სამხრეთ კავკასიის ამბები

ედგარ ხაჩატრიანი: სომხეთში სამშვიდობო დიალოგის მხარდაჭერა შემცირდა

10 მაისი, 2016 •
ედგარ ხაჩატრიანი: სომხეთში სამშვიდობო დიალოგის მხარდაჭერა შემცირდა

მშვიდობის აქტივისტის, უფლებადამცველის, სომხეთში დაფუძნებული ორგანიზაცია “მშვიდობის დიალოგის” [Peace Dialogue] თავმჯდომარის, ედგარ ხაჩატრიანის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში 2016 წლის აპრილის მოვლენებმა  სომხეთში სამშვიდობო აქტივიზმის მხარდაჭერა შეამცირა და საზოგადოება საერთო მტრის, აზერბაიჯანის წინააღმდეგ გააერთიანა.

“ბოლო მოვლენებმა საზოგადოება საერთო მტრის გარშემო გააერთიანა. აქამდეც ძალიან მცირე მხარდაჭერა გვქონდა ქვეყანაში და იმ ქალაქშიც, რომელშიც ჩვენ ვმუშაობთ. ეს მხარდაჭერა დღეს კიდევ უფრო ნაკლებია. ყველა ამბობს, რა დროს სამშვიდობო საქმიანობა და უფლებადამცველობაა, დღეს უნდა გავერთიანდეთ და ვიბრძოლოთ საერთო მტრის წინააღმდეგ”, – ამბობს ედგარ ხაჩატრიანი.

2009 წელს სომხეთში დაფუძნებული Peace Dialogue-ის ოფისი ქალაქ ვანაძორში მდებარეობს. ორგანიზაცია სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, რუსეთიდან, გერმანიიდან და ჰოლანდიიდან გამოცდილ მშვიდობის აქტივისტებს აერთიანებს. ორგანიზაციის მისია კი კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაციის პროცესში დიალოგის გზით სამოქალაქო საზოგადოების ჩართვაა.

აპრილის შეიარაღებული დაპირისპირებიდან მალევე ორგანიზაციამ აზერბაიჯანის წარმომადგენლებთან სამშვიდობო პროექტები გააგრძელა.

“5 აპრილს დაგეგმილი გვქონდა შეხვედრა თბილისში, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღოთ უფლებდამცველებსა და სამშვიდობო აქტივისტებს საქართველოდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან. შეხვედრამდე მაინც ვფიქრობდით, ღირს თუ არა ამ შეხვედრის ჩატარება ყარაბაღის მოვლენების ფონზე”.

ედგარ ხაჩატრიანის თქმით, ის ადამიანები, ვინც აზერბაიჯანის მხრიდან არის ჩართული, სამშვიდობო პროექტებში არ არიან ბევრნი – “ ერი ჩემთვის ძალიან აბსტრაქტული ტერმინია. მე ვერ ვიტყვი, რომ ორ ერს შორის არის დიალოგი, ეს აბსურდი იქნებოდა. არსებობს დიალოგი ამ ერის წარმომადგენლებს შორის. სამწუხაროდ, ეს სულ რამდენიმე ათეული ადამიანია, რომლებიც ანაცვლებენ ერთმანეთს. აზერბაიჯანში არსებული სიტუაციის პირობებში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით  დღეს ბევრი მათგანი დაპატიმრებულია”.

იმ პირობებში, სადაც კონფლიქტის ორივე მხარის ხელისუფლება თუ საზოგადოება საკუთარი ქვეყნის ღალატში გადანაშაულებს, უფლებადამცველის თქმით, სამშვიდობო პროექტებზე მუშაობა მარტივი არ არის.

“ოპოზიციის წარმომადგენლებმაც, ბევრმა აქტივისტმაც, რომლებიც სამშვიდობო პროცესებში მონაწილეობდნენ, დაივიწყეს ხელისუფლების ადრინდელი განცხადებები  კორუფციაზე, ქვეყანაში ადამიანის უფლებების პრობლემებზე და დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ყველა უბედურების მიზეზი ქვეყანაში კონფლიქტი და აზერბაიჯანია”.

მისივე განმარტებით, სამშვიდობო მისიის ორგანიზაციებზე ზეწოლა აზერბაიჯანსა და სომხეთში ერთმანეთისგან განსხავდება:

“ამ დიალოგის გამო აზერბაიჯანსა და სომხეთში ზეწოლა სხვადასხვანაირია. აზერბაიჯანში არის პირდაპირი რეპრესიები ხელისუფლების მხრიდან, არა უშუალოდ დიალოგში მონაწილე ადამიანების, არამედ კონკრეტულად უფლებადამცველების მიმართ, რომლებიც ადამიანის უფლებათა საკითხებზე ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ. სომხებთან ურთიერთობა და დიალოგი მხოლოდ ფასადია, საბაბი. ჩვენთან პირდაპირი ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან არ ხდება. ჩვენთან საზოგადოება გაკრიტიკებს.

მარტივ მაგალითს მოვიყვან. აპრილის დღეებში აზერბაიჯანში არსებულ ვითარებაზე და ტენდენციებზე აზერბაიჯანელი კოლეგის პოსტი გავაზიარე ფეისბუკში. მაშინვე სახელმწიფო ღალატში დამადანაშაულეს. გავაზიარე იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო უფლებადამცველის მხრიდან. თუკი ეს სახელმწიფო ღალატად მიიჩნევა, ეს პირდაპირი ინდიკატორია იმისა, რომ ძალიან რთულია, აქ სამშვიდობო საქმიანობაში ჩაერთო”.

რა შეცვალა აპრილის რამდენიმედღიანმა სამხედრო დაპირისპირებამ

აპრილის მოვლენების შემდეგ სომხეთში რამდენიმე უფლებამდამცველმა უარი განაცხადა სამშვიდობო საქმიანობის გაგრძელებაზე.

“ყოველდღიურად მცირდება იმ ორგანიზაციების რიცხვი, რომლებიც სამშვიდობო საქმიანობას ეწევიან. ამ ადამიანებმა მთელი ცხოვრება სამშვიდობო საქმიანობას მიუძღვნეს და საზოგადოების გაძლიერებაზე ზრუნავდნენ. მათი ეს ნაბიჯი კი [უარის თქმა სამშვიდობო საქმიანობაზე] საფრთხის შემცველია – ეს ამ დიალოგის მოედნებს, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში შენდებოდა, გაანადგურებს. მე მჯერა სამშვიდობო პროცესებში დემოკრატიის როლის და ძალიან ცუდია, რომ ჩვენსავე აშენებულ მოედნებს ვანგრევთ”, – ამბობს ედგარ ხაჩატრიანი.

რა აჩვენა აპრილის მოვლენებმა – უფლებამდამცველის დაკვირვება

წლების განმავლობაში ხელისუფლება ხალხს ეუბნებოდა, რომ ჩვენი ბიუჯეტი შეიარაღებას ხმარდება, თავდაცვას. იმ დღეებში კი საპირისპირო სურათი დავინახეთ, თურმე არაფერი კეთდებოდა, აღმოგვაჩნდა 80-იანი წლების შეიარაღება, რომელიც სავარაუდოდ რუსეთში ჩამოწერეს. ეს იყო ინდიკატორი იმისა, რომ მრავალი წელი ჩვენი ხელისუფლება ითვისებდა ფინანსურ რესურსს და საზოგადოებას ატყუებდა, რომ თავდაცვას უზრუნველყოფდა.

გარდა ამისა, ამ დღეებმა საზოგადოებას აჩვენა, რუსეთს დომინირება და მნიშვნელოვანი როლის დაკავება სჭირდება რეგიონში. კუნთებით თამაში პუტინის სტილია. ასევე ნათლად დაანახა ხალხს, რომ რუსეთი არ არის სომხეთის სტრატეგიულ პარტნიორი. ის არის მინსკის ჯგუფის წევრი, რომელიც იარაღს ყიდის კონფლიქტის მხარეზე.

რაც შეეხება მსხვერპლს, ჩვენ ძირითადად თავდაცვის უწყების ოფიციალურ მონაცემებს ვეყრდნობით, თუმცა გვაქვს ჩვენი ინფორმაციაც, რომლის შესაბამისად, იმ დღეებში საბრძლო მოქმედებების გამო  12-13 ადამიანი აზერბაიჯანის მხრიდან არ დაღუპულა. ისინი გაურკვეველ ვითარებაში არიან დაღუპული. მაგალითად, მანქანაში იპოვეს ერთი გვამი. ჩვენი მედია კი გადმოსცემდა დაღუპულთა შესახებ იმ ინფორმაციას, რომელიც უშუალოდ უკავშირდებოდა საბრძლო მოქმედებებს.

ზოგადად, როდესაც მედიაზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ მეორე მხარეს რა ხდება, არ აინტერესებთ ჟურნალიტებს. არ ვიცი, რატომ ხდება ასე, შეიძლება იმიტომ, რომ საზოგადოების და ხელისუფლების მხრიდან ობიექტური ინფორმაციის გავრცელების დაკვეთა არ არსებობს. მედიამ საკუთარ თავზე საზოგადოების მობილიზების ფუნქცია აიღო, ინფორმირების ნაცვლად, ის ბრძოლის მობილიზებას ახდენდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი