სამხრეთ კავკასიის ამბები

შეუძლია თუ არა საქართველოს გახდეს შუამავალი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში

25 აპრილი, 2016 • 1409
შეუძლია თუ არა საქართველოს გახდეს შუამავალი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და პოლიტოლოგები აზერბაიჯანში თავიანთ აზრს გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს შეუძლია გახდეს შუამავალი რეგიონის ორ ქვეყანას შორის არსებული კონფლიქტის მოგვარებაში.

აზერბაიჯანს საქართველოსთან ბევრი რამ აკავშირებს. მე-20 საუკუნის დასაწყისში სწორედ თბილისში დაიწყო აზერბაიჯანული პრესის მარგალიტების დაბეჭდვა. 1918 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკამ თავისი დამოუკიდებლობის შესახებ სწორედ თბილისში განაცხადა. დღეს საქართველოში 300 ათასზე მეტი ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს და ორივე სახელმწიფოსა და ერს შორის ყოველთვის მეგობრული ურთიერთობები არსებობდა. სწორედ ამის გამოა, რომ 80-იანი წლების ბოლოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღში დაწყებული კონფლიქტის გადაჭრასთან დაკავშირებით აზერბაიჯანში პერიოდულად საქართველოს იხსენებენ.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველო ორი დაპირისპირებული ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების შეხვედრის ადგილია. შესაბამისად,  წლებია, რაც აზერბაიჯანელები და სომხები საქართველოში მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით საუბრობენ.

პოლიტიკური ანალიტიკოსი აზერ რაშიდოღლუ ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ამ საკითხში საქართველოსა და გერმანიის ჩართულობა საშუალებას მისცემდა მოლაპარაკებათა პროცესს, როგორც მინიმუმ, ადგილიდან დაიძრას.

“მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებათა პროცესი ჩიხში შევიდა, საზოგადოების წარმომადგენლები, პოლიტოლოგები და პოლიტიკოსები კონფლიქტის მოსაგვარებლად შუამავლების ჩართვის წინადადებით გამოვიდნენ. ამ შუამავლებად ძირითადად განიხილებოდნენ გერმანია, საქართველო და თურქეთი”, – ამბობს ის.

მისი თქმით, აზერბაიჯანის მხარე ყოველთვის იყო ამის მომხრე, თუმცა რუსეთს, რომელსაც ამ კონფლიქტში გადამწყვეტი როლი ენიჭება, არ სურს მოლაპარაკებათა პროცესში იხილოს საქართველო, რომელიც რეგიონში NATO-ს ძირითადი პარტნიორია.

“მთავარია, რას ფიქრობენ ამის შესახებ აშშ და რუსეთი. 1992 წელს ირანს სურდა, რომ ყარაბაღის კონფლიქტში შუამავლი ყოფილიყო. მაშინ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იაგუბ მამედოვი ვიზიტით თეირანში იმყოფებოდა და მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ამ დროს ოკუპირებული იყო შუშა. თუმცა სუპერძალებმა ხელი შეუშალეს უცხო მოთამაშის [ირანის] მოლაპარაკებებში ჩართვას. ამ კონტექსტის გათვალისწინებით მოლაპარაკებათა პროცესში საქართველოსა და სხვა სახელმწიფოების მონაწილეობა ოფიციალურ დონეზე შეგვიძლია მხოლოდ თეორიულად განვიხილოთ, პრაქტიკული თვალსაზრისით კი ეს შეუძლებელად მეჩვენება”, – აცხადებს აზერ რაშიდოღლუ.

ამასთან, რაშიდოღლუ ხაზგასმით მიუთითებს სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობაზე. მისი განმარტებით, სახელმწიფოს ნებართვის გარეშე პერიოდულად იმართებოდა სამოქალაქო წარმომადგენელთა შეხვედრები, რაც საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა კონფლიქტის მოგვარების საკითხში, თუმცა საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ სახალხო დილომატია შეწყდა – 2016 წლის 2 აპრილის ღამეს მთიანი ყარაბაღის ფრონტისპირა რაიონებში საბრძოლო მოქმედებები განახლდა, თუმცა 5 აპრილს მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.

“დღეს კონფლიქტის მხარეები რეალურად აზერბაიჯანი და სომხეთი არ არიან. კონფლიქტის მხარე რუსეთია. ის კონფლიქტის დარეგულირებას ხელს უშლის, რათა სამხრეთ კავკასიაში საკუთარი პოზიცია შეინარჩუნოს. კონფლიქტის მოსაგვარებლად რუსეთს თავისი პირობები აქვს წამოყენებული. ეს არის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა და ევრაზიულ კავშირში აზერბაიჯანის გაწევრიანება, ასევე, რუსი სამშვიდოების ყოფნა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. აზერბაიჯანი ამ შემოთავაზებების წინააღმდეგია”.

თბილისში მოქმედი ალტერნატიული საგანმანათლებლო ცენტრის “მოაზროვნე მოქალაქე” თანადამფუძნებელი, რუსლან ასადი სომხეთის მოქალაქეებთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, მაშინ, როდესაც მომავალში სომხებთან თანაარსებობაზეა საუბარი და მათთვის ავტონომიის ყველაზე მაღალი სტატუსის შეთავაზებაზე, სომხებთან ურთიერთობა არა მხოლოდ ნორმალურად უნდა აღიქმებოდეს, არამედ აუცილებელი და საჭიროცაა.

“ჩვენ მათ სამშობლოს გაყოფას ვთავაზობთ. სამშობლოში კი ერთი ეთნიკური ერი მეორისგან იზოლირებულად არ უნდა ცხოვრობდეს. საერთო პრობლემებზე საუბარს კი შეუძლია როგორც დააშოროს, ასევე გააერთიანოს ერები. ამიტომაც მნიშვნელოვანია მსგავსი ფორმატების სწორად განსაზღვრა”, – ამბობს რუსლან ასადი.

ასადი  მოლაპარაკებებში საქართველოს ოფიციალურ დონეზე ჩართვაზეც საუბრობს. მისი თქმით, ამჟამად ეს შეუძლებელია:

“დღეს საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აკისრია- ადამიანის უფლებების დაცვა, უფრო თავისუფალ და პროგრესულ ქვეყნად ქცევა. ამას დიდი გავლენა აქვს მთელ რეგიონზე და დროთა განმავლობაში ეს უფრო საგრძნობი გახდება. მე მჯერა, რომ კავკასიაში თავისუფალ საქართველოს აქვს პოზიტიური გავლენა კონფლიქტების გადაჭრის კუთხით და ეს გავლენა მომავალში სულ უფრო გაიზრდება”.

ჟურნალისტი და პოლიტიკური ანალიტიკოსი რაუფ მირკადიროვი სკეპტიკურად აფასებს მცირე ქვეყნების შუამავლობის ეფექტურობას.

მირკადიროვი ამბობს, რომ კონფლიქტის მოგვარება არც აზერბაიჯანზეა დამოკიდებული და არც სომხეთზე.
თუმცა, მისივე თქმით, საქართველომ ამ კონფლიქტით დივიდენდები მიიღო.

“ისეთი ენერგომატარებლები, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსი, კასპიის აუზის გავლით საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის.  ათეული წლებია, საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში მართავდნენ აზერბაიჯანელი და სომეხი ექსპერტების, სამოქალაქო საზოგადოების შეხვედრებს. საქართველოშია განთავსებული რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების ოფისებიც, რაც ამ ქვეყნის იმიჯზე აისახება”.

აზერბაიჯანელი დეპუტატი მუსტაფა ფაზილი ასევე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს შეუძლია დამხმარე როლი შეასრულოს ყარაბაღის კონფლიქტში, თუმცა მას არ აქვს შესაძლებლობა, აქტიური მოთამაშე გახდეს.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი