია მწერალს იქვე ახსენებდა,, აფხაზები ქართული ტომის სახელწოდება იყო, ხოლო ამ მხარის დღევანდელი მკვიდრნი, ადიღეური აფსუები აქ ჩამოსახლდნენ XVII-XVIII საუკუნეებში, შეერივნენ ადგილობრივ ქართულ მოსახლეობას და მიიღეს “აფხაზების” სახელწოდება. ეს თანამედროვე ისტორიოგრაფიის “ანბანური ჭეშმარიტებებია”. რამდენიმე წლის შემდეგ ამ ანბანურმა ჭეშმარიტებებმა რაღაც, რასაც მაშინ ქართულ ჯარს ვუწოდებდით, აფხაზეთში შეიყვანა. იმ შეურაცხყოფისა და ძარცვა-გლეჯვის შემდეგ, რაც ქართული ფორმირებების სოხუმში შესვლას მოჰყვა, ძნელი არ არის, ამ გზას ზემოთ ნახსენები ორიდან სახელი გამოვუძებნოთ. ფაზილ ისკანდერის პასუხი ამ წერილზე არ არსებობს.

კარგად მახსოვს, ოთხმოციან წლებში ფაზილ ისკანდერს საქართველოში მკითხველი არ აკლდა, ბევრისთვის ერთ-ერთი საყვარელი ავტორი იყო. აფხაზურ-ქართული დაძაბულობა, რა თქმა უნდა, გამოკვეთილად არსებობდა, მაგრამ აფხაზი მწერალი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობდა, რუსულად წერდა და ნაციონალიზმის თემა დიდად არ აინტერესებდა, ამ ურთიერთობებთან დიდად არ ასოცირდებოდა. რასაკვირველია, ამ ყველაფრის მიუხედავად, მცირერიცხოვანი აფხაზებისთვის ისკანდერი, რომელსაც აფხაზური თემიდან არასდროს გადაუხვევია, სწორედ აფხაზობის და აფხაზურობის გამო ძვირფასი და საამაყო იყო. დამოკიდებულებები, რომლებმაც თავი ამ დღეებში მისი ხშირი ხსენებისას იჩინა, ქართული ეროვნული მოძრაობის წლებშია ჩასახული. უცნაურია, იმ წლების შემდეგ ჩვენმა ცნობიერებამ ბევრნაირი ცვლილება განიცადა, ფაზილ ისკანდერის, როგორც ,,ირანელ-რუსი“ , ,,პროსაბჭოური“, ნაციონალისტი მწერლის აღქმა თურმე არ შეცვლილა.

ისკანდერის მხატვრულ ტემპერამენტსა თუ პოლიტიკურ მიკერძოებებზე ზედაპირულად იმის თქმა შეიძლება, რომ იგი არასდროს შესულა ვინმესთან ცხარე ან გამოკვეთილ დებატებში, ამავე დროს, არც საბჭოთა რეჟიმის საწინააღმდეგო ნაბიჯები გადაუდგამს. ზოგადად, ქართველებისთვის გაუგებარია ერთი რამ: მენშევიკურ-ბოლშევიკურ დაპირისპირებაში, მართალია, აფხაზებს რომელიმე გამოკვეთილი მხარე თავიდან არ ეჭირათ, მაგრამ მენშევიზმმა მათ თავი სწორედ პირველი სამხედრო ლაშქრობითა და დარბევა-დაწიოკებით დაამახსოვრა, ბოლშევიზმი კი დაჯგუფება ,,კიარაზისა“ და ნესტორ ლაკობას ფიგურის გამოისობით ( რომელიც ოციანი წლების ბოლოს შეძლებისდაგვარად იცავდა აფხაზეთს კოლექტივიზაციისაგან) მათთვის საბოლოოდ ნაციონალური ინტერესების დამცველ მიმართულებად იქცა. ამიტომ საბჭოთა რეჟიმს ისინი იმდენად მტრულად არ აღიქვამდნენ, როგორც ,,ძველრეჟიმული“ ან ლამის ერთიანად პრომენშევიკური საქართველო. ბერიას პერიოდის, მისი მემკვიდრეობის გამგრძელებელი საქართველო მათთვის გაცილებით მტრული წარმონაქმნი იყო. ამის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ხშირად აღნიშნავს, რომ აფხაზეთს საბჭოთა დისიდენტური მოძრაობისთვის არაფერი შეუმატებია. ზოგადად, ასეთი ბრალდების მოსმენისას ბუნებრივი კითხვა ჩნდება: რამდენმა ქართველმა მწერალმა გამოიჩინა იმ ხანებში ნონკონფორმიზმი, რა გააკეთა, ვთქვათ, ფაზილ ისკანდერზე მეტი, რომ მას ამ დღეებში საბჭოთა მწერლად მოიხსენიებენ, საბჭოთა ინტელიგენციისათვის გაცემული ყველა ბონუსის შემრგებ ქართველ მწერლებს კი – შეურიგებელ მოქალაქეებად?!

1966 წელს დაწერილი რომანი ,,თხაჯიხვის თანავარსკვლავედი“ კი, რომელმაც მას ერთდრულად მკითხველის სიყვარული და სახელიც მოუხვეჭა, ნამდვილად იყო ხრუშჩოვის სასოფლო-სამეურნეო სიგიჟის შესანიშნავი სატირა. მისი კავშირი აკრძალულ ალმანახ,, მეტროპოლთან“, რომლის ერთ-ერთი ნომერი ამერიკაში გამომცემლობა ,,არდისმა“ დასტამბა(ალმანახის ავტორების ხსენებაც ღირს – იუზ ალეშკოვსკი, ჯონ აპდაიკი, ანდრეი ბიტოვი, ვიქტორ ეროფეევი და ბევრი სხვა ), ასევე არ იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, თითქოს მწერალი სიფრთხილის იმ განსაკუთრებული ინსტინქტით გამოირჩეოდა, რომელიც, სხვათა შორის, არაერთ ქართველ მწერალს ,,აჭმევდა პურს“. როცა ერთ-ერთი მთავარი საბჭოთა ლიტერატურული ჟურნალის, ,,ნოვი მირის“ რედაქტორს, ტვარდოვსკის, ხელისუფლებამ ეჭვის თვალით დაიწყო ყურება და გათავისუფლება დაუპირა, ისკანდერმა პოლიტბიუროს წევრს, კოსიგინს მისი დასაცავი წერილი გაუგზავნა, რომელიც, როგორც მერე ბევრი რუსი მწერალი სიცილით იხსენებდა, ასე იწყებოდა- ,,გაცოფებული ვარ“. ქართველ მკითხველს არ ახსოვს, რადგან დიდად არ დაინტერესებულა. ამ დღეებში რუსი მწერლების მიერ გამოქვეყნებულ გამოსათხოვარ წერილებში ბევრი იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც ფაზილ ისკანდერის თავზე სახიფათო ღრუბლები იყო მოყრილი.

ისკანდერის ,, რუსული’’ იდენტობის ხაზგასმისას ჩვენი საზოგადოება სულ მთლად იჭრება და უხერხულ უცოდინრობას ამჟღავნებს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, აქ ისევ ზემოთ მოტანილი ირაციონალური დისკურსია, თორემ, არა მგონია, მეტ-ნაკლებად განათლებულ ქართველ მკითხველს არ ახსოვდეს არაერთი უცხოელი მწერალი, რომელიც სხვადსხვა – მისი ქვეყნის სპეციფიკური პოლიტიკური მდგომარეობის, აღზრდისა თუ მკითხველთა წრის გასაზრდელად სხვა ენაზე უწევდა წერა. მარტო ერთი ირლანდიის მაგალითის მოტანაც იკმარებს – ირლანდიურ ენაზე შუა საუკუნეებიდან მეოცის ჩათვლით უმეტესად ბარდები და რამდენიმე, ჩვენთვის უცნობი მწერალი წერდა. სვიფტი, ბერნარდ შოუ, იეიტსი, ოსკარ უაილდი, ჯოისი, ბეკეტი და კიდევ ბევრი ირლანდიელის არჩევანი უმთავრესად ინგლისური ენა იყო, თუმცა მათი წარმოშობა არავის დავიწყებია. თუ მხატვრული ლიტერატურა იმისთვის იქმნება, რომ ვინმემ იამაყოს, ეს მწერლები ირლანდიის სიამაყე და კულტურული კაპიტალიცაა. ხანდახან ესა თუ ის არგუმენტაცია მის მომტანზე უფრო მეტს ამბობს, ვიდრე საუბრის საგანზე. ამავე რიგისაა ისკანდერის ირანული წარმომავლობის ხშირი შეხსენება, რაც ქართულ ინტერნეტრესურსებს წელსაც არ დაუკლიათ.

