სამხრეთ კავკასიის ამბები

მთიანი ყარაბაღი: ჩამოგდებულია აზერბაიჯანის ვერტმფრენი

2 აპრილი, 2016 • 1672
მთიანი ყარაბაღი: ჩამოგდებულია აზერბაიჯანის ვერტმფრენი

სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივნის, არცრუნ ოვანისიანის განცხადებით, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

სომხური მხარის ცნობით, აზერბაიჯანი არტილერიის, ჯავშანტექნიკისა და ავიაციის გამოყენებით თავდასხმით მოქმედებებზე გადავიდა.

მთიანი ყარაბაღის ცნობით, კონფლიქტის ზონაში ჩამოგდებულია აზერბაიჯანის ვერტმფრენი.

აზერბაიჯანის მხარე გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ირწმუნება, რომ მისი ვერტმფრენები ადგილზეა და ინფორმაცია არ შეესებამება სიმართლეს. თუმცა აქვე ნათქვამია, რომ 2 აპრილის ღამეს კონფლიქტის ზონაში მოწინააღმდეგის მიერ გახსნილი ცეცხლის გამო აზერბაიჯანულმა მხარემ შესაბამისი საპასუხო ზომები მიიღო.

ბაქოს ცნობით, დამატებით ინფორმაციას დღის განმავლობაში გაავრცელებს.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი