ნეტგაზეთი | აფხაზეთის უძრავი ქონება, როგორც ბრძოლის საბაბი აფხაზეთის უძრავი ქონება, როგორც ბრძოლის საბაბი – Netgazeti
RU | GE  

აფხაზეთის უძრავი ქონება, როგორც ბრძოლის საბაბი

ერთი კვირის წინ სოხუმის სანაპიროზე მომხდარი აფეთქება მოულოდნელი იყო, თუმცა, რაღაც თვალსაზრისით, გარდაუვალი. აფეთქების წინასწარმეტყველება, რა თქმა უნდა, არავის შეეძლო, ორგანიზატორის გარდა [ვინც არ უნდა იყოს ის], მაგრამ უცხოელებზე უძრავი ქონების გაყიდვის მსურველთა და მოწინააღმდეგეთა შორის ურთიერთობების გარკვევის დასაწყებად რაღაც მაინც უნდა მომხდარიყო.

პარლამენტში გაყიდვისა და მორატორიუმის შესახებ ორი კანონპროექტის მშვიდობიანი თანაარსებობა მუდმივად ვერ გაგრძელდებოდა, ისევე როგორც ვერ დასრულდებოდა ჩვეულებრივი კენჭისყრით.

შეიძლება ითქვას, ამ საბედისწერო საკითხში ამჟამად გამარჯვება უძრავი ქონების უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვის მომხრეებმა მოიპოვეს – წინა ხუთშაბათს [21 აპრილი] მიღებული აფხაზეთის პარლამენტის დადგენილება თეორიულად იმის საშუალებას იძლევა, რომ უცხოელებზე უძრავი ქონების ბაზრის გახსნა რამდენიმე წლით გადაიდოს. მაგრამ ეს ტაქტიკური ხასიათის გამარჯვებაა და ნათელი არ არის, რამდენ ხანს შეძლებს აფხაზური ელიტა წინააღმდეგობის გაწევას იმ ძალებისთვის, რომლებიც აფხაზეთის უძრავი ქონების ბაზრის ლიბერალიზაციით არიან დაინტერსებული.

თავად შორს ვარ იმ აზრისგან, რომ აფხაზეთის სანაპიროზე ბინის შეძენაზე პირადად ვლადიმერ პუტინი ოცნებობს. მთლიანობაში, მისთვის ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხი არ არის. რასაც ვერ ვიტყვით კრასნოდარის მხარის ჩინოვნიკებსა და ბიზნესმენებზე, რომელთაც კარგი ლობისტური საშუალებები გააჩნიათ. ისეთი თემები, როგორებიცაა კონტროლი აიბგაზე ან უძრავი ქონების გაყიდვა რუსებზე, ზოგადად, ჩნდება რუსულ-აფხაზური ერთიერთობების დღის წესრიგში და ეჭვი არავის ეპარება, რომ ამ საკითხში რუსეთი აფხაზეთზე გარკვეულ პოლიტიკურ ზეწოლას ახდენს.

გასაგებია, რომ თავად აფხაზურ საზოგადოებაშიც უცხოელებზე უძრავი ქონების გაყიდვის მომხრეთა რაოდენობა არ არის მცირე. მე ამ საზოგადოებას ორ კატეგორიად დავყოფდი – პრაქტიკოსები და თეორეტიკოსები. პრაქტიკოსები ისინი არიან, ვისაც რაღაც [უძრავი ქონება] აქვს გასაყიდი, არ აქვს მნიშვნელობა, საკუთარი უძრავი ქონება თუ მითვისებული, ან სულაც  შეძლებული რუსი მყიდველისთვის საგანგებოდ აშენებული. პრაქტიკოსებს შორის სავსებით შესაძლებელია არსებობენ ისეთებიც, ვინც აფეთქებაზეც არის წამსვლელი.

თეორეტიკოსები – ეს პირობითი აფხაზი ლიბერალები არიან, რომლებიც უძრავი ქონების ჩრდილოვან ბაზარს ეწინააღმდეგებიან. ნებისმიერმა იცის, რომ სხვა პირებზე გაფორმების საშუალებით უძრავი ქონება აფხაზეთში მაინც იყიდება. გარდა ამისა, თეორეტიკოსები აფხაზეთის ეკონომიკაში ფულის ინვესტირების სხვა საშუალებას ვერ ხედავენ, განსაკუთრებით რუსეთში ეკონომიკური კრიზისის ფონზე.

უძრავი ქონების გაყიდვის მოწინააღმდეგეთა დაყოფაც შეიძლება. ეს პირობითად აფხაზი ნაციონალისტების ჯგუფია, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხს უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე ეკონომიკურ ზრდას. ეს ჯგუფი განსხვავებულ ადამიანებსა და ძალებს აერთიანებს – დაწყებული რიგით მოქალაქეებიდან, დამთავრებული იმ მოქალაქეებით, ვინც უძრავი ქონების შავ ბაზარს ლობირებს და ლეგალური ბაზარი სულაც არ სჭირდებათ.

აფხაზური პოლიტიკა, რა თქმა უნდა, უძრავი ქონების გარშემო მხოლოდ ამ დინებებს არ ასახავს. ეს საკითხი ასევე პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტია. ოპოზიციისთვის დღეს ძალიან იოლია მოქმედი ხელისუფლების უპრინციპულობაში დადანაშაულება [რასაც აკეთებს კიდეც] – რაულ ხაჯიმბა და მისი მოკავშირეები უცხოელებზე უძრავი ქონების გაყიდვას მრავალი წელი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ, დღეს კი, უკვე ჩინოვნიკების კაბინეტებიდან “მომხრეები” გახდნენ. ამასთან, ოპოზიციის ის ნაწილიც, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ხელისუფლებაში იყო, რა თქმა უნდა, ასევე ივიწყებს უძრავი ქონების ლიბერალიზაციის მხარდამჭერ საკუთარ განცხადებებს.

ცალკე გამოსაყოფია ახალგაზრდა და აგრესიული პარტია “აინარი”, რომელსაც უძრავი ქონების გაყიდვის საკითხში უკიდურესად წინააღმდეგობრივი პოზიცია უკავია. დეპუტატი ალმას ჯაპუა, რომელიც უძრავი ქონების გაყიდვაზე მორატორიუმის კანონპროექტის ავტორია და რომლის ავტომობილი წინა კვირას ააფეთქეს, სწორედ ამ პარტიიდანაა. ნათელია, რომ “აინარელებმა” გადაწყვიტეს, ეს საკითხი ელექტორატისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემად აქციონ. წარმატებული იქნება თუ არა ეს პრაქტიკა, საპარლამენტო არჩევნები აჩვენებს. ამჟამად ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს თემა ექსკლუზიურად “აინარელების” არ გახდეს – სწორედ ამან შეუწყო ხელი ავტომობილის აფეთქებას [რამაც გამოიწვია განხილვები, “ვის აწყობდა”]. ამიტომაც ჯაპუას კანონპროექტი პარლამენტში არ გასულა და ცალკე დადგენილება იყო მიღებული.

მეორე ფლანგზე “ერთიანი აფხაზეთია” დეპუტატ სერგეი შამბას ხელმძღავნელობით, რომელიც უცხოელებზე უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ კანონპროექტის ინიციატორი იყო, მაგრამ უკანასკნელი მოვლენების გამო იძულებული გახდა, ეს კანონპროექტი უკან გამოეტანა.

ამ “ელექტორალური ნიშისთვის” “ერთიან აფხაზეთთან” ბრძოლას არავინ აწარმოებს, რამაც შესაძლოა მომავალ არჩევნებზე სიურიპრიზებიც გამოიწვიოს. თუ, რა თქმა უნდა, არჩევნებამდე სიტუაცია არ გამწვავდა.

გარკვეულ შფოთვას იწვევს “აინარის” სურვილი, უძრავი ქონების საკითხზე “სახალხო ყრილობა” გაიმართოს. მოწოდებები პარლამენტთან მისვლაზე იმისთვის, რომ დეპუტატები აიძულონ, მორატორიუმის შესახებ კანონპროექტი მიიღონ, ამ დღეებში მუდმივად ისმოდა. ხალხი მოდიოდა, თუმცა არა იმ რაოდენობით, როგორც ეს “აინარის” წარმომადგენლებს სურდათ.

თუმცა უახლოეს მომავალში სხვა თემებიც არანაკლებ მნიშვნელობას შეიძენს. მაგალითად, 15 მაისს ახალ ათონში მეორე ეკლესიურ-საერო კრება გაიმართება. ბოლო დროს პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, რომელიც პირველი კრების მონაწილე იყო, სოხუმისა და ბიჭვინთის ეპარქიის ხელმძღვანელის, ბესარიონის მხარდაჭერის აშკარა დემონსტრირებას ახდენს. ახალი ათონის მონასტრისა და აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის გარშემო კონფლიქტმა შესაძლოა აფხაზური საზოგადოება იმაზე მეტად ააღელვოს, ვიდრე უძრავი ქონების გაყიდვის საკითხმა. ზოგიერთი პოლიტიკური ძალა კი ამით სარგებლობის საშუალებას ხელიდან არ გაუშვებს.

ბიოლი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დემის პოლანდოვი არის რადიო "თავისუფლების" პროექტ "ეხო კავკაზას" მთავარი რედაქტორი. ნეტგაზეთისთვის ის რეგულარულად წერს სტატიებს აფხაზეთზე