სამხრეთ კავკასიის ამბები

კონფლიქტის ზონაში მთიანი ყარაბაღის კიდევ ერთი ჯარისკაცი დაიღუპა

1 მაისი, 2016 • 1392
კონფლიქტის ზონაში მთიანი ყარაბაღის კიდევ ერთი ჯარისკაცი დაიღუპა

მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად სამხედრო პირი აშოტ ზოჰრაბიანი დაიღუპა. ინფორმაციას “კავკაზსკი უზელი” ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაღუპული სამხდრო პირი 1991 წელს დაიბადა და სასაზღვრო ზოლთან ახლოს აზერბაიჯანის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად დაიღუპა.

“აზერბაიჯანი მუდმივად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. 30 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის პოზიციები სხვადასხვა სახის იარაღით დაცხრილა – აცხადებს მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრო “კავკაზსკი უზელთან” საუბრისას.

მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ, 30 აპრილსაც გაავრცელა ინფორმაცია კონფლიქტის ზონაში აზერბაიჯანის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ორი სამხედრო პირის დაღუპვის შესახებ.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებები მას შემდეგ გააქტიურდა, როდესაც 2 აპრილის ღამეს კონფლიქტის ზონაში აზერბაიჯანის კუთვნილი სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს. მალევე ბაქომ განაცხადა, რომ კონტრშეტევითი ოპერაციის დროს აზერბაიჯანმა ყარაბაღის რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავა და პოზიციების გამაგრებას ცდილობს.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი