რუსეთის ხელისუფლება აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე საკონსულო მოსაკრებლის შეღავათიანი ოდენობის დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის მთავრობის მიერ მომზადებულ შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტშია საუბარი, წერს Meduza.
აგვისტოდან რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადის განხილვის საკონსულო მოსაკრებელი თითქმის ათჯერ გაიზარდა – 65-დან 600 დოლარამდე. ახალი პროექტის მიხედვით, აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მცხოვრებლებისთვის მოსაკრებელი კვლავ 65 დოლარი იქნება.
მოსაკრებლის გაზრდის გამო პრობლემა განსაკუთრებით დნესტრისპირეთის მცხოვრებლებს შეექმნათ. რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ვადიმ კრასნოსელსკიმ განაცხადა, რომ საკითხის მოგვარებაზე მუშაობა მიმდინარეობდა და პროცესი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით გადაწყდებოდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მაისის შუა რიცხვებში ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც დნესტრისპირეთის მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურა გამარტივდა. მათ აღარ მოეთხოვებათ რუსეთში მუდმივად ცხოვრება, რუსული ენის ცოდნა, რუსეთის ისტორიისა და კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნა. მსგავსი გამარტივებული პროცედურა პუტინმა გასულ წელს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებისთვისაც შემოიღო.