ფაზილ ისკანდერი, მწერალი, რომელსაც 1992-1993 წლების ომზე არაფერი დაუწერია ამა თუ იმ მხარისათვის მკაფიოდ, გამოკვეთილად მოსაწონი, ამის გამო ორივე მხრიდან მეტ თუ ნაკლებ კრიტიკას იღებდა. თუ ვინმეს მისი დამოკიდებულება აინტერესებს, მისი მხატვრული ტემპერამენტის კვალობაზე ძია სანდროს ფიქრებიც, ვთქვათ, ენდურელების და კენგურელების თემაც საკმარისია. ისკანდერს ხშირად ეკითხებოდნენ, ვინ არიან ენდურელები. ,, ჩემმა გერმანელმა მთარგმნელმა, საშა კემპფემ ,,სანდრო’’ წაიკითხა და მკითხა, ,,ვინ არიან ენდურელები – ებრაელები?“ ისკანდერი მთარგმნელს იმას უამბობს, რაც ბევრჯერ აქვს სხვდასხვა დროს დაწერილი და ნაამბობი: ეს ორი ხალხი მან ბავშვობაში გამოიგონა, ხატავდა კიდეც მათ და ყველას ამხიარულებდა. ,, ახლა კი იმასაც გეტყვი, რომ ენდურელები – ერთი მხრივ, ჩვენი წინასაწარი განწყობებისგანაცაა შექმნილი“ – ეს საყურადღებო ფრაზაა, რომელიც ამ სადავო მითოლოგიაში გარკვევის მსურველებს ხშირად ავიწყდებათ – ძია სანდროს, როგორც ნამდვილი ,,ჩეგემელის“ მიერ ,,უცხოს“ აღქმას აშარჟებს, ოღონდ თბილად, დანდობით, ისე, როგორც ,,თავისიანს“.

– ეს ყველაფერი 1992-93 წლების ომამადე იწერებოდა და დიახ, ისკანდერი აფხაზი იყო, რომელიც აფხაზეთში ქართველების ოდენობის განუწყვეტელი მატებაც კარგად ეხსომებოდა. თუ ძალიან მოვიდნომებთ და ენდურელების პროტოტიპად მაინც ჩასახლებულ მეგრულ მოსახლეობას მივიჩნევთ, მაშინ აქვე გავიხსენოთ ჩვენთვის საყვარელი მიხეილ ჯავახშვილი და მისი ჯაყო და ხანდახან მაინც შევეცადოთ, დისტანცირების უნარი თვითკრიკტიულობისთვის თუ არა, სიტუაციათა დატოლებისთვის გამოვიყენოთ. მანვე დაწერა ,, ბიჭი და ომი’’. ვისაც არ წაგიკითხავთ, გირჩევთ, წაიკითხოთ, მოთხრობა ქართულადაცაა ნათარგმნი. პატარა ბიჭი ოჯახურ საუბარში გაგონილ ამბებზე ფიქრობს, ამბავი ქართველი ექიმის მკვლელობას ეხება. მეც დროდადრო მახსენდება ეს მოთხრობა და უფრო ხშირად ერთი აფხაზის ნაამბობი მახსენდება – როგორ ვერ დაიცვა ერთი ქართული ოჯახი. ამბავი, რომელიც გულმავიწყობის, უფრო კი, ასე მგონია, მოუნელებლობის გამო სხვადსხვა დროს ოთხჯერ მიამბო, ელექტრონულად, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. სინამდვილეში ჰაერში გამოკიდებული, მოუნელებელი ამბების მქონე ორი ხალხი ვართ, სინანულის ფორმირებისთვის გვინდა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩვენი ,,სისუსტე“ ჯეროვნად იქნება გაგებული. მანამდე კი ერთმანეთისთვის სასაყვედურო ერთნაირად გვაქვს და არც გვაქვს არაფერი.

მოთხრობა, რომლის ქართულ თარგმანს, არაჩვეულებრივს, ჩემი აზრით, არც ერთი ქართული რესურსი არ მოუფრთხილდა, ინტერნეტში ვერ იპოვით. რუსულად კი აი, აქ დევს, ასჯერ მოსმენილს ერთხელ წაკითხული სჯობს.

ფაზილ ისკანდერი; ფოტო: http://ptzgovorit.ru

ფაზილ ისკანდერი; ფოტო: http://ptzgovorit.ru

ბიოლი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი