სამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები დროებით შეწყდა – მხარეები ცხედრების გადასვენებას იწყებენ

8 აპრილი, 2016 •
ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები დროებით შეწყდა – მხარეები ცხედრების გადასვენებას იწყებენ

დღეს, 8 აპრილს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები შეწყდა. მხარეებმა აღნიშნული გადაწყვეტილება ცხედრების გამოყვანის მიზეზით ახსნეს.

ბაქოს ცნობით, ორივე მხრიდან დაღუპულთა ცხედრების გამოტანის პროცესი ეუთოსა და წითელი ჯვრის შუამავლობით განხორციელდება.

ყარაბაღის პრეზიდენტი, ბაკო სააკიანი ამბობს, რომ თავად ყარაბაღის მხარე საბრძოლო მოქმედებებს არ აგრძელებს, და თუ აზერბაიჯანი არ დაარღვევს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, ყარაბაღიც გადადგამს შესაბამის ნაბიჯს. მოვლენების განვითარება კი საერთაშორისო ორგანიზაციებზე არის დამოკიდებული.

“ბაქოში ბევრს არ გაუხარდა ამბავი იმის შესახებ, რომ ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები შეწყდა”, – წერს BBC-ისთვის დაწერილ დღევანდელ სტატიაში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი.

“სოციალურ ქსელებშიც კითხულობდნენ მოქალაქეები, როგორ, მორჩა? საკმარისი იყო, აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებას გაევრცელებინა განცხადება, რომ მოწინააღმდეგე შეავიწროვა და რამდენიმე სიმაღლე ჩაიგდო ხელთ, აზერბაიჯანის საზოგადოებამ გამარჯვების პერსპექტივა და აზერბაიჯანის არმიის სიძლიერე დაიჯერა. ბაქოში 6 აპრილს პოლიციის სრული ნებართვით დემონტრაციებიც გაიმართა სახელწოდებით “ყარაბაღი ჩვენია”, რა დროსაც ახალგაზრდების ნაკადმა დროშებითა და პლაკატებით ქალაქში გაისერინა”, – წერია სტატიაში.

მთიანი ყარაბაღის საკითხზე დღეს, 8 აპრილს, ბაქოში ოფიციალური ვიზიტით რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი, ვიცე-პრემიერი დმიტრი როგოზინი და სხვა ოფიციალური პირები ჩავიდნენ. მედვედევს შეხვედრები აქვს დაგეგმილი პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და პრემიერ-მინისტრ არტურ რასიზადესთან.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებები მას შემდეგ გააქტიურდა, როდესაც 2 აპრილის ღამეს კონფლიქტის ზონაში აზერბაიჯანის კუთვნილი სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს. მალევე ბაქომ განაცხადა, რომ კონტშრეტევითი ოპერაციის დროს, აზერბაიჯანმა ყარაბაღის რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავა და პოზიციების გამაგრებას ცდილობს.

გაეროს მონაცემებით, მთიან-ყარაბაღში 2 და 3 აპრილს სულ მცირე 33 ადამიანი დაიღუპა და 200 დაზარალდა.

ორგანიზაციის მონაცემებითვე, საომარი მოქმედებები მთიანი ყარაბაღის დასახლებულ პუნქტებში – აგდენრში, მარტუნსა და გადრუთში მიმდინარეობდა, სადაც გაეროს განცხადებითვე 14,4 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი