სამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი პაატა ზაქარეიშვილს პასუხობს

30 აპრილი, 2016 • 1597
სოხუმი პაატა ზაქარეიშვილს პასუხობს

ევროკავშირსა და საქართველოს საპარლამენტო ასოცირების  კომიტეტის სხდომაზე აფხაზეთთან დაკავშირებით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებას აფხაზთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება. კომიტეტის სხდომა ბრიუსელში 26 აპრილს გაიმართა.

აფხაზეთის საგარეო უწყების ცნობით, თავის გამოსვლაში ზაქარეიშილმა ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციაზე, გალში ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) აღდგენაზე და ჟენევის პროცესში ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე ისაუბრა:

“აღნიშნულთან დაკავშირებით გვსურს განვმარტოთ, რომ ქართული მხარის იმედი იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთის მოქალაქეები უცხოეთში უვიზოდ მოგზაურობის გამო მასობრივად მიიღებენ საქართველოს მოქალაქეობას, ილოზორულია. წინასწარ შეიძლება თქმა, რომ მორიგი მცდელობა, აცდუნონ აფხაზეთი საქართველოს მოქალაქეობით, სრული კრახისთვისაა განწირული” , – ნათქვამია გავრცელებულ განცხდებაში.

ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) აღდგენის საკითხთან მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით აფხაზეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეს შეთანხმება ჟენევის დისკუსიების ფარგლებში იქნა მიღწეული:

“ამ მნიშვნელოვან გარემოებას ზაქარეიშვილის გამოსვლაში ხაზი არ გაესვა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქართული მხარე ცდილობს თავის მოქალაქეებს დაუმალოს ის ფაქტი, რომ ჟენევაში პირდაპირი მოლაპარააკებები მიმდინარეობს აფხაზეთის ოფიციალურ პირებთან”,- ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირსა და საქართველოს საპარლამენტო ასოცირების  კომიტეტის სხდომასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმაც, რომლის თანახმადაც,  ზაქარეიშვილმა თავის გამოსვლაში სხვადასხვა საკითხებთან ერთად ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებაც ისაუბრა, სადაც იმ პერსპექტივებს გაუსვა ხაზი, რომელსაც ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაცია მოიტანს:

“გვაქვს იმედი და მოლოდინი, რომ ევროკავშირი საქართველოს დამსახურებულად მიანიჭებს ბიომეტრიული პასპორტებით უვიზო მიმოსვლის უფლებას უახლოეს მომავალში. ეს წარმატება კიდევ მეტად გაზრდის საქართველოს მიმართ მეტ ნდობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაში. მეტი ხელშესახები სარგებელი ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში იქნება მეტი წახალისება სამშვიდობო პროცესისათვისაც, როგორც ნიშანი იმისა, თუ როგორ მომავალს ვთავაზობთ მათ, კონკრეტულად რა ხელშესახები სარგებელს სთავაზობს მათ ევროპული პერსპექტივა- იქნება ეს უკეთესი განათლების, ჯანდაცვის, გადაადგილების, თუ სავაჭრო და ეკონომიკური განვითრების მიმართულებით. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას საქართველოს ხელისუფლება სთავაზობს ევროინტეგრაციის ყველა სარგებელს, ყველა იმ ვალდებულების, პირობის და უსაფრთხოების ნორმების დაცვით, რაზეც ქართულ მხარეს პასუხისმგებლობა აქვს აღებული“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი