სამხრეთ კავკასიის ამბები

როგორ აფერხებს აზერბაიჯანის ხელისუფლება ბიზნესის განვითარებას

11 მაისი, 2016 •
როგორ აფერხებს აზერბაიჯანის ხელისუფლება ბიზნესის განვითარებას

ნავთობიდან შემოსული მილიარდები აზერბაიჯანელებს მრავალი წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკაზე არასწორ წარმოდგენას უქმნიდა. ნავთობზე ფასის ვარდნამ კი საზოგადოების მეტი სიფხიზლე გამოიწვია და უფრო ნათლად დაანახა მოქალაქეებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელი სეგმენტი – მცირე და საშუალო ბიზნესი არ ვითარდება.

დღესდღეობით აზერბაიჯანის მშპ-ში მცირე და საშუალო ბიზნესის წვლილი, ოფიციალური მონაცემით, 25%-ს არ აღემატება. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აზერბაიჯანიდან ექსპორტის 84%-ს ნავთობი და ნავთობპროდუქტი შეადგენს, კარგად აჩვენებს, რომ ქვეყანაში არანავთობსექტორი არ ვითარდება.

აზერბაიჯანში დღეს ბევრს საუბრობენ ბიზნესმენების შევიწროებაზე და მათთვის არაკეთილსაიმედო პირობების შექმნაზე.

აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ოკტაი ახვერდიევი, ამჟამად დამოუკიდებელი ექსპერტი, ამის მიზეზად ქვეყანაში მონოპოლიასა და კორუფციას ასახელებს.

“ეს არის ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რომ ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესი ვერ ვითარდება. ამის შესახებ პრეზიდენტიც კი საუბრობს”, – აცხადებს “ნეტგაზეთთან” საუბარში ეკონომისტი.

ოკტაი ახვერდიევი ამბობს, სახელმწიფომ ბიზნესის კეთებისთვის პირობები არ შექმნა.

“რაც მეტია სახელმწიფოს როლი ეკონომიკის მართვაში, მით ნაკლებია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების შესაძლებლობები. საერთოდ, სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ამ პროცესში. მისი როლი ლიბერალური პირობების შექმნაშია, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს ბიზნესის კეთების სურვილი ექნებათ. მარტივ მაგალითს მოვიყვან, ჩემი სახლის გვერდით პატარა მაღაზიაა. მისი მეპატრონე გამუდმებით ჩივის ჩემთან, რომ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურები მოსვენებას არ აძლევენ, ქრთამს ითხოვენ. შესაბამისად, ის იძულებულია ფასები გაზარდოს და მოგებისთვის რაღაც ხრიკებს მიმართოს. ასე არ უნდა იყოს”.

ცნობილმა აზერბაიჯანელმა ბლოგერმა, ჟურნალისტმა და პიარის სპეციალისტმა ჰამიდ ჰამიდოვმა ბიზნესმენებისთვის ფეისბუკზე გვერდი შექმნა, სადაც აზერბაიჯანელ ბიზნესმენებს საკუთარი ბიზნესის უფასოდ რეკლამირება შეუძლიათ.

“აზერბაიჯანული მანათის დევალვაციამ დიდი გავლენა იქონია ბიზნესსფეროზე. ბევრი ბიზნესი გაკოტრდა, ძალიან ცოტა საწარმო გადაურჩა კრიზისს. თუმცა დროთა განმავლობაში ხალხმა არსებულ ვითარებასთან შეგუება დაიწყო და ვისაც საშუალება ჰქონდა, ის ბიზნესი წამოიწყო, სადაც მინიმალური რისკები არსებობს. ამჟამად, როგორც ადამიანი, რომელიც მჭიდროდ ურთიერთობს ბიზნესთან, ამ სფეროში გარკვეულ აქტიურობას ვამჩნევ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალი სამუშაო ადგილები ჩნდება. პირიქით- ძველი საწარმოებიდან კიდევ მიმდინარეობს თანამშრომლების შემცირება. ბევრი წყვეტს ბიზნესს და ისინი, ვინც იწყებს, უფრო მცირე რაოდენობით არიან წარმოდგენილი”, – ამბობს ჩვენთან საუბარში ჰამიდოვი.

რა წერია Doing Business-2016-ის ანგარიშში აზერბაიჯანზე

მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ანგარიშის- Doing-Business – 2016-ის მიხედვით, აზერბაიჯანმა 189 ქვეყანას შორის 63-ე ადგილი დაიკავა [სომხეთი -35-ე, საქართველო -24-ე]. იმავე მდგომარეობაში იყო აზერბაიჯანი წინა დოკუმენტის მიხედვითაც. კვლევის დროს ქვეყანა ათი მაჩვენებლით ფასდება. ყველაზე მაღალი [7] ქულა აზერბაიჯანმა “საწარმოთა რეგისტრაციის” ინდიკატორში მიიღო. უმრავლეს ინდიკატორებში აზერბაიჯანის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუარესდა წინა წელთან შედარებით.

ბიზნესის რეგისტრაცია აზერბაიჯანში მართლაც მარტივია, თუმცა, მისი განვითარებაა რთული. ეს სირთულე დაუსაბუთებელ შემოწმებებს, მაღალ გადასახადებს, მონოპოლიასა და ეკონომიკურ კრიზისს უკავშირდება. ეკონომიკური კრიზისის გარდა, ყველა დანარჩენი მთლიანად დამოკიდებულია ხელისუფლების სურვილზე, მისცენ ბიზნესს სტიმული, მონოპოლია დაასრულონ, გადასახადები შეამცირონ და დაუსაბუთებელი შემოწმებები შეაჩერონ. ნაცვლად ამისა, ისინი ამ პროცესის იმიტაციით არიან დაკავებული, რასაც ქვეყანა უფრო ღრმა კრიზისში შეჰყავს.

მონოპოლიასთან ვითარება უფრო რთულადაა. ოლიგარქები მრავალი წელია ერთმანეთში ქვეყანაში არსებულ ბიზნესს ინაწილებენ და ამ წილის დაკარგვა და, შესაბამისად, თავისუფალი კონკურენციის პირობებში მუშაობა არავის სურს.

ბაქო, აზერბაიჯანი, 2016; ფოტო: ნინო კახიშვილი

ბაქო, აზერბაიჯანი, 2016; ფოტო: ნინო კახიშვილი

2015 წლის ბოლოდან ხელისუფლებამ საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად გარკვეული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. მათ შორის იყო მეწარმეებისთვის ლიცენზირების მინიჭება. ასევე, 2015 წლის 26 ოქტომბერს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას დამატებითი ზომების შესახებ “სამეწარმეო სფეროში ჩასატარებელი შემოწმებების შეჩერების შესახებ”. 2016 წლის 16 მარტს კი პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას “ეკონომიკის ძირითადი სექტორებისა და ეროვნული ეკონომიკის სტრატეგიული საგზაო რუკის ძირიდათი მიმართულებების შესახებ”, რომლის მიხედვით, კონკურენტუნარიანი ეკონომიკის შესაქმნელად გათვალისწინებულია აზერბაიჯანის ეკონომიკის დიაგნოსტიკა 360 პარამეტრით. ასევე SWOT ანალიზი [მისი ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრა, შესაძლებლობებისა და რისკების შეფასება].

ჰამიდ ჰამიდოვი ამბობს, რომ ამჟამად კომპანიებისა და საწარმოების დაუსაბუთებელი შემოწმებები შემცირდა.

“ის ბიზნესმენები, რომელთანაც შეხება მიწევს, ამას ადასტურებენ. ადრე თუ ათეულობით შემოწმება იყო თვის ან კვარტლის განმავლობაში, ახლა შემცირებულია”.

მისივე თქმით, ამჟამად ბიზნესმენები უფრო მეტად ჩივიან არა დაუსაბუთებელ შემოწმებებზე, არამედ ფასების ზრდაზე, ბაზარზე არსებულ სიტუაციასა და მოქალაქეების დაბალ გადახდისუნარიანობაზე.

ნებისმიერი კრიზისი ახალ შესაძლებლობებს იძლევა. თუ გავითავალისწინებთ იმას, რომ აზერბაიჯანი მრავალი წელი “ნავთობის მახათზე” იჯდა, “შავ ოქროზე” ფასის შემცირებამ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელისუფლების მიერ გააზრებამ, რომ ნავთობმილიარდები აღარ იქნება, არანთავთობსექტორის განვითარების შესაძლებლობა გააჩინა. ამ კონქტესტში მცირე და საშუალო ბიზნესი შეიძლება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ლოკომოტივი გახდეს.

“ქვეყნის მომავალი მცირე და საშუალო ბიზნესზეა დამოკიდებული. აშშ ამის კარგი მაგალითია. თუ აშშ-ის ეკონომიკის სტრუქტურას შევხედავთ, მისი მშპ-ს დაახლოებით, 60% მცირე და საშუალო ბიზნესის ხარჯზე ფორმირდება. ამისთვის კი კომპლექსური სამუშაოა ჩასატარებელი. ბევრი რამე უნდა შეიცვალოს, პირველ რიგში, აზროვნება. ჩვენთან სახელმწოფოს როლი ბიზნესში საკმაოდ დიდია. ქვეყანაში უმსხვილესი ნავთობკომპანია SOCAR სახელმწიფოს ეკუთვნის, ეს ასევე ეხება კომპანიას “Azerenergy”, ავიკომპანია AZAL-ს. ყველა ეს კომპანია კერძო უნდა იყოს. შედეგად, ქვეყანაში იქნება კონკურენტუნარიანი გარემო, რომელიც ინოვაციებსა და ფასების სტაბილიზაციას უზრუნველყოფს”, – ამბობს ეკონომისტი, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ოკტაი ახვერდიევი.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი